გადაწყვეტილება №25238/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2025
№ დოკუმენტი 25238/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25238/2/2025

04 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 30.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25238/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №EL69050/468 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6218 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

5 523.08 ლარი (18.02.2025 წლის №EL69050/468 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 4 408.8

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 4 207.2

იმპორტის გადასახადი - 201.6

საურავი - 1 114.28

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა 4 408.8 ლარი (18.02.2025 წლის №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

27.06.2023 წელს მომჩივნის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ---, სატრანზიტო ნომერი ---) ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 26.08.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №ELC39117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

4.02.2025 წელს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ შემოყვანილი ავტომობილი ჩააბარა ჯართში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს 18.02.2025 წლის №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 4 408.80 ლარის ოდენობით. იმავე დღეს გამოიცა №EL69050/468 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი – სულ 5 523.08 ლარი. 18.02.2025 წლის №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 18.02.2025 წლის №EL69050/468 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.04.2025 წლის №6218 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 64-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლზე, 70-ე მუხლზე, 163-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი და მე-3 მუხლებზე, „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლზე. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით დარიცხული თანხები მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ავტომანქანა იყო გაუმართავი, მისი აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა (აღდგენა დაკავშირებული იყო ყველანაირად გაუმართლებელ ხარჯებთან), რის გამოც ჩააბარა ჯართში. თუკი სიტუაცია რეალურად შეფასდება, ავტომობილის განკარგვის ფაქტი მართლაც მოხდა, მაგრამ არ როგორც სატრანსპორტო საშუალების, არამედ სათადარიგო ნაწილების კუთხით. აღნიშნული ქმედება განხორციელდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, თუმცა არ იყო საკითხში გათვითცნობიერებული და არ იცოდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ჯართში ჩაბარება საჭიროებდა კონკრეტული ნებართვას. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული სანქციის მოხსნას, აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის მიმართ მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება წარსულში არასოდეს ჩაუდენია, პირველი შემთხვევაა და გამოწვეულია მისი შეცდომით/არ ცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის მიხედვით:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:

ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

დადგენილია რომ მომჩივანს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე დაერიცხა იმპორტის გადასახდელების და საურავი. მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ უკანონოდ განკარგა არა ავტომანქანა, არამედ მისი ნაწილები. აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის მიმართ მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება წარსულში არასოდეს ჩაუდენია, პირველი შემთხვევაა და გამოწვეულია მისი შეცდომით/არ ცოდნით და ითხოვს დაკისრებული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაერიცხა საბაჟო გადასახდელები და დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, არ არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 26.08.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ შემოყვანილი ავტომობილი ჩააბარა ჯართში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 4 408.80 ლარის ოდენობით. იმავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი – სულ 5 523.08 ლარი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6218 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაერიცხა საბაჟო გადასახდელები და დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, არ არსებობს დაკისრებული.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.