გადაწყვეტილება №27023/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27023/2/2026
13 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ს 29.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27023/2/2026).
დავის საგანი:
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირების და რეალიზებული ფართების არასრულად დაბეგვრის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
2.შემოსავლის და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №125-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2026 წლის №3372 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 651 565.67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 337 202.43
დღგ - 180 278.27
საშემოსავლო გადასახადი - 156 924.16
ჯარიმა - 168 393.2
საურავი - 145 970.04
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 26 ივნისიდან. საწარმომ 2025 წლიდან გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.12.2025 წლის №27808 ბრძანება და №125-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.02.2026 წლის №3372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირების და რეალიზებული ფართების არასრულად დაბეგვრის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა
ფაქტების აღწერა
კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდამდე (2018-2021 წლებში) ქალაქ „--------“-ში,„--------“-ში ააშენა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და რეგისტრირებული განშლის შესაბამისად, მიწის დონის ქვედა სართულზე განთავსდა ავტოსადგომი 8 ავტომანქანაზე, მიწისპირა სართულზე განლაგდა 2 კომერციული სივრცე, ხოლო მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ერთეულები (ბინები), ჯამში 13 საცხოვრებელი ფართი. თითოეული მათგანი, გარდა ერთი ავტოსადგომისა, რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა გასხვისებული 7 ავტოსადგომიდან 4 რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, დამფუძნებელ - „--------“-ზე (პ/ნ „--------“), 13 საცხოვრებელი ბინიდან 6 - დამფუძნებელ - „--------“ (პ/ნ „--------“) და „--------“-ზე (პ/ნ „--------“), ხოლო 2 კომერციული ფართიდან ერთი დამფუძნებლის შვილზე, „--------“-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასით.
გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, გარიგების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 18-ე, 19-ე, 158-ე, 159-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-19 მუხლის პირველ ნაწილით, 157-ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა და რეალიზებული უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის № "-------" საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საწარმოს მიერ რეალიზებული ფართები იყო შავი კარკასის მდგომარეობაში და არც გაყიდულა (არც ერთ შემსყიდველს არ გადაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხაზე მეტი) და იმ პერიოდში ფიზიკურად ვერ გაიყიდებოდა შემმოწმებლის მიერ დადგენილი თანხით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების უგულვებელყოფით არის უკანონო და შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული დარიცხვა არამართლზომიერია. ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა დამფუძნებლების შენატანით და თანხის დიდი ნაწილი დამფუძნებლებმა უკან გაიტანეს, აღნიშნულის გვერდის ავლით არ უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
შემოსავლების სამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო გადამხდელის უფლებების გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, დაშვებულია უზუსტობები, რამაც გამოიწვია მათი მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 და 96-ე მუხლების დარღვევა, რადგან საგადასახადო ორგანო (ასევე შემოსავლების სამსახური) ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გადამხდელის მიმართ მოქმედებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული; ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად დაუსაბუთებელია, საგადასახდო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანო ქმედება ან გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
რადგანაც გადასახადის გადამხდელის მიმართ ადგილი აქვს უკანონობას, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა საქართველოში, სარგებლობს საგადასახადო კანონმდებლობით მონიჭებული უფლებებით და საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და 299-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის, 302-ე მუხლის გათვალისწინებით მოითხოვს საჩივრის განხილვას და ამავე კოდექსის 41- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაკმაყოფილდეს, კერძოდ: გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის საფუძველზე ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და საწარმოზე თანხის დამატებითი დარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გახდება კომპანიის ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ამავე მუხლის მე7 ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდამდე (2018-2021 წლებში) ქალაქ „--------“-ში, „--------“-ში ააშენა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. გადასახადის გადამხდელის მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და რეგისტრირებული განშლის შესაბამისად, მიწის დონის ქვედა სართულზე განთავსდა ავტოსადგომი 8 ავტომანქანაზე, მიწისპირა სართულზე განლაგდა 2 კომერციული სივრცე, ხოლო მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ერთეულები (ბინები), ჯამში 13 საცხოვრებელი ფართი. თითოეული მათგანი, გარდა ერთი ავტოსადგომისა, რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა გასხვისებული 7 ავტოსადგომიდან 4 რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, დამფუძნებელ - „--------“-ზე (პ/ნ „--------“), 13 საცხოვრებელი ბინიდან 6 - დამფუძნებელ - „--------“-სა (პ/ნ „--------“) და „--------“-ზე (პ/ნ „--------“), ხოლო 2 კომერციული ფართიდან ერთი დამფუძნებლის შვილზე, „--------“-ზე. საყურადღებოა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ვინაიდან, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასით, შემოწმებისას გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, დაკორექტირდა საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ბინის ღირებულება (კვადრატულ მეტრი) დაფიქსირებული ჰქონდა 675 ლარი, ხოლო ავტოსადგომის 100 ლარი, საბაზრო ფასი აღებული იქნა მომჩივნის მიერ იმავე პერიოდში არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების (ბინა) საშუალო ღირებულება 1 018 ლარი, ხოლო ავტოსადგომის 100 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, რომლის ღირებულება მკვეთრად დაბალია შესაბამის პერიოდში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე, ამასთან, რეალიზებული ფართების ნაწილი არასრულად ჰქონდა დაბეგრილი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირების და რეალიზებული ფართების არასრულად დაბეგვრის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდისა და დარიცხვის შესახებ მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოსავლის და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომების ნაწილის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, მათ შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება კი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ფასით და რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე, შემოწმების ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასით. აქედან გამომდინარე, გაიზარდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. გარდა ამისა, რადგან საწარმომ შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში მიიღო, ხოლო მშენებლობა შესამოწმებელ პერიოდამდე მიმდინარეობდა და, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ხარჯი არ წარმოეშვა, შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთად განისაზღვრა როგორც პარტნიორთა მიერ კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულება, ამავდროულად, დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის მე-19, მე-18 და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ყურადღებას გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტა, რომ შემოწმებისას ფულის არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი აქტივები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნიხ ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომების ნაწილის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, მათ შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება კი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ფასით და რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე, შემოწმების ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასით. აქედან გამომდინარე, გაიზარდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. გარდა ამისა, რადგან საწარმომ შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში მიიღო, ხოლო მშენებლობა შესამოწმებელ პერიოდამდე მიმდინარეობდა და შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ხარჯი არ წარმოეშვა, შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთად განისაზღვრა როგორც პარტნიორთა მიერ კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულება, ამავდროულად, დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის განცხადებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა დამფუძნებლების შენატანით და თანხის დიდი ნაწილი დამფუძნებლებმა უკან გაიტანეს, აღნიშნულის გვერდის ავლით არ უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის და ხელფასად ჩათვლილი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთი, მათ შორის ხარჯებში გათვალისწინებული იქნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯი და მიწის ღირებულება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელ არგუმენტს ან რაიმე მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას, ზემოთ დასახელებული დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის საფუძველზე ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და საწარმოზე თანხის დამატებითი დარიცხვა.
2.გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდამდე ააშენა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და რეგისტრირებული განშლის შესაბამისად, მიწის დონის ქვედა სართულზე განთავსდა ავტოსადგომი 8 ავტომანქანაზე, მიწისპირა სართულზე განლაგდა 2 კომერციული სივრცე, ხოლო მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ერთეულები.
თითოეული მათგანი, გარდა ერთი ავტოსადგომისა, რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა გასხვისებული 7 ავტოსადგომიდან 4 რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე.მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასით. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, გარიგების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასებით. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელმა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომების ნაწილის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, მათ შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება კი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ფასით.შემოწმების ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასით.
გაიზარდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი.დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.სსკ-ის მე-19, მე-18 და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, რომლის ღირებულება მკვეთრად დაბალია შესაბამის პერიოდში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე, ამასთან, რეალიზებული ფართების ნაწილი არასრულად ჰქონდა დაბეგრილი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირების და რეალიზებული ფართების 6 არასრულად დაბეგვრის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდისა და დარიცხვის შესახებ მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,157,158,163.