ბრძანება N 1874

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2024
№ დოკუმენტი 1874
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1874

02 თებერვალი 2024

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: „------“)

2024 წლის 11 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ "------") №86683/1/2024 და №86685/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №006-587 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შემოსავლის ოდენობას. აცხადებს, რომ საბანკო ამონაწერებით შემოსული თანხა შეადგენს 168 418 ლარს, ნაცვლად შემოწმებით დაანგარიშებული 169 433 ლარისა, ასევე საცურაო საშუალებაზე საშვის გამოყოფასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 8 475 ლარი, ხოლო ჯამში კომპანიის მიერ მიღებული თანხა შეადგენს 180 633 ლარს. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.

2. არ ეთანხმება ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის სრულად გათვალისწინებული ხარჯები. მიუთითებს, რომ იჯარის ხარჯი შეადგენს 8 200 ლარს, ხელფასები - 5 240 ლარს, დოკუმენტური ხარჯი - 45 688 ლარს. აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა წარმოადგენს 121 504 ლარს. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

3. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5433 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 17 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 ნოემბრის №29132 ბრძანება და ამავე თარიღის №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 77 612 ლარი, მათ შორის, გადასახადი 42 467 ლარი, ჯარიმა 18 500 ლარი, საურავი 16 645 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1.საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. პირი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ძირითადად 2020 და 2021 წლების ზაფხულის სეზონებზე "-----"-ის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული ფ/პ "------"-სგან. ტერიტორიაზე განთავსებული არის იახტკლუბი, ნავები, აუზები, ბარები, ე.წ. შეზლონგები. მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურით. ამასთან, საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რომლის თანახმად, საწარმო უზრუნველყოფს ერთ საცურაო საშუალებაზე რამდენიმე საშვის გამოყოფას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მცურავ საშუალებასთან შეუფერხებლად მისვლა. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს სეზონზე 1000 ლარს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების, მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის ივნისიდან გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება) შესწავლით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 და 2021 წლების პერიოდში მიიღო 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ხელფასები, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი პროდუქტი, გადასახადები). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის N5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრული იქნა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2020 და 2021 წლების ზაფხულის სეზონებზე "------"-ის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია იახტკლუბი, ნავები, აუზები, ბარები, ე.წ. შეზლონგები. მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურით. ამასთან, საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რომლის თანახმად, საწარმო უზრუნველყოფს ერთ საცურაო საშუალებაზე რამდენიმე საშვის გამოყოფას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მცურავ საშუალებასთან შეუფერხებლად მისვლა. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს სეზონზე 1000 ლარს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების მონაცემების, მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, 2021 წლის ივნისიდან, გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტთან, ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. ხოლო, 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდი) მიღებულ დასადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და შეძენილ საქონელთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, საწარმოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლოს მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის, ხელფასის ხარჯის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2020-2021 წლების ზაფხულის სეზონის პერიოდში მიღებული აქვს 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაცია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლის ოდენობას.ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

3. მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. პირი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ძირითადად 2020 და 2021 წლების ზაფხულის სეზონებზე ზღვის კლუბის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული ფ/პ-სგან.საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე.აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს სეზონზე 1000 ლარს.გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის ივნისიდან გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 და 2021 წლების პერიოდში მიიღო 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი.საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია.ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს,დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

101,105,159,163,165,174,175,176,180.