გადაწყვეტილება №25483/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25483/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25483/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შედეგად დარიცხული დღგ;
2. დღგ-ის ჩათვლების გაუქმება;
3. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ ხე-მასალაზე გაწეული ხარჯის 75%- ის გათვალისწინება;
4. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 196 276.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 111 494.39
დღგ - 13 321.39
საშემოსავლო გადასახადი - 98 173
ჯარიმა - 58 117
საურავი - 26 664.82
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შიდა გადაზიდვის მომსახურების გაწევა შპს „-------“ გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 4.06.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7822 ბრძანება და №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შედეგად დარიცხული დღგ
ფაქტების აღწერა
მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, რომლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული. შემოწმების პროცესში, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, მიღებული შემოსავლების შესახებ საბანკო ინფორმაცია და გაანგარიშდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, ხოლო აღნიშნული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული მიიჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა კომპანიის საბანკო ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე და გამოვლინდა მცირედი სხვაობები დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. ითხოვს ამ ტექნიკურ ნაწილში მონაცემების ანალიზს და საკითხის დამატებით გავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, რომლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, მიღებული შემოსავლების შესახებ საბანკო ინფორმაცია და გაანგარიშდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით.
აუდიტის დეპარტამენტი 18.08.2025 წლის №73762-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში დარიცხვის საფუძველია მხოლოდ კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელსაც არ წარმოუდგენია სადავო საკითხის ნაწილში საჩივარში დაფიქსირებულისგან განსხვავებული არგუმენტი/გარემოება. ამასთან აღნიშნა, რომ დეკლარირებულთან მიმართებით მცირე სხვაობაა გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების გამოუცდელობით არის გამოწვეული, თანხა დიდი არაა და ამიტომ ითხოვა საკითხის დამატებით შესწავლა.
მომჩივანი არ წარმოადგენს, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია არამართლზომიერად, ხოლო განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია ისეთ არგუმენტი ანდა მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ვინაიდან, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებულ ------- რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული, საბჭო აღნიშნავს და შესაბამისად, იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლების გაუქმება
ფაქტების აღწერა
შემოწმების ფარგლებში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქციის/მომსახურების შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები). შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს სარემონტო-სამშენებლო მასალები, რაც ვერ კვალიფიცირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენებად, შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე გადახდილი და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჯამურად, დამატებით ჩასათვლელი, კორექტირებული და გასაუქმებელი დღგ-ის თანხების ჩათვლის გაანგარიშებით, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ (594 ლარის ოდენობით).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ არგუმენტთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გაანგარიშდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, აღნიშნულ ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი შეძენებიდან მისაღები ჩასათვლელი თანხები, რადგან, შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილების მიხედვით დგინდება, რომ დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის (მის: -------, -------) რემონტისთვის შეძენილია სარემონტო მასალები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სარემონტო-სამშენებლო მასალებზე მიღებული დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილად მითითებულია დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო აღნიშნული ოპერაცია ვერ კვალიფიცირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეძენასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას შეძენილი სამშენებლო-სარემონტო მასალებთან დაკავშირებით შემდეგი მიზეზების გამო: კომპანიის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია -------, -------, რომელიც აღნიშნული და მითითებულია შემოწმების აქტშიც. გარკვეული სარემონტო სამუშაოებისათვის დასჭირდა სხვადასხვა სარემონტო საქონლის შეძენა. შეძენილი მასალების მიტანა განხორციელდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართზე და შემდგომ, სარემონტო სამუშაოები შესრულდა. სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, მიღებული დღგ-ის ჩათვლები სრულად შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან. შემოწმების აქტში მოყვანილი საგადასახადო კოდექსის მუხლები არ ეწინააღმდეგება ასეთი სახის დღგ-ის ჩათვლების მიღებას. ამასთან, შემოწმების პერიოდში მათი მხრიდან მიწოდებული იქნა ახსნა-განმარტება -------, ------- და შეძენილი სარემონტო მასალების მიზნობრიობაზე. ასევე, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს მიაწოდა მისამართის დასურათებული ფოტო მასალა, სადაც ჩანს -------, -------, კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული სარემონტო სამუშაოები გახლდათ მცირედი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, რაც არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა. ითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
ვშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სარემონტო-სამშენებლო მასალები, რაც ვერ კვალიფიცირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენებად, შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე გადახდილი და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჯამურად, დამატებით ჩასათვლელი, კორექტირებული და გასაუქმებელი დღგ-ის თანხების ჩათვლის გაანგარიშებით, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ.
აუდიტის დეპარტამენტი 18.08.2025 წლის №73762-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, სადავო საკითხის ნაწილში განმარტავს, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაანგარიშდა დღგ-ის კუთვნილი ჩასათვლელი თანხები და რომ ამ ნაწილში შემოწმებამ არ გაითვალისწინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი შეძენებიდან მისაღები, ჩასათვლელი თანხები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილების მიხედვით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის (მის: -------, -------) რემონტისათვის შეძენილია სარემონტო მასალები. კომპანიას არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სარწმუნო იქნებოდა შეძენილი სარემონტო მასალების ეკონომიკურ საქმიანობისთვის გამოყენების/საჭიროების მიზნებისათვის.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლმა სადავო საკითხის ნაწილში წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები. ამასთან აღნიშნა, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების მიტანა განხორციელებულია მისამართზე, რომელიც არის კომპანიის იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მათ შორის დაიგო იატაკი, გარემონტდა და ა.შ., რაზეც დართულია სურათები საჩივარზე და რომ არ არსებობდა ამ ნაწილში ჩათვლების გაუქმების საფუძვლები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებზე დამატებით აღნიშნა, რომ ნაწილი ჩათვლებისა გათვალისწინებული იქნა, მაგრამ სალდირებულად დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის მცირე სხვაობა მაინც დარჩა. რაც შეეხება სამშენებლო-სარემონტო მასალებს, ჩათვლა გაუქმდა, რადგან სოფელში ადმინისტრაციულ ოფისად რეგისტრაცია არ ჩანს, დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლია. ამდენად, რადგან მითითებულ მისამართზე სტატუსით საცხოვრებელი სახლია და ობიექტი არ იყო, მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის რემონტისთვის იყო შეძენილი მასალები და მოხდა ჩათვლის გაუქმება.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სარემონტო-სამშენებლო მასალებზე მიღებული დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილად მითითებულია დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო აღნიშნული ოპერაცია ვერ კვალიფიცირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეძენასთან, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება განხორციელებულია მართლზომიერად.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ ხე-მასალაზე გაწეული ხარჯის 75%-ის გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციისა და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში (გარდა ------- რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა). ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. შემოწმების მიერ შესწავლილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია უნაღდო ანგარიშსწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ------- იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შემოწმების მიერ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ არგუმენტთან, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის 75%-ის ნაცვლად 100%-ის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ხე-მასალის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები), შესაბამისად, შემოწმების მიერ კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშების მიხედვით დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ხარჯები და დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხემასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტზე, რომ უცხოური მომწოდებლისთვის, სპეც. ტექნიკის შესაძენად, გადახდილი აქვს ავანსის სახით 172 667 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმებისთვის წარდგენილი აქვს გასავლის ორდერები და ინვოისები. ამასთან, საჩივრებზე დანართის სახით წარდგენილი აქვს გასავლის ორდერები და ხელშეკრულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება თანხების მოძრაობაში (გასავლებში), შეძენილი ხე-მასალისათვის გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინებას. აქვს დოკუმენტურად შეძენილი ხე-მასალის ხარჯები, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნევს თანხების 100%-ის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადსახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციისა და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში (გარდა ------- რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა). ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. შემოწმების შედეგად შესწავლილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში. დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა უნაღდო ანგარიშსწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ------- იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შედეგად, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ ეთანხმება დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის მხოლოდ 75%- ის გათვალისწინებას და ითხოვს აღნიშნული ხარჯის სრულად, 100%-ის გათვალისწინებას.
აუდიტის დეპარტამენტი 18.08.2025 წლის №73762-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშების მიხედვით დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ხარჯები. უდოკუმენტოდ შეძენილი ხე-მასალისთვის ხარჯის 75% 7 285 ლარია, ხოლო მომჩივნის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტში საქონლის ღირებულება დაფიქსირებულია 7 585 ლარი.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ხე-მასალა დოკუმენტით არის შეძენილი კერძო პირისგან. ერთ-ერთი დამფუძნებელი შემოწმების პერიოდში ავად იყო და ვერ გაიხსენა, ამდენად არ მიუწოდებიათ შემოწმებისთვის დოკუმენტი. ამასთან, იმ პერიოდში სხვა ბუღალტერი იყო, რომელმაც შესყიდვის აქტი მოგვიანებით მიაწოდა მას და დართულია საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოდგენილ მასალებზე დამატებით. რამდენადაც იცის, პირმა სახლი დაშალა და ხე-მასალა გაყიდა (მეორადი ხემასალაა) და ეს მასალა იქნა შეძენილი და გამოყენებული მათ მიერ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში ხე-მასალის შეძენის დოკუმენტი არ იყო, ვერ წარმოადგინეს, რადგან ვერ მოიძიეს და ამიტომ 75%-ის ჩათვლა მოხდა. ამასთან განმარტა, რომ მომჩივნის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტში დაფიქსირებულსა და შემოწმებით გათვალისწინებულ თანხებს შორის 300 ლარია სხვაობა.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ხე-მასალის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები), დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%-ის გათვალისწინება შემმოწმებლის მიერ მართებულია, ხოლო ამჟამად, მომჩივანი არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რაც ამ ნაწილში გაანგარიშების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №077-11 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 58 117 ლარი და განესაზღვრა საურავი 26 664.82 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №077-11 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად, გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.