ბრძანება N 20041
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20041
10 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: ------------------------------)
2026 წლის პირველი და 11 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 და 20 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №72 და №75) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) 2026 წლის პირველი აგვისტოს №103818/1/2026 და 11 აგვისტოს №103981/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №052-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული: რომელი კონკრეტული „მსგავსი სუბიექტის“ მონაცემები იქნა გამოყენებული; რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს სუბიექტი შედარებადად (საქმიანობის სფერო, იმპორტის წარმოშობის ქვეყანა, ბრუნვის მასშტაბი, საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვ.); რა კონკრეტული ფასნამატის პროცენტული განაკვეთი იქნა გამოყენებული და რა წყაროდან/რომელი წინა შემოწმების აქტიდან იქნა აღებული ეს მაჩვენებელი; რატომ იქნა მიჩნეული, რომ ერთი შედარებადი სუბიექტის ფასნამატი წარმოადგენს საკმარის და სანდო საფუძველს ორივე - სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების - გადასახადის (დღგ და საშემოსავლო გადასახადი) ბაზის დასადგენად.
2. ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებას. ასევე, გადამხდელი ითხოვს განკარგვადი ფულადი სახსრების და გონივრული ნაშთის ბაზის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი (და არა მხოლოდ დეკლარირებული ნაწილი), რომელსაც გამოაკლდება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (მ.შ. იჯარა, მივლინების ხარჯი, კომუნალურები). მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი აღებულია დღგ-ის ჩთვლით 724 819 ლარის ოდენობით, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში წარმოდგენილი გაანგარიშებიდან არ ირკვევა, როგორ არის მიღებული ეს კონკრეტული ოდენობა. ამდენად, ითხოვს დაზუსტდეს 724 819 ლარის წარმოშობის წყარო. ასევე, აცხადებს, რომ გამოსაკლებ ხარჯებში შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხა გამოკლებულია დღგ-ის გარეშე, 521 511 ლარის ოდენობით, მაშინ როცა ფაქტობრივად გადახდილი მოიცავს ამ თანხაზე დარიცხულ დღგ-საც.შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს ხარჯებს დაემატოს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (95 442 ლარი).
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას. მიუთითებს, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 17 აპრილი, უნდა მიეცეს უფლება მიიღოს დღგ-ის ჩათვლა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის საწყობში დარჩენილ საქონლის ნაშთზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის სრულად ჩათვლას. აცხადებს, რომ 18 843 ლარის დღგ არ არის გათვალისწინებული ჩათვლებში.
4. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10378 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 7 ივლისის №15297 ბრძანება და ამავე თარიღის №052–18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 302 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 530 ლარი, ჯარიმა 26 219 ლარი და საურავი 7 553 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
. შპს „----ი“ დაფუძნებულია 2023 წლის 12 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად კი დარეგისტრირებულია 2024 წლის 12 ივლისს. საწარმოს საქმიანობაა შერეული საკვები პროდუქტის იმპორტი და რეალიზაცია. საქონლის იმპორტი ხორციელდება ------დან. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (ORIS). რეგისტრირებული ჰქონდა სალაროაპარატი. 2025 წლის ნოემბრიდან იქირავა სასაწყობე ფართი თბილისში, ----ის ქუჩაზე, ---ის ტერიტორიაზე. კომპანია საქონელს ყიდდა სალარო-აპარატის ჩეკების საფუძველზე. გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნდა. შემოწმების პროცესში გადასახადი გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 366 929 ლარს, ხოლო საკონტროლო-სალაროს აპარატზე ამორტყმული ჩეკები - 530 592 ლარს. იმპორტით შემოტანილი საქონლის ღირებულება იყო 521 511 ლარი. ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 116 105 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული იყო 11 360 ლარი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. გადამხდელმა საქმიანობა დაიწყო 2023 წლის ივლისიდან, გავრცელებულმა აუდირებულმა ფასნამატმა გაზარდა რეალიზაცია. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ახალი თარიღი 2024 წლის 17 აპრილი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა 2024 წლის აპრილიდან შემოტანის, ხოლო 2024 წლის ივლისიდან დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საწარმოს უფიქსირდებოდა ხელფასების გაცემა, ჯამში შესამოწმებელ პერიოდში 4 808 ლარი. ასევე, გადახდილი იყო საპენსიო სააგენტოს თანხა 120 ლარი. ვინაიდან რეალიზაცია ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში არ ფიქსირდებოდა ხელფასის დანიშნულებით თანხის გასავალი. შემოწმებამ გაითვალისწინა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, ასევე საბანკო ამონაწერში არსებული ყველა ხარჯი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშდა საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აცხადებს, რომ შტრიხკოდის წამკითხველის არარსებობა არ წარმოადგენდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს, ვინაიდან კომპანია ახორციელებს დაახლოებით ათამდე დასახელების საქონლის იმპორტსა და რეალიზაციას, საბითუმო წესით, ყუთებითა და შეკვრით (ე.ი. სტანდარტული, ერთგვაროვანი შეფუთვის ერთეულებით), რომელთა რაოდენობისა და ღირებულების ზუსტი აღრიცხვა შტრიხკოდის წამკითხველის გარეშეც სავსებით შესაძლებელია მარტივი ხელით ან პროგრამული აღრიცხვის გზით - რაც, გადამხდელის შემთხვევაში, ფაქტობრივადაც განხორციელებულია. კერძოდ, ყველა შესყიდვა და რეალიზაცია ზუსტი რაოდენობითა და თანხობრივი მაჩვენებლით ასახულია ORIS ბუღალტრული პროგრამის მონაცემებში.
ასევე, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში არ არის გათვალისწინებული იჯარის ხარჯი სრულად (გათვალისწინებულია მხოლოდ 5 თვის ხარჯი), ასევე, არ არის გათვალისწინებული კომუნალურები და მივლინების ხარჯები.
საქმის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ წარმოადგინოს ბუღალტრული პროგრამა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს შემოწმების პროცესში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს და ასევე, გათვალისწინებულია საჩივრებში აღნიშნულ საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხებიც.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ გააჩნია და დავის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
2.ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებას. ასევე, გადამხდელი განკარგვადი ფულადი სახსრების და გონივრული ნაშთის ბაზის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი , რომელსაც გამოაკლდება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
3.ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
4.ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10378 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15297 ბრძანება და №052–18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 302 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 530 ლარი, ჯარიმა 26 219 ლარი და საურავი 7 553 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. გადამხდელმა საქმიანობა დაიწყო 2023 წლის ივლისიდან, გავრცელებულმა აუდირებულმა ფასნამატმა გაზარდა რეალიზაცია. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ახალი თარიღი 2024 წლის 17 აპრილი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა 2024 წლის აპრილიდან შემოტანის, ხოლო 2024 წლის ივლისიდან დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საწარმოს უფიქსირდებოდა ხელფასების გაცემა, ჯამში შესამოწმებელ პერიოდში 4 808 ლარი. ასევე, გადახდილი იყო საპენსიო სააგენტოს თანხა 120 ლარი. ვინაიდან რეალიზაცია ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში არ ფიქსირდებოდა ხელფასის დანიშნულებით თანხის გასავალი. შემოწმებამ გაითვალისწინა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, ასევე საბანკო ამონაწერში არსებული ყველა ხარჯი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშდა საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია,რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 165(1.2); 174(1); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1); 269(7); 282(1);