ბრძანება N 3123

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3132
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3123

20.02.2023

შპს „--------“ (ს/ნ -----------)

(მის.: „--------“)

2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „--------“(ს/ნ -------- ) №77738/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული სამივლინებო თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მომსახურება, კერძოდ, გზების მოვლა/შენახვა და რემონტი, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით და დადგენილი წესით ხდება სამივლინებო თანხების ანაზღაურება და აღრიცხვა. აღნიშნავს, რომ სრულად ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ითხოვს წარდგენის შესაძლებლობას და ხელფასად განხილული თანხის შემცირებას. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ასევე მიუთითებს შემოწმების გაანგარიშებებსა და გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობაზე და ითხოვს მოგების, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, შემოწმების მიერ გაანგარიშებების ხელახლა შესწავლას საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად.

2. გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილის №10873 და 27 დეკემბრის №33145 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 29 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33487 ბრძანება და ამავე თარიღის №005-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 072 553 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 112 796 ლარი, ჯარიმა 598 909 ლარი, საურავი 360 848 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 საწარმოს საბანკო ანგარიშის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირებზე სისტემატურად გაიცემოდა სხვადასხვა დანიშნულებით სხვადასხვა ოდენობის თანხები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მიხედვით, აღნიშნული თანხები გადახდილია თანამშრომლებზე მივლინების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, თუმცა შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მივლინებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებით, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შპს „--------“დაარსდა 2014 წლის 13 ნოემბერს. საწარმოს დამფუძნებელია ფიზიკური პირი „--------“ (პ/ნ -------- ) - 100% წილით, ხოლო დირექტორი „--------“ (პ/ნ „--------“). საწარმოს ძირითად ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამშენებლო/სარემონტო მომსახურება. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. "-------" . საწარმო ძირითადად შემოსავალს იღებს ტენდერებიდან, სადაც მომსახურებას უწევს სახელმწიფო ერთეულებს, ამასთანავე უსრულებს მომსახურებას რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, ძირითადად შპს „--------". ამასთანავე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს "--------" გადმოცემული აქვს 5 საცხოვრებელი ფართი, ამათგან 2 ბინა რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2021 წლის 18 ნოემბერს ქ. "--------" 148.3 კვ.მ (საკადასტრო კოდი „--------“) შესყიდული აქვს ფიზიკურ პირ „--------“ (პ/ნ "-------" ) - 74 000 აშშ დოლარად, ხოლო ქ. "-------" - 148.3 კვ. მ. (საკადასტრო კოდი „--------“) „--------“(პ/ნ ---------) - 73 000 აშშ დოლარად 2021 წლის 29 დეკემბერს. აღნიშნული ფართების რეალიზაციის თანხები გადამხდელის მიერ არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაზედაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე განხორციელებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, სრულად აქვს ჩათვლილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხებიც. შემოწმებით შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა 13 639 ლარის ოდენობით.

 საწარმოს საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების მიხედვით უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები 638 385 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ამონაწერების) მიხედვით დგინდება დეკლარირებულისგან განსხვავებული მონაცემები, კერძოდ, შემოწმების მიხედვით ხელფასის სახით განაცემები შეადგენს 2 215 866 ლარს. საგადასახადო საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საწარმოს ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე „შესრულებული მომსახურებებისთვის“ გადარიცხულია თანხები, რომელთა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შპს "------" " არ განუხორციელებია. შემოწმების მიერ განხორციელდა იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად. არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები შემოწმების შედეგად ასახული იქნა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ჯარიმა 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საწარმოს მიერ გადარიცხულია სხვადასხვა ფიზიკური პირების სწავლის გადასახადი, რომლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრაც საწარმოს არ განუხორციელებია. საგადასახადო საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სხვადასხვა პირების განათლების მისაღებად გადახდილი თანხები შემოწმების შედეგად ასახული იქნა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის

 საწარმოს საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ სხვადასხვა დანიშნულებით (სესხის პროცენტის დაფარვა, ოპერაციის ხარჯები და ა.შ) "--------" გადარიცხულია თანხები, რომელთა გადახდების შესახებ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა როგორც ფიზიკური პირის სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 შპს „-------“ საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა აბონენტებზე გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები (დენი, გაზი, წყალი და ა.შ.), „ავტომანქანის ლომბარდის ხარჯები“, უფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან, ბარათის მეშვეობით სხვადასხვა მაღაზიებში ტანსაცმლის, თეთრეულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების და ა.შ. შეძენა, რომელთა გადახდების შესახებ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 საწარმოს მიერ წარმოდგენლი დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად (მიღებული ზედნადებები) დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა ძირითადი საშუალება (საწოლი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი), ასევე სხვადასხვა საქონელი (პლედი, საწოლის თეთრეული, ჭურჭელი). სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დანიშნულების ადგილის მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული საქონელი განთავსებულია საწარმოს დამფუძნებლის მფლობელობაში არსებულ ბინაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა დღგით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთანავე, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე შპს „--------“ მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 441 546 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, 2022 წლის 29 აპრილს შპს „---------ის “ბუღალტერს „--------“ (პ/ნ --------) ჩაბარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება. ასევე, 2022 წლის 29 აპრილს წარმოდგენილია სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნა-განმარტება. 2022 წლის 29 აპრილს განხორციელდა შპს „--------“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისში, „--------“, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 (ნული) ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 საწარმოს მიერ წარმოდგენლი დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად (მიღებული ზედნადებები) დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა ძირითადი საშუალება (ავეჯი), ასევე სამშენებლო მასალები (კერამიკული ფილა, მილები და ა.შ), სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დანიშნულების ადგილია ქალაქი "-------" . აღნიშნულ ქუჩაზე საწარმოს არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით არსებული რაიმე ფართი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთანავე, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის იანვრიდან საწარმოს ყოველი თვის ბოლოს უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი, რომელიც მზარდია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. პროგრამულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროს ანგარიშზე ფულადი სახსრების შემოსვლა ფიქსირდება ძირითადად ბანკიდან. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამს (აღნიშნული ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა სამეურნეო დანიშნულებისთვის დირექტორის მიერ გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა დანიშნულებისამებრ ხარჯვა დასტურდებოდა), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთს და სააღრიცხვო პროგრამაში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გაანგარიშებულ იქნა სესხის სარგებლის ოდენობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) გათვალისწინებით, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გაანგარიშების მიხედვით, რიგ შემთხვევაში ფიქსირდება აღნიშნული ფულადი ნაკადების ცვლილება/შემცირება, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ. კერძოდ, გაცემული სესხის ფარგლებში დაბრუნებულ თანხებზე გადამხდელს მიეცა ჩათვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება.

ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა;

ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების თანახმად, მივლინება არის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გამგზავრება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია სამივლინებო თანხების ანაზღაურების და აღრიცხვის დოკუმენტაცია (3 ბაინდერი), თუმცა გადამხდელი ფიქრობს, რომ შემმოწმებლების მიერ ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე სრულყოფილად არ იქნა დოკუმენტაცია შესწავლილი. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში სრულად ვერ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ასევე მიუთითებს შემოწმების გაანგარიშებებსა და გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობაზე და ითხოვს მოგების, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმების მიერ გაანგარიშებების ხელახლა შესწავლას საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებითა და მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.