ბრძანება N 20665

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20665

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 იანვრის №78443/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-279 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად აღნიშნული თანხების გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ კოვიდპანდებიის გამო საქმიანობის შეჩერების პირობებში, სალაროში ნაღდი ფულის ქონა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა კომპანიაში დასაქმებული მუშახელის ხელფასების ასანაზღაურებლად. ამდენად, გადამხდელის განმარტებით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის სესხად გაცემა არ მომხდარა. კომპანია ასევე არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას და განმარტავს, რომ საბუღალტრო ჩანაწერებით 2022 წლის 30 აპრილს სალაროს ნაშთი შეადგენდა 14 956 ლარს, შემოწმებით დაფიქსირებული 48 482 ლარის ნაცვლად.

2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადი ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი რეალიზებული საცხოვრებელი ბინების რაოდენობას და აღნიშნავს, რომ კოვიდპანდემიის დროს შემცირებული შესყიდვების ფონზე არ განხორციელებულა საცხოვრებელი ბინების ამ რაოდენობით რეალიზაცია და შესაბამისად, არ წარმოშობია შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, განმარტავს, რომ პოტენციურ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ნაწილი გაუქმდა და არ მომხდარა ამ ბინების რეალიზაცია.

3. გარდა ამისა, გადამხდელი არ ეთანხმება მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას და წელთა პროპორციულად დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვის გაზრდას. აღნიშნავს, რომ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მიღებული მიწის სანაცვლოდ მიწის მფლობელს მომავალში გადაეცემა საცხოვრებელი ბინები და არა სამშენებლო მომსახურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17567 და 01 დეკემბრის №30199 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32406 ბრძანება და ამავე თარიღის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 569 793 ლარი, მათ შორის, გადასახადი 262 278 ლარი, ჯარიმა 171 013 ლარი, საურავი 136 502 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 48 482,32 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ხელფასის სახით განაცემი დეკლარირებული აქვს 1 196 ლარით ნაკლები, ვიდრე საბანკო ანგარიშებსა და ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა და ასევე, ხელფასის სახით განაცემებში დადგენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს - 2 066 001 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში. ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიწოდებული აქვს სულ 26 ერთეული ბინა და 16 ერთეულ ბინაზე გაფორმებულია განვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება სულ 13 ერთეული ბინა, რომელთაგან 452.3 კვ.მ წარმოადგენს მიწის გამყიდველზე მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ფართებს. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულის შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „--------სა“ და ფ/პ ------თან დადებული ხელშეკრულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულ იქნა სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით). აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და აღნიშნული თანხების გაცემულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ კოვიდპანდემიის პირობებში სალაროში ნაღდი ფულის ქონა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა კომპანიაში დასაქმებული მუშახელის ხელფასების ასანაზღაურებლად. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას და განმარტავს, რომ საბუღალტრო ჩანაწერებით 2022 წლის 30 აპრილს სალაროს ნაშთი შეადგენდა 14 956 ლარს, შემოწმებით დაფიქსირებული 48 482 ლარის ნაცვლად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე) შეადგენს - 2 066 001 ლარს. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახორციელებდა ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის რეალიზაცია შეადგენდა 858 953 ლარს (დღგ-ს გარეშე), შემოწმებით დაფიქსირებული 2 066 001 ლარის ნაცვლად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბინების გადაცემას (რეალიზაციას) ადგილი არ ჰქონია, რადგან გაუქმდა აღნიშნული ხელშეკრულებების ნაწილი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამასა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით უფიქსირდებოდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ავანსები, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი სრულად, შესაბამისად, შემოწმებით დაბეგვრას დაექვემდებარა ავანსის სახით მიღებული თანხები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 17 ივნისამდე მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანია მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად აღნიშნული თანხების გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადი ვალდებულებებს.

3. გარდა ამისა, გადამხდელი არ ეთანხმება მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას და წელთა პროპორციულად დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 48 482,32 ლარს. შემოწმებით, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა და ასევე, ხელფასის სახით განაცემებში დადგენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, შესაბამისი ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს - 2 066 001 ლარს. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულის შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 96"ა", 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8), 159(1"ა""ბ"), 160(5), 163(1)(2)(6), 164(1), 101(1)(2"ბ"), 154, 14(1"ა'), 16(1), 18(10), 8(10), 309(107), 1601.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა")(6)(8), 171(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.