გადაწყვეტილება №25971/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25971/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25971/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ს 2.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25791/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №EL292341 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2025 წლის №20645 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 278 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

28.07.2025 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის „გარდაბანის“ გავლით შემოვიდა ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილი თურქმენული კარბამიდით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა, რომელზეც სს „--ის“ მიერ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №----(28.07.2025წ.).

სარკინიგზო უწყისების (ზედნადებების) მიხედვით, აღნიშნული საქონლის მიმღებს წარმოადგენდა --- (სინგაპურის რესპუბლიკა), ხოლო ფოთის პორტში ტვირთის მიღებასა და საზღვაო გზით ტრანზიტულად გაგზავნაზე უფლებამოსილ პირს – შპს „---“ (ს/ნ ---). ფოთის პორტის ტერიტორიაზე განთავსებული სკანერის მეშვეობით სარკინიგზო შემადგენლობის დათვალიერებისას (სკანირებისას) ერთ-ერთ ვაგონთან მიმართებაში მიღებული გამოსახულება განსხვავდებოდა სარკინიგზო დოკუმენტში ასახული მონაცემისგან, კერძოდ, სარკინიგზო ვაგონი --- №95051686 სკანერის სურათის მიხედვით იყო ნახევრად დატვირთული, ხოლო აღნიშნული ვაგონის უწყისში (№AZ25076710) საქონლის წონად (ნეტო/ბრუტო) მითითებული იყო 67 900 კგ. მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გადამოწმებით გამოირკვა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის „გარდაბანი“ ტერიტორიაზე განთავსებული სკანერის გამოყენებით განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი იყო დოკუმენტურ მონაცემებსა და სარკინიგზო ვაგონის გამოსახულებას შორის შეუსაბამობა, რის გამოც, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გრაფაში „კონტროლის შედეგი“ მითითებული იყო „A1C“ კომენტარით „სავარაუდოდ წონის ნაკლებობა“.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების ვიზუალური დათვალიერებისას მათი დაზიანება ან მოხსნა/მოცილება არ გამოვლენილა, საქონლისა და №95051686 სარკინიგზო ვაგონის აწონვის შედეგად კი გამოვლინდა დანაკლისი (სარკინიგზო ვაგონში ფაქტობრივად არსებული საქონლის წონა იყო 37 360 კგ., ნაცვლად დეკლარირებული 67 900 კგ.-ისა (დანაკლისი 30 540 კგ.), გადაწონვის აქტი №351, 29.07.2025წ.). შესაბამისად, გამოვლენილი ფაქტი ჩაითვალა საბაჟო სამართალდარღვევად და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 8.08.2025 წელს შედგენილია №EL292341 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 278 ლარის ოდენობით.

ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე, 64-ე მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების გათვალისწინებით, 8.08.2025 წელს გამოიცა №EL69501/2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 5 278 ლარის ოდენობით. საბაჟო დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №EL292341 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.09.2025 წლის №20645 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე.

საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს კანონმდებელი ავალდებულებს საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი და გამორიცხოს ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

სს „---“, როგორც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო გამოერიცხა საქონლის უკანონო განკარგვა. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურებაში. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. საჩივარში მითითებული გარემოებები კი არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ მისი მხრიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგზაო უწყისის №25076710 მიხედვით, კარბამიდით დატვირთული №95051686 ვაგონი, გზავნილი ბაქო-ფოთი №25076710, შევიდა სადგურ ფოთში 27.07.2025 წელს №2608 მატარებლით, ტვირთმიმღების შპს „---“-ის სახელზე. 29 ივლისს 18:06 სთ-ზე ვაგონი დასაცლელად მიეწოდა ტვირთმიმღებს „---ს“, რაც დასტურდება №812743 ელ. ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი. ტვირთი იმყოფებოდა კომერციულად გამართულ მდგომარეობაში, გადასაზიდ საბუთებში აღნიშნული გამომგზავნისა და საბაჟო დამღებით და საბაჟო მოწმობაში №69009/ვ10566 და ზედნადებებში №25076710 მითითებული წონით 67 900 კგ. ვაგონის დასაცლელად მიწოდებისას და არც ვაგონის დაცლის შემდეგ, ტვირთმიმღებს ----ს მიმართ სიტყვიერი ან წერილობითი პრეტენზია არ განუცხადებია. მათ მიერ ტვირთი მიღებულია იქნა უპრეტენზიოდ, რაც ადასტურებს იმას, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყების მომენტიდან მის ტვირთმიმღებზე გაცემის მომენტამდე, არც ტვირთთან და არც გამგზავნისა და საბაჟო საიდენტიფიკაციო ნიშნებთან შეხება არ ყოფილა. აღსანიშნია, ასევე რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ვაგონის აწონვას სს ----ის წარმომადგენელი არ დასწრებია და შესაბამისად, უცნობია რა ვითარებაში მოხდა საბაჟოს მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

გადაზიდვა განხორციელდა, „შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ გათვალისწინებულ გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. ამ შეთანხმების 37-ე მუხლის მე2 პარაგრაფის თანახმად: „გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის დანაკლისზე, ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მისი გაცემის მომენტიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა ტვირთი ტვირთმიმღებზე დანიშნულების სადგურში ჩაბარდა პრეტენზიის გარეშე“. გარდა ამისა, შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად, შეთანხმების პირობების გამოყენების წესი განისაზღვრება ტვირთის გადაზიდვის წესებით (შეთანხმების დანართი 1)

ამ წესების პუნქტი 6.1.-ის „ტვირთის გადაცემა გადამზიდავზე გადასაზიდად“ და პუნქტის 37.4-ის „ტვირთის გაცემის წესის“ თანახმად, გადამზიდავი გამგზავნის მიერ დახურული ტიპის ვაგონებში დატვირთულ ტვირთის გადასაზიდად იბარებს/ტვირთმიმღებს აბარებს ვაგონის მდგომარეობის გარე შემოწმებით, ლუკებისა და კარებების, ასევე პლომბების არსებობასა და მათი გამართულობისა და პლომბებზე არსებული საკონტროლო ნიშნების ზედნადებებში მითითებულთან შესაბამისობის შემოწმებით. ასევე ამ პუნქტების თანახმად, გადამზიდავი ტვირთვის გადასაზიდად მიღებისას არ ამოწმებს ტვირთის რაოდენობას, მასას და მდგომარეობას. „შეთანხმების საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით: „გამგზავნი უზრუნველყოფს მის მიერ ზედნადებში მითითებული მონაცემების და განცხადებების სისწორეს. იგი პასუხისმგებელია ამ მონაცემების და განცხადებების არასწორად, არაზუსტად და არასრულად მითითებით, ასევე მათი ზედნადებების შეუსაბამო გრაფაში შეტანით გამოწვეულ ყველა შედეგზე. თუ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად გადამზიდავს ზედნადებში შეაქვს გამგზავნის მითითებები, მიიჩნევა რომ ის გამგზავნის სახელით მოქმედებს, თუ საწინააღმდეგო არ დადასტურდება“.

ამავე შეთანხმების 22-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით: გადამზიდავი ვალდებული არ არის შეამოწმოს გამგზავნის მიერ ზედნადებზე თანდართული თანმხლები დოკუმენტების სისწორე და საკმარისობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ №95051686 ვაგონის მთლიანობის დარღვევის, დაზიანების ან/და კანონის სრული მოთხოვნით დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება არ გამოვლენილა.

ვინაიდან სს ---მ, როგორც გადამზიდავმა აღნიშნული ტვირთი დადგენილი წესის მიხედვით დალუქული ჩაიბარა გადასაზიდად და ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მისი გაცემის მომენტამდე, როგორც ვაგონის, ასევე ლუქის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია, არ არსებობს ვაგონიდან ტვირთის იმ პერიოდში დაკარგვის ფიზიკური შესაძლებლობა, რა ფარგლებშიც გადამზიდავს გააჩნია პასუხისმგებლობა ტვირთთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო შემოწმება განხორციელდა 29 ივლისს, სს ----ის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე და აღნიშნული შემოწმების შედეგად, განსახილველი სამართალდარღვევის ოქმი შედგა 8 აგვისტოს, ანუ მას შემდგ რაც ტვირთის მიწოდება უკვე განხორციელდა და ვაგონი დაიცალა.

შედეგად, სს --- მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს/გააბათილოს სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოდ გახადოს ისინი, მოახდინოს ხელახალი აწონვა და დაიცვას მისი, როგორც გადაზიდვის სამართლებრივი ინტერესი. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ საბაჟო შემოწმების შედეგად, ტვირთის დანაკლისმა შეადგინა 30 540 კგ. ანუ დეკლარირებული ტვირთის 44%-მდე. მიუხედავად ამისა, ტვირთის მიმღებს არც ტვირთის ჩაბარებისას და არც ამ დრომდე დაუფიქსირებია რაიმე სახის პრეტენზია ტვირთის დანაკლისთან დაკავშირებით, რაც ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მის ჩაბარებამდე განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ვერსიას კიდევ უფრო ალოგიკურად წარმოაჩენს. დამატებით აღნიშნავს, რომ სს ---ს“ მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონდა საქმე ტვირთის აწონვისას დამდგარ ცდომილებებთან. მაგალითისთვის: 27.05.2025 წლის, საბაჟო გამშვები პუნქტის გარდაბნის მიერ შედგენილი იქნა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. კომპანია ჩაითვალა სამართალდამრღვევად.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ვაგონებზე დაფიქსირდა წონის დანაკლისი. სადგურ რუსთავში შპს ----ს სავაგონე სასწორზე გადაწონვის შედეგად დადგინდა ტვირთის დანაკლისი: №99472052 ვაგონში 1 260 კგ. №98980550 ვაგონში 1 030 კგ., რის გამოც საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო-გამშვები პუნქტი გარდაბნის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, ვაგონებზე №99472052 და №98980550, პლომბების მთლიანობის დარღვევისა და გადაწონვის შედეგად ტვირთის დანაკლისის გამოვლენის გამო. ვინაიდან, ბათუმიდან გარდაბნამდე ვაგონების მსვლელობის მთელ გზაზე იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ და ზედა (ჩასატვირთი) ლუქებიდან ტვირთზე წვდომა იყო შეუძლებელი წონის საკონტროლო შემოწმების მიზნით, სს ---ის 10 ივნისის №170 განკარგულებით ვაგონები გაიგზავნა სადგურ ხაშურში, სადაც 11 ივნისის გადაწონვის შედეგით ვაგონში №99472052 დაფიქსირდა დანაკლისი 760 კგ., ხოლო ვაგონში №98980550 დანაკლისი 380 კგ., რაზეც შედგა აქტი, 12.06.2025 წელს შპს ----ს სავაგონე სასწორზე ერთობლივად (პორტის, რკინიგზის, საბაჟოს, ტვირთგამგზავნის და დაცვის წარმომადგენლები) ვაგონების გადაწონვისას დაფიქსირდა: №99472052 ვაგონში ტვირთის მეტობა 220 კგ. №98980550 ვაგონში ტვირთის მეტობა 240 კგ., რაზეც შედგა გადაწონვის და №569831 საერთო ფორმის აქტები.

აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ერთ და იმავე ტვირთის სხვადასხვა ასაწონ პუნქტში აწონვა კი საკმაოდ დიდი სხვაობას იძლევა, შესაბამისად ერთჯერადად აწონვა დატვირთვის პუნქტისაგან განსხვავებულ სასწორზე არ წარმოადგენს უდავო მოცემულობას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დანაკლისი რეალურია, სს ---ს როგორც გადამზიდავს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ დანაკლისისთვის, ვინაიდან როგორც აღინიშნა ვაგონის, ლუქების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი საშულებების, დაზიანებას ადგილი არ ჰქონია, რაც შეუძლებელს ხდის გადაზიდვის პროცესში ტვირთის განკარგვის/დაკარგვას/განადგურებას.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრის 18.04.2003 წლის №26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ პირველი მუხლის თანახმად, რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები (შემდგომ - წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს და პასუხიმგებლობას. ამავე წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის თანახმად:

1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის.

2. კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა. რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების 22-ე თავი ეთმობა -----ზე „ვაგონების და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ-საპლომბი მოწყობილობა. საკეტ-საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას.

328-ე მუხლის მე-2 პუნქტით საკეტ-საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე, ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობების დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში.

საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამის აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ნათლად დასტურდება, რომ სს ---ის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრული, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული წესებისა და საბაჟო ფორმალობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2025 წლის №20645 ბრძანებაში თავადვე აღნიშნავს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების ვიზუალური დათვალიერებისას მათი დაზიანება ან მოხსნა/მოცილება არ გამოვლენილა საქონლისა და №950051686 სარკინიგზო ვაგონის აწონვის შედეგად კი გამოვლინდა დანაკლისი (სარკინიგზო ვაგონში ფაქტობრივად არსებული საქონლის წონა იყო 37 360 კგ., ნაცვლად დეკლარირებული 67 900 კგ.-ისა, გადაწონვის აქტი №351, 29.07.2025წ.). მიუხედავად აღნიშნულისა, საბაჟო დეპარტამენტმა სამართალდამრღვევად მაინც სს --- მიიჩნია. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გადამზიდავის მიერ აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო დაცული კანონის ყველა ნორმა, გაუგებარია რა ქმნის მის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველს, შეუძლია თუ არა საბაჟო დეპარტამენტს ან/და შემოსავლების სამსახურს განმარტოს, არსებობს თუ არა ისეთი ქმედება, რომლიც გადამზიდავს კანონის მიხედვით უნდა შეესრულებინა და არ შეასრულა ან პირიქით თავი შეეკავებინა ამ ქმედების განხორციელებისაგან. არაერთგზის აღინიშნა, რომ საერთაშორისო გადაზიდვების უმთავრეს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС), რომელიც არ ავალდებულებს გადამზიდავს, გადაწონოს თითოეული ვაგონი, რაც სარკინიგზო ტვირთბრუნვის მასშტაბების გათვალისწინებით აბსოლუტურად ლოგიკური და საფუძვლიანი მოწესრიგებაა. თითოეული ტვირთის გადაწონვას გადამზიდავს არც საქართველოს საბაჟო კოდექსი ავალდებულებს, ასეც რომ იყოს, საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ მე-7 მუხლის მე-5 ნაწილით, ადგენს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“.

მიუღებელია შემოსავლების სამსახურის მიერ ზეპირ განხილვაზე წარდგენილი არგუმენტაცია, თითქოს ოქმის შემდგენელი ვალდებულია ვიწროდ საბაჟო კანონმდებლობის ჭრილში იმოქმედოს და სს --- სამართალდარღვევად მხოლოდ იმიტომ მიიჩნიოს, რომ ტვირთგამგზავნი (ვინც საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების თანახმად ვალდებულია ტვირთი აწონოს და შესაბამის დოკუმენტაციაში სწორი ინფორმაცია შეიტანოს) ხშირად არ არის მარტივად ხელმისაწვდომი რადგან არ მდებარეობს ან ოპერირებს საქართველოში.

მსგავსი პრაქტიკის გავრცელების შემთხვევაში, გაურკვეველია, როგორ უნდა დაიცვას თავი სს ---მ ისეთი შემთხვევებისგან, თუ გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა და ასობით ვაგონს ცარიელს გამოგზავნის, თუმცა დოკუმენტაციაში მიუთითებს, რომ თითოეულში 70 ტონა ტვირთია. აღნიშნული ჰიპოთეტური მაგალითიც ცხადჰყოფს, რომ გამგზავნის პასუხისმგებლობის გადამზიდავზე დაკისრება ყოველგვარ სამართლებრივ პრინციპს ეწინააღმდეგება და სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

ბრძანების ავტორი თავადვე მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განსახილველ შემთხვევაში ასეთი მოქმედება ან ოპერაცია არსად იკვეთება. ბრძანებაში ასევე ვხვდებით მითითებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე. თითოეული ნორმატიული ჩანაწერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქმედებაზე, ოპერაციაზე, რაც პირის სამართალდარღვევად მიჩნევის აუცილებელი წინაპირობაა, რაც დავის განხილვისას სრულად უგულებელყოფილ იქნა. კანონის დასახელებული ნორმები ადგენს პასუხიმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად, სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებს განზრახ, ხოლო ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი, ცალსახად საგადასახადო სამართალდარღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია. მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს. თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად დაუსაბუთებელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამზიდავისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი და ხელმისაწვდომი. ამდენად, გაუგებარია რა სამართალდარღვევა ჩაიდინა სს ---მ, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.

სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს, სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს, სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული რასაკვირველია არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამოვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას.

საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი:

1. ფორმალური (ნორმატიული) ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს. სამართალდაცვითი მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას.

2. ფაქტობრივი ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს.

3. პროცესუალური ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის, შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ იმისათვის რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, საბაჟო სანქცია არიას საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნული ნორმა ცალსახად უთითებს პირის, სამართალდარღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, და მხოლოდ ამის შემდგომ აკისრებს პირს პასუხისმგებლობას.

სს ---ის მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სს ---ზე ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. დამღების დაზიანებები, მისი ვარგისიანობა ან არასწორად დადგენა, კონკრეტულ შემთხვევაში, ან გადაზიდვის დოკუმენტები ტვირთგამგზავნის მიერ რეკვიზიტების არასწორად შევსება, არ არის სს ---ის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს საბაჟო ორგანოს მიერ სს ---ას მიმართ სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179- ე, 181-ე და 601 მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. იმ შემთხვევაში თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციას და წარდგენილ დოკუმენტაციას, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საბაჟო კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლებისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე გადაადგილდება, ვალდებული არიან საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინონ საბაჟო ორგანოს ან წარადგინონ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ ვაგონის დასაცლელად მიწოდებისას და არც ვაგონის დაცლის შემდეგ, ტვირთმიმღებს რკინიგზის მიმართ სიტყვიერი ან წერილობითი პრეტენზია არ განუცხადებია. მათ მიერ ტვირთი მიღებულია იქნა უპრეტენზიოდ, რაც ადასტურებს იმას, რომ ტვირთის გადაზიდვის დაწყების მომენტიდან მის ტვირთმიმღებზე გაცემის მომენტამდე, არც ტვირთთან და არც გამგზავნისა და საბაჟო საიდენტიფიკაციო ნიშნებთან შეხება არ ყოფილა.

ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ საბაჟო ორგანოს შემოწმების შედეგად, ტვირთის დანაკლისმა შეადგინა 30 540 კგ. ანუ დეკლარირებული ტვირთის 44%-მდე. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანოს მიერ შემოწმება განხორციელდა 29 ივლისს, სს ---ის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე და აღნიშნული შემოწმების შედეგად, განსახილველი სამართალდარღვევის ოქმი შედგა 8 აგვისტოს ანუ მას შემდგ რაც ტვირთის მიწოდება უკვე განხორციელდა და ვაგონი დაიცალა. შედეგად, სს --- მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს/გააბათილოს სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოდ გახადოს ისინი, მოახდინოს ხელახალი აწონვა და დაიცვას მისი, როგორც გადაზიდვის სამართლებრივი ინტერესი.

დადგენილია, რომ სარკინიგზო შემადგენლობის დათვალიერებისას (სკანირებისას) ერთ-ერთ ვაგონთან მიმართებაში მიღებული გამოსახულება განსხვავდებოდა სარკინიგზო დოკუმენტში ასახული მონაცემისგან, კერძოდ, სარკინიგზო ვაგონი №95051686 სკანერის სურათის მიხედვით იყო ნახევრად დატვირთული, ხოლო აღნიშნული ვაგონის უწყისში (№AZ25076710) საქონლის წონად (ნეტო/ბრუტო) მითითებული იყო 67 900 კგ. სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების ვიზუალური დათვალიერებისას მათი დაზიანება ან მოხსნა/მოცილება არ გამოვლენილა, საქონლისა და №95051686 სარკინიგზო ვაგონის აწონვის შედეგად კი გამოვლინდა დანაკლისი - წონა იყო 37 360 კგ., ნაცვლად დეკლარირებული 67 900 კგ.-ისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია გამოვლენილი დანაკლისის უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონლად მიჩნევასთან დაკავშირებით მართებულია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახალი აეწონა ვაგონი, ვინაიდან საბაჟო ორგანოს მიერ შემოწმება განხორციელდა 29 ივლისს, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი შედგა 8 აგვისტოს ანუ მას შემდგ რაც ტვირთის მიწოდება უკვე განხორციელდა და ვაგონი დაიცალა, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ ექსპედიტორი კომპანია შპს „---ს“ წარმომადგენელი ესწრებოდა საქონლის აწონვას, შესაბამისად მას უნდა განეხორციელებინა სს ---ს ინფორმირება აღნიშნულ სადავო ფაქტზე, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა მას შემდეგ, რაც გაანგარიშდა განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება, რისთვისაც საჭირო დოკუმენტები საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა დაგვიანებით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების ვიზუალური დათვალიერებისას მათი დაზიანება ან მოხსნა/მოცილება არ გამოვლენილა, საქონლისა და სარკინიგზო ვაგონის აწონვის შედეგად კი გამოვლინდა დანაკლისი (სარკინიგზო ვაგონში ფაქტობრივად არსებული საქონლის წონა იყო 37 360 კგ., ნაცვლად დეკლარირებული 67 900 კგ.-ისა (დანაკლისი 30 540 კგ.), გადაწონვის აქტი №351, 29.07.2025წ.). შესაბამისად, გამოვლენილი ფაქტი ჩაითვალა საბაჟო სამართალდარღვევად და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 278 ლარის ოდენობით.

ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე, 64-ე მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 5 278 ლარის ოდენობით. საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172 (1); 163 (11).