ბრძანება N 5352
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5352
11 მარტი 2026
ბრძანება
შპს „------ - ის“ (ს/ნ „------“)
(მის.: „------“)
2025 წლის 7 დეკემბრის და 2026 წლის 20 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 დეკემბრის, 2026 წლის 29 იანვრის და 5 მარტის სხდომებზე (ოქმი №106, №8 და №20) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „------“) 2025 წლის 7 დეკემბრის №99241/1/2025 და 2026 წლის 20 თებერვლის №100916/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №006-418 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორისთვის ავანსად გადახდილ თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. განმარტავს, რომ გადამხდელმა ხელშეკრულება გააფორმა ქვეკონტრაქტორთან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე, ხოლო 2022 წლის ოქტომბერნოემბრის თვეში გადარიცხა თანხა ავანსად, რაზეც მეორე მხარემ გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო გადამხდელმა ჩაითვალა აღნიშნული თანხა. აცხადებს, რომ 2023 წლის შემდეგ ქვეკონტრაქტორს არ განუხორციელებია არანაირი სამუშაო, შესაბამისად, გადამხდელმა 2024 წლის აპრილში ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგაც გადახდილი თანხა იდენტიფიცირებადია და წარმოადგენს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნაწილს, რომელიც ქვეკონტრაქტორმა არამიზნობრივად გახარჯა და არ შეასრულა ვალდებულებები დათქმულ ვადაში. მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. აცხადებს, რომ როდესაც მოხდება წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის რაიმე ფორმით ანაზღაურება, მაშინ დაექვემდებარება ავანსის დღგ-ის თანხის ჩათვლა კორექტირებას და არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პერიოდში.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული იყო შესამოწმებელი პერიოდების შემდგომი პერიოდებიც, რომლითაც დგინდება, რომ 2025 წლის მაისის თვეში სალაროში არსებული ფულადი ნაშთი გაცემულია დივიდენდად და დეკლარირებულია შესაბამისი პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ დამატებით საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დარიცხვოდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №11010 და 3 ნოემბრის №24210 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ნოემბრის №24604 ბრძანება და ამავე თარიღის №006-418 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 469 022 ლარი, მათ შორის, გადასახადი 291 220 ლარი, ჯარიმა 145 610 ლარი და საურავი 32 192 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას სხვადასხვა წელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები (მათ შორის, 2022 წლის შემდგომ პერიოდში ხორციელდება "-------"-ის ქუჩა №-- -ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების რეალიზაცია (75 სხვადასხვა ფართი ჯამში 8 042 000 ლარი) და "-------"-ის ქუჩა №-- -ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართების რეალიზაცია (8 სხვადასხვა ფართი სულ 3 570 000 ლარი)). ასევე, კომპანიამ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში რამდენიმე პროექტი. საწარმო გამარჯვებულად გამოვლინდა რვა სხვადასხვა ტენდერში, მათ შორის, სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალები, კერძოდ, "-------"-ის, "-------"-ის, "-------"-ს, "-------"-ის, "-------"-ის, "-------"-ის, "-------"-ის და "-------"-ის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოების შესრულება ჯამში 27 931 106 ლარის ოდენობით და ქალაქ "-------"-ის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ჯამში 10 980 055 ლარი. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ და ასევე, ექსელის საშუალებით.
გადამხდელს 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „N1-თან“ დადებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქალაქ „------“-სი სკოლის მშენებლობას განახორციელებდა აღნიშნული კომპანია, ხოლო სანაცვლოდ გადამხდელი დაიტოვებდა საერთო ღირებულების 8%. ამასთან, გადამხდელს 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გადახდილი აქვს 1 997 962 ლარის ავანსი, რომელიც დაბეგრილი აქვს მეორე მხარეს და შესაბამისად, სრულად ჩათვლილია გადამხდელის მიერ. ქვეკონტრაქტორმა 2023 წლის ბოლომდე შეასრულა 1 320 911 ლარის მომსახურება, რომლისთვის დამატებით მიიღო 1 230 356 ლარი, ხოლო 2023 წლის შემდგომ პერიოდში ქვეკონტრაქტორს არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების მიწოდებები. გადამხდელმა 2024 წელს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან (ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბრის თვეში) და სახელმწიფო შესყიდვით ნაკისრი სამშენებლო სამუშაოების გაწევა გააგრძელა საკუთარი ძალებით, რაც დღესაც მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი და ღირებულება, ასევე, ცნობილია, რომ განხორციელებული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია.
ამასთან, დამატებითი შესწავლით დადგინდა, რომ შპს „N1-ის“ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება (შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით). ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „N1-სთვის“ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ. შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2025 წლის 6 მაისს კომპანიაში ჩაატარა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, სადაც ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 615 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირდება სალაროში 29 480 ლარის ოდენობით ფულის ნაშთი, ხოლო 6 მაისს 148 229 ლარი, თუმცა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 6 მაისამდე საანგარიშო პერიოდში დამატებით ფიქსირდება ბანკიდან 121 054 ლარის გატანა და მხოლოდ 2 305 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი (29 480 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით
დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „N1-თან“ დადებული აქვს ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით. გადამხდელმა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გადაიხადა 1 997 962 ლარის ავანსი, რომელიც დაბეგრილი აქვს მეორე მხარეს და შესაბამისად, სრულად ჩათვლილია გადამხდელის მიერ. შპს „N1-ის“ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „N1-თვის“ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. ვინაიდან, დღემდე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, გაუქმებას დაექვემდებარა დღგ-ის ჩათვლები იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე წარმოდგენილ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დადგენილება არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენს შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე და შესაბამისად, არ წარმოადგენს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არც თანხის დაბრუნება, ხოლო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია და შესაბამისად, არ არსებობს დღგ-ის ჩათვლის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2025 წლის 6 მაისს კომპანიაში ჩაატარა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, სადაც ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 615 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დაფიქსირდა 29 480 ლარის ოდენობით ფულის ნაშთი, ხოლო 6 მაისს 148 229 ლარი, თუმცა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 6 მაისამდე საანგარიშო პერიოდში დამატებით ფიქსირდება ბანკიდან 121 054 ლარის გატანა და მხოლოდ 2 305 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2025 წლის მაისის თვეში სალაროში არსებული ფულადი ნაშთის გადამხდელის მიერ დივიდენდად გაცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2025 წლის პირველი აპრილი) გადამხდელს სალაროში უფიქსირდებოდა 29 480 ლარის ოდენობით ფულის ნაშთი, ხოლო 2025 წლის 6 მაისს 148 229 ლარი. ამასთან, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორისთვის ავანსად გადახდილ თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას სხვადასხვა წელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.
ასევე, კომპანიამ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში რამდენიმე პროექტი.ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა,სსკ-ის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ. შედეგად, გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა კომპანიაში ჩაატარა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა.დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საწარმოს დაუკორექტირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, გადამხდელს,სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,176,179.