გადაწყვეტილება №18083/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18083/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------- (პ/ნ -----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ს 25.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18083/2/2022).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16916 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16918 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL7777/497 საგადასახადო მოთხოვნა;
4. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL7777/498 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24494 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 14 372,85 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 6 016,035
აქციზის გადასახადი - 5 768,1
იმპორტის გადასახადი - 247,935
ჯარიმა -2 000 ჯარიმა - 6 016,035
საურავი - 340,78
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 12 და 22 იანვარს, მომჩივანმა, როგორც ------------------- (პასპორტის №----------) წარმომადგენელმა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით (№-------------; №-------------) განახორციელა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ---------------; ს/ნ ს/ნ ---------------) დეკლარირება რეექსპორტში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2022 წლის 25 თებერვალი და 7 მარტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ვადაში არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
მომჩივანს, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16916 და №ELC16918 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №7777/497 და №7777/498 საგადასახადო მოთხოვნებით, უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2022 წლის №24494 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივანმა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოაცხადა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამკვეთმა უარი თქვა შეკვეთილი სატრანსპორტო საშუალებების წაყვანაზე, ვერ შეძლო მისი გადაყვანა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მისი ნების საწინაღმდეგოდ დამკვეთის მიერ სატრანსპორტო საშუალების არ მიღების გამო დაარღვია საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები და კანონის შესაბამისად იქნა გაწერილი №EL16917 და №EL16919 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სანქცია კანონიერად შეეფარდა ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოა და უკანონოა 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის №ELC16916 და №ELC16918 ოქმები და მის საფუძველზე იმავე დღეს გამოცემული №EL7777/497 და №EL7777/498 საგადასახდო მოთხოვნებით, რომლითაც დაეკისრა შესაბამისი გადასახდელები და საურავი, აღნიშნული უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ-მე-4 და მე-11 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე, 172-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი უკანონოდ არც განუკარგავს, არც დაუკარგავს, არც გაუნადგურებია, სატრანსპორტო საშუალებები ამჟამად ჰყავს სახლში სრულ წესრიგში და სრულიად გაუგებარია, რატომ შეუფარდეს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 სექტემბრის №24494 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის უსაფუძვლო, რადგან როგორც უკვე აღნიშნა სატრანსპორტო საშუალებები - საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი უკანონოდ არც განუკარგავს, არც დაუკარგავს, არც გაუნადგურებია, ამჟამად ჰყავს სახლში სრულად წესრიგში.
ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16916 და №ELC16918 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 EL7777/497 და №EL7777/498 საგადასახდო მოთხოვნების და შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24494 ბრძანების გაუქმებას
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკისრებული გადასახადებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით;
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე;
5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად,რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.
მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი უკანონოდ არც განუკარგავს, არც დაუკარგავს, არც გაუნადგურებია, ამჟამად ჰყავს სახლში სრულად წესრიგში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონოდ მიაჩნია 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის №ELC16916 და №ELC16918 ოქმების და იმავე დღეს გამოცემული №EL7777/497 და №EL7777/498 საგადასახდო მოთხოვნების საფუძველზე დაჯარიმება.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სადავო სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.