ბრძანება N 591
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 591
21 იანვარი 2026
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2025 წლის პირველი სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 დეკემბრის №26258/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის პირველი სექტემბრის №97773/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №085-23 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწვავის ხარჯის/ღირებულების გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის. განმარტავს, რომ არ ახორციელებდა შეძენილი საწვავის გამოქვითვას და არც შემოწმებისას იქნა გათვალისწინებული საწვავის ხარჯები. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები და ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დადასტურებული ურთიერთშედარების აქტები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდა შემსრულებელს. ასევე გადამხდელი განმარტავს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება აუდიტორის ზეპირი განმარტება, რომ თითქოს მძღოლებმა უარყვეს ნოტარიული წესით დადასტურებულ დოკუმენტში მითითებული გარემოება, ნოტარიული წერილები იყო შემმოწმებლის მოთხოვნა და მასში ასახული ტექსტობრივი შინაარსის არ გათვალისწინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8707 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17897 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 154 997 ლარი, მათ შორის, გადასახადი 672 038 ლარი, ჯარიმა 335 881 ლარი და საურავი 147 078 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის პირველ სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №24144 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 22 დეკემბრის №26258/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 ოქტომბრის №24144 ბრძანება და მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 დეკემბრის №26258/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. თავის მხრივ სატრანსპორტო მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმედ რეგისტრიებული ფიზიკური პირები) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას,შპს „------“-ს (ს/ნ „-------“) არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია ბანკის ცნობები, ამონაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, ჯამში 1 728 651 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს აღნიშნული შემოსავლები. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „-------“-ს (ს/ნ „-------“) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ დარიცხულია 506 811 ლარზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10631 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბრის თვეში დღგ დარიცხულია 52 513 ლარზე, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ნაწილში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შპს „-------“-ს (ს/ნ „-------“) არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია ბანკის ცნობები, ამონაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 1 მაისის №8302 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების პროცესში დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად მოხდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 1 494 904 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 101-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელს გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, ჯამში 89 768 ლარი, გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა ჯამში 112 212 ლარით და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 16 იანვარს 15:15 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, გადამხდელი ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც საწვავის თანხის ნაღდი ანგარიშსწორება დასტურდება რაიმე დოკუმენტით. შემოწმების პროცესში განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვა მძღოლებისაგან, რომლებიც აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში ჩარიცხვის გზით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან. ხელზე არ ხდებოდა თანხის ან საწვავის მიღება. გარდა ამისა, შემოწმების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან, რომლებიც ასევე ზეპირსიტყვიერად განმარტავენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა რამდენიმე ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები ხელს აწერენ იმ შინაარსს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა საბანკო გადარიცხვით და ამის გარდა საწვავის თანხის მიღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ პირებთან გადამოწმების შემდეგ, სატელეფონო საუბარში ისინი განმარტევენ, რომ მხოლოდ ბანკით იღებდნენ თანხებს და შეკითხვაზე თუ ნოტარიულად რა შინაარსის ახსნა-განმარტებას მოაწერეს ხელი, მათი პასუხიდან ჩანს, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თუ რას მოიცავდა ის შინაარსი და რას ნიშნავდა რაზეც დაეთანხმნენ მომჩივანის დამფუძნებელს ამ ახსნა-განმარტებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწების შედეგად სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას საწვავზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, გაუგებარია გადამხდელის მოთხოვნა დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობს საწვავზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი (სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი).
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ანაზღარურებული აქვს ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი ინდივიდუალურ მეწარმეებად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი ითხოვს საწვავის ხარჯის/ღირებულების გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის.
2.გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევასატრანსპორტო მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას,გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები,რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს აღნიშნული შემოსავლები.სსკ-ის 159-ე მუხლის გათვალისწინებით,გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.შემოწმების პროცესში დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია,ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები.ასევე,მოხდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე, 101-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2.გადამხდელს გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს შეღავათების გამოყენების საფუძველი.სსკ-ის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა და დაიბეგრა სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,174,175,154.