ბრძანება N 15279

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2026
№ დოკუმენტი 15279
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15279

07 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.:--------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2026 წლის 17 და 30 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის და 2 ივლისის სხდომებზე (ოქმი №56 და №58) განიხილა ი/მ ------------ის (ს/ნ -----------------) 2026 წლის 17 ივნისის №102937/1/2026, №102938/1/2026 და 30 ივნისის №103169/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №076-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მეწარმე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით აწარმოებდა ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალს, რომელიც გადაგზავნილი აქვს შემოწმებისთვის და ასევე, თანდართული აქვს საჩივრებზე. განმარტავს, რომ საქონლის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის აქტების, სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ასევე, ყოველი თვის ბოლოს დადგენილია სმფ-ების ნაშთები, ხოლო მოგების საშუალო ინტერესი დანახარჯებზე შეადგენს 60-65%-ს. აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატით, ტერმინალებითა და საბანკო გადარიცხვებით. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მითითება თითქოს გადამხდელს არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია არასწორია. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლზე და განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლის განსაზღვრისას გამოიყენება და არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლის განსაზღვრისას. ასევე, აცხადებს, რომ აუდიტორის არგუმენტაცია თითქოს მთლიანი შეძენები 1 200 000 ლარს შეადგენდა, არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნავს, რომ 2023 წელს ბრუნვა შეადგენდა 381 933 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 2025 წელს 269 602 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, განმარტავს, რომ თანამშრომლების ხელფასის დიდ ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „ჩაის ფულის“ სახით მიღებული შემოსავალი, რომელსაც მომხმარებლები უშუალოდ მომსახურე პერსონალს უტოვებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის №212 და 21 აპრილის №8725 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 მაისის №11316 ბრძანება და ამავე თარიღის №076-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 781 165 ლარი, მათ შორის, გადასახადი 444 450 ლარი, ჯარიმა 213 456 ლარი, საურავი 123 259 ლარი. ასევე, გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა ჯამში 64 025 ლარია (გადასახდელის გადახდის სავადო 15.07.2026, 15.09.2026, 15.12.2026).

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება სოფელ -----ში. მეწარმე არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას, ასევე, არ არის წარმოდგენილი კერძების წარმოების კალკულაციის დოკუმენტები და სხვა აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მეწარმეს ორჯერ შეეფარდა სანქცია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის აღრიცხვის ჟურნალის არქონის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, ერთ ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით (15.2 ლარით). აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულმა მეწარმის შემოსავალმა 2023-2024 წლებში შეადგინა 1 066 255 ლარი და 903 942 ლარი. შესაბამისად, 2023-2024 წლებში გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა ორი კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე დადგენილმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 2 826 955 ლარი (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, 2025 წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა 381 228 ლარი დაექვემდებარა შემცირებას. (ასევე, აღსანიშნავია, რომ გადამხდელს 2025 წლის 18 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით გაუქმებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2026 წლის პირველი იანვრიდან). გარდა ზემოაღნიშნულისა, მეწარმის მიერ სარესტორნო საქმიანობით 2025 წელს მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 856 787 ლარი, ხოლო ამ პერიოდისათვის გათვალისწინებული ერთობლივი გამოსაქვითი თანხა შეადგენს 429 950 ლარს. გადამხდელს 2025 წლის პირველი იანვრიდან გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც აისახა 2025 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:

1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმე არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას, ასევე, არ არის წარდგენილი კერძების წარმოების კალკულაციის დოკუმენტები და სხვა აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მეწარმეს ორჯერ შეეფარდა სანქცია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის აღრიცხვის ჟურნალის არქონის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, ერთ ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელი წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს. მეწარმის შემოსავალმა 2023-2024 წლებში შეადგინა 1 066 255 ლარი და 903 942 ლარი. შესაბამისად, 2023-2024 წლებზე გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე დადგენილი ჯამური შემოსავალი შეადგენს 2 826 955 ლარს (დღგ-ის გარეშე). შედეგად, გაუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, რადგან მეწარმის ერთობლივმა შემოსავალმა ორი კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, 2025 წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა 381 228 ლარი დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, მეწარმის სარესტორნო საქმიანობით 2025 წლის ჯამურმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 856 787 ლარი, ხოლო ამ პერიოდისათვის გათვალისწინებული ერთობლივი გამოსაქვითი თანხა შეადგენს 429 950 ლარს. შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც აისახა 2025 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ხარჯები მეტია შემოსავალზე, ასევე, მეწარმე დაჯარიმებულია ორჯერ დაქირავებულ პირთა რეესტრში მონაცემების არასწორად ასახვის გამო (აღნიშნულ პიროვნებებზე ხელფასის გაცემა შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება. გარდა ამისა, გადამხდელს უფიქსირდება ყოველთვიურად ხელფასის გაცემა 1 445 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები), ხოლო აღნიშნულ ობიექტს დაქირავებული ჰყავს დაახლოებით 20 ფიზიკური პირი). ამასთან, მეწარმეს ორჯერ შეეფარდა სანქცია მცირე მეწარმის ჟურნალის არ არსებობის გამო. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა კალკულაციის დოკუმენტს, ასევე შეუძლებელია მიღებული თანხის იდენტიფიცირება და მეწარმის მიერ გაწეული სარესტორნო მომსახურების თვითღირებულებისა და ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ მენიუში არის კონტრეტული კერძები, რომლებზეც სასაქონლო ზედნადები/შესყიდვის აქტი არ ფიქსირდება. ამასთან, გადამხდელს საჩივრებზე თანდართულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის აღრიცხვის ჟურნალში სრულად არ აქვს ასახული ხარჯები.

ასევე, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, თანამშრომლების მიერ ე.წ. „ჩაის ფულის“ სახით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აღნიშნული სახით მიღებულ შემოსავალს კავშირი არ აქვს თანამშრომლების მიერ უშუალოდ ხელფასის სახით მიღებულ და დასადეკლარირებელ შემოსავალთან. ამასთან, გადამხდელი აცხადებს, რომ მთლიანი შეძენები არ შეადგენს 1 200 000 ლარს, აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული უშუალოდ რესტორნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ფასნამატს ძირითადად განსაზღვრავს სასმლის (ალკოჰოლური, არაალკოჰოლური) ფასნამატი, ხოლო რეალიზებული საკვების ფასნამატი მინიმალურია.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის პირველი ნოემბრიდან. შესაბამისად, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია, ვალდებულია აღრიცხოს რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ერთ ერთეულ სასმელზე მისაღები შემოსავლის საწარმოს მენიუს საშუალო ფასით გაანგარიშება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №212 და №8725 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11316 ბრძანება და №076-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 781 165 ლარი, მათ შორის, გადასახადი 444 450 ლარი, ჯარიმა 213 456 ლარი, საურავი 123 259 ლარი. ასევე, გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა ჯამში 64 025 ლარია (გადასახდელის გადახდის სავადო 15.07.2026, 15.09.2026, 15.12.2026).

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მეწარმე არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას, ასევე, არ არის წარმოდგენილი კერძების წარმოების კალკულაციის დოკუმენტები და სხვა აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მეწარმეს ორჯერ შეეფარდა სანქცია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის აღრიცხვის ჟურნალის არქონის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის რაოდენობის მიხედვით. . აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულმა მეწარმის შემოსავალმა 2023-2024 წლებში შეადგინა 1 066 255 ლარი და 903 942 ლარი. შესაბამისად, 2023-2024 წლებში გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა ორი კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე დადგენილმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 2 826 955 ლარი (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, 2025 წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა 381 228 ლარი დაექვემდებარა შემცირებას. (ასევე, აღსანიშნავია, რომ გადამხდელს 2025 წლის 18 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით გაუქმებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2026 წლის პირველი იანვრიდან). გარდა ზემოაღნიშნულისა, მეწარმის მიერ სარესტორნო საქმიანობით 2025 წელს მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 856 787 ლარი, ხოლო ამ პერიოდისათვის გათვალისწინებული ერთობლივი გამოსაქვითი თანხა შეადგენს 429 950 ლარს. გადამხდელს 2025 წლის პირველი იანვრიდან გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც აისახა 2025 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 79(„ა“); 80(1); 81(1); 88(1); 89(1.2„ა“.3); 90(1.2); 100(1.3„ბ“); 102(1„ა“);105(1.2); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);