გადაწყვეტილება №11467/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.12.2020
№ დოკუმენტი 11467/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№11467/2/2020

03.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს 9.10.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11467/2/2020).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა;

2.საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116 107, №EL116 102, №EL116 099 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

3.შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №28876 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: №EL11111/49 საგადასახადო მოთხოვნა - 343 861 ლარი.

დღგ საბაჟო - 52 318 ლარი;

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 259 159 ლარი;

იმპორტის გადასახადი - 3 375 ლარი;

საურავი - 29 009 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2019 წლის 21 მარტს მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში (W-----) განთავსდა შპს ----- ს მიერ №11111/C27767 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (ფილტრიანი სიგარეტი).

მომჩივნის 2020 წლის 11 თებერვლის № -------/21-10-21 განცხადებით გაირკვა, რომ №----------- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაწილი (ფილტრიანი სიგარეტი: -----– 1485 ყუთი; --- – 288 ყუთი; ----- - 177 ყუთი), რეექსპორტში გაშვების მიზნით დაიტვირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით განთავსდა განთავსდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხოლო აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2020 წლის 5 თებერვალს მოხდა ტენტის დაზიანება (გაჭრა) და საქონლის უკანონო განკარგვა (ქურდობა).

აღნიშნული (ქურდობის) ფაქტის შესახებ ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოს წერილებით (11.02.2020 წლის №MIA 5 20 00357418 და №0014074828).

2020 წლის 12 თებერვალს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირისა და კომპანიის თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის დანაკლისი - ფილტრიანი სიგარეტი: ---- – 131 ყუთი და 11 ბლოკი (65 610 კოლოფი).

გამოვლენილი სამართალდარღვევების ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე (საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა) და 172-ე მუხლის პირველი ნაწილებით (საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 და 314 852 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა გადასახდელები 343 861 ლარის ოდენობით (დღგ 52 318 ლარი, აქციზი 259 159 ლარი, იმპორტის გადასახადი 3 375 ლარი და საურავი 29 009 ლარი).

ვინაიდან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ'' ინსტრუქციის მე-8 მუხლის ,,რ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება, კომპანიის მიმართ 11.08.2020 წელს ასევე შედგა №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა 2020 წლის 19 აგვისტოს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 11 2020 წლის 11 აგვისტოს აგვისტოს №EL116099, №EL116102, EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2020 წლის №28876 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ დასტურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის - 115 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის უკანონო განკარგვის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში პირისათვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძველი და სადავო 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას.

მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან და 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილი სანქციისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2020 წლის №28876 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ არ დასტურდება 115 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის მომჩივნის მიერ განკარგვის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის - 115 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის უკანონო განკარგვის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში პირისათვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძველი და სადავო 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნა ამ ნაწილში ექვემდებარება შესაბამის კორექტირებას (შემცირებას).

რაც შეეხება 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებულ და №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილ სანქციებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი

და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების შედეგად დარჩენილი და 2020 წლის 11 აგვისტოს №EL116099 და №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

რაც შეეხება საჩივარს დანარჩენ ნაწილში, შემოსავლების სამსახური უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს გადამხდელის მოსაზრებებს და არგუმენტებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ კომპანიაზე დარიცხული თანხები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი დარჩენილი 16 ყუთი სიგარეტის ნაწილში, სრულად ექვემდებარება გაუქმებას.

საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა მოხდა საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის გარეშე. საგადასახადო ორგანოს არ გამოუთხოვია საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და არ შეუგროვებია საჭირო ცნობები მის გამოცემამდე.

კომპანიამ 2020 წლის 11 თებერვალს მიმართა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა მას ქურდობის ფაქტის შესახებ. ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა სადავო აქტი გამოსცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მიმდინარეობის გადამოწმების გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 13 და 14 აგვისტოს წერილები ადასტურებს რომ 2020 წლის 6 თებერვალს დაიწყო უაქციზო სიგარეტის ქურდობის ფაქტზე გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ამოღებულია 115 ყუთი სიგარეტი, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარედგინა ერთ პირს, რომელიც მიცემულია პასუხისგებაში და საქმე არსებითი განხილვით მიმდინარეობს სასამართლოში.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება დასრულებული არ არის და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნევს შემოსავლების სამსახური დარჩენილ 16 ყუთ სიგარეტს განკარგულად. შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს, მოპარული საქონელი კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განკარგულად, დაკარგულად ან განადგურებულად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანია არ ექვემდებარებოდა პასუხისმგებლობას, როგორც სანქციების ასევე გადასახადის ნაწილში სრულად. ითხოვს კომპანიაზე დარიცხული თანხების, მათ შორის, დარჩენილი 16 ყუთი სიგარეტის ნაწილში დარიცხული გადასახადის სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

I. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით გათვალისწინებული სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტს, რაც გამოიხატა იმაში, რომ საბაჟო საწყობის მფლობელმა ვერ შეძლო გამოერიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მომჩივნისთვის სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამავე ლოგიკით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე მართლზომიერია მომჩივნისთვის სადავო „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენაც და იგი ძალაში უნდა დარჩეს.

ამასთან, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან ამ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

შესაბამისად, მართებულია შემოსავლების სამსახურის ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის №EL116102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სსკ-ის 176-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე.

II. საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული არ არის საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან, საბაჟო ორგანო ვალდებულ პირს უგზავნის საგადასახადო მოთხოვნას.

ამასთან, საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.

საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების 2020 წლის 14 აგვისტოს №MIA 12001900590 წერილი, რომლის შინაარსის მიხედვით:

„2020 წლის 6 თებერვალს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს №021060220005 საქმეზე შპს ----- დან უაქციზო სიგარეტების ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ამოღებული იქნა 115 ყუთი სიგარეტი. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინა 1 პირს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის №021130420001 საქმე, რომელზეც შსს ----- ის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება“.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ქურდობას ანუ ისეთ ფაქტს რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, რაც წარმოადგენს დაუძლეველ ძალას.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება (ქურდობა) არ წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას.

ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №021130420001 საქმეზე და მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ გარემოებას, არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირების შედეგად დარჩენილი იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.

III. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირების შედეგად დარჩენილი საურავისგან.

IV. საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლთან ერთად ამავე კოდექსის 170-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით საბჭომ არაერთხელ მიუთითა თავის გადაწყვეტილებებში, რომ აღნიშნული პრაქტიკა არასწორია. როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად

ადგილი აქვს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას - გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში, ქმედება, რომლისთვისაც პირს ეფარდება საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, მოიცავს ქმედებას, რომელიც აღწერილია საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, პირისთვის დამატებით საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერია. საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლი გამოყენებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ადგილი არ აქვს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.

თუმცა, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე არასწორად იქნა გამოყენებული საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლიც, რის თაობაზეც ასევე არაერთხელ მიუთითა საბჭომ.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით,2. საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

 

საბჭო განმარტავს,რომ აღნიშნული მუხლით ცალსახად განსაზღვრული და გამიჯნულია საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები. შესაბამისადვე უნდა გაიმიჯნოს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობები მათთვის დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისათვის. სწორედ აღნიშნული პრინციპია ასახული საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმაში, რომლის მიხედვითაც, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, - იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია სახეზეა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონოდ განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, თუმცა პირს სანქცია უნდა შეეფარდოს მის მიერ ჩადენილი ქმედების და არა დამდგარი შედეგის მიხედვით. მომჩივნის ქმედება კი, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, მისი ვალდებულებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს როგორც მისი მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა და მას უნდა დაეკისროს მხოლოდ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია (რაზეც ზევით უკვე იყო საუბარი). მომჩივანი არ არის საბაჟო კოდექსის172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი.

ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ქმედება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით კვალიფიცირდება, საბჭოს მიაჩნია რომ უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები.

შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №EL116099 და 11.08.2020 წლის №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №28876 ბრძანება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საბაჟო დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №EL116099 და 11.08.2020 წლის №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ძალაში დატოვების ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №28876 ბრძანება;

3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №EL116099 და 11.08.2020 წლის №EL116107 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

4. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 11.08.2020 წლის №EL11111/149 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირების შედეგად დარჩენილი საურავისგან;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ირკვევა, რომ საბაჟო საწყობის ტერიროტიაზე მდებარე ავტომობილზე რეექსპორტში გაშვების მიზნით განთავსებული საქონლის ნაწილზე მოხდა საქონლის უკანონო განკარგვა. დათვალიერებების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც საწარმოს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის და 314852 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელ დაეკისრა დღგ-ს, იმპორტის გადასახადი და საურავი.

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2020 წლის №28876 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ქმედება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით კვალიფიცირდება, საბჭოს მიაჩნია რომ უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები. შესაბამისად, ამავე ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №28876 ბრძანება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (4); 304 (1 „ბ“).