ბრძანება N 827
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 827
29 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 23 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) №93442/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ნოემბრის №052-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანის განმარტებით, იგი კანონის დაცვის ფარგლებში ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად მისთვის გაუგებარია, რატომ დადგა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელი, საბაჟო დეკლარაციებისა და სმფ-ების ნაშთის საფუძველზე, ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15638 და 27 აგვისტოს №19467 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 29 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 ნოემბრის №24940 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №052-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 50 596 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 167 ლარი, ჯარიმა 14 034 ლარი და საურავი 3 395 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის სახეა ვაჭრობა ------- იმპორტირებული საქონლით, კერძოდ, მამაკაცის ტანსაცმლით, ------- ბაზრობის ტერიტორიაზე, ქვეიჯარით აღებულ ფართში (მის: ------ მაღაზია №------). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. საწარმო, შესამოწმებელ პერიოდში, არ არის რომელიმე ბანკის მომხმარებელი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელიც არ არის ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №17591 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა და დადგინდა გადამხდელის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 356 635 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, კომპანიის მიერ წარმოდგენილი და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციებისა და გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგების საფუძველზე, დადგინდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელდა მომიჯნავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აუდირებული ფასნამატი. საგადასახადო შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 3 დეკემბერს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შეიცვალა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი დღგ-ის ნაწილში და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-სთვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. ასევე, დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირების გამო საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ორისის ასლით, ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების და ასევე ჩატარებული სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელდა მომიჯნავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 3 დეკემბერს, რამაც გამოიწვია საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ რპთ-ზე მომიჯნავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ფაქტობრივად არსებული სმფების ნაშთზე, რომლის იმპორტისას გადახდილი აქვს დღგ. აღნიშნულს ასევე, ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი, საბაჟო დეკლარაციებისა და სმფ-ების ნაშთის საფუძველზე, ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს საქმიანობის სახეა ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც არ არის ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა და დადგინდა გადამხდელის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი. საწარმოს საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელდა მომიჯნავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აუდირებული ფასნამატი. კომპანიის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 3 დეკემბერს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შეიცვალა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი დღგ-ის ნაწილში და დაჯარიმდა. ასევე, დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირების გამო საწარმო დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);165(1);163(1,2):164(1);174(1);175(1);