გადაწყვეტილება №26719/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26719/2/2026
31 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26719/2/2026).
დავის საგანი:
1. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის/ხარჯის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლა);
2. ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №591 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 154 997.24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 672 037.89
დღგ - 263 694.49
საშემოსავლო გადასახადი - 408 343.40
ჯარიმა - 335 881.40
საურავი - 147 077.95
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა, "------"-ის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე,მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17897 ბრძანება და №085-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24144 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 12.12.2025 წლის №26258/2/2025 გადაწყვეტილებით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახლა განიხილა საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში და 21.01.2026 წლის №591 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის/ხარჯის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლა)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, წარადგინა ბანკის ცნობები, ამონაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში, დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, ჯამში 1 728 651 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს აღნიშნული შემოსავლები. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, დღგ დარიცხულია 506 811 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10631 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბრის თვეში, დღგ დარიცხულია 52 513 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების აქტით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ნაწილში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 1 მაისის №8302 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ნაღდი ფულის ნაშთი გაანგარიშდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით. დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა (1 494 904 ლარი), რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 16 იანვარს 15:15 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც საწვავის თანხის ნაღდი ანგარიშსწორება დასტურდება რაიმე დოკუმენტით. შემოწმების პროცესში, განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვა მძღოლებისაგან, რომლებიც აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში ჩარიცხვის გზით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან. ხელზე არ ხდებოდა თანხის ან საწვავის მიღება. გარდა ამისა, შემოწმების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან, რომლებიც ასევე ზეპირსიტყვიერად განმარტავენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა რამდენიმე ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები ხელს აწერენ იმ შინაარსს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა საბანკო გადარიცხვით და ამის გარდა საწვავის თანხის მიღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ პირებთან გადამოწმების შემდეგ, სატელეფონო საუბარში ისინი განმარტავენ, რომ მხოლოდ ბანკით იღებდნენ თანხებს და შეკითხვაზე თუ ნოტარიულად რა შინაარსის ახსნა-განმარტებას მოაწერეს ხელი, მათი პასუხიდან ჩანს, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თუ რას მოიცავდა ის შინაარსი და რას ნიშნავდა რაზეც დაეთანხმნენ მოჩივანის დამფუძნებელს ამ ახსნა-განმარტებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას საწვავზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, გაუგებარია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობს საწვავზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი (სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი).
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა შეძენილი საწვავის გამოქვითვას. შემმოწმებელმა, მიუხედავად თავისი მოთხოვნისა, არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები და შემმოწმებლის მიერ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დადასტურებული ურთიერთშედარების აქტები, კერძოდ შემმოწმებელს არა აქვს გათვალისწინებული საწვავის ხარჯები, იმ პირობებში, როცა მთელი შემოწმების განმავლობაში, გადასახადის გადამხდელი ცალსახად, როგორც ზეპირი კომუნიკაციისას, ასევე წერილობითი ფორმით ამბობდა, რომ საწვავის ხარჯი იყო დამკვეთზე (და აღნიშნულზე არც შემმოწმებელს გამოუთქვამს რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია). კერძოდ, მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა დამკვეთი თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდა შემსრულებელს.
სინამდვილეს არ შეესაბამება აუდიტორის ზეპირი განმარტება, რომ თითქოს მძღოლებმა უარყეს ის გარემოება, რაც თვითონვე, თავისუფალი ნების საფუძვეზე დაადასტურეს ნოტარიუსთან. ნოტარიული წერილები იყო შემმოწმებლის მოთხოვნა და მასში ასახული ტექსტობრივი შინაარსის არგათვალისწინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ასევე, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწვავის ღირებულება დღგ მიზნებისათვის, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან საწვავის ღირებულებაში ყოველთვის მოიაზრება დღგ-ის გადასახადი და შესაბამისად, საწვავის ღირებულება უნდა იქნეს გათვალისწინებული, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების მიზნებისათვის, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის ჩათვლის) მიზნებისათვის.
2. ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, ჯამში 89 768 ლარი, გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, არა დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა, ჯამში 112 212 ლარით და დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 20%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ჯამში 89 768 ლარი გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი.
ითხოვს, აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები, გადასახადის გადამხდელის მიერ, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 31.10.2025 წლის №24144 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.12.2025 წელს №26258/2/2025 გადაწყვეტილებით, წარდგენილი საჩივარი განიხილა რა, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, საჩივარი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, მომჩივნის მიერ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტების და განმარტებების საფუძველზე, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა, ხსენებული სადავო საკითხების ნაწილში, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
მომჩივანი, ამჟამად წარმოდგენილი საჩივრით, სადავო საკითხების ნაწილში წამოადგენს არგუმენტებს, რომელიც მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურია, ცნობილია საბჭოსათვის (ასევე, დაფიქსირებულია საბჭოს 12.12.2025 წლის №26258/2/2025 გადაწყვეტილებაში) და კვლავაც აღნიშნავს, რომ:
- შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული საწვავის ხარჯები, მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა დამკვეთი თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდა შემსრულებელს, არ ეთანხმება აუდიტორის განმარტებას, რომ თითქოს მძღოლებმა უარყვეს ის გარემოება, რაც თვითონვე, თავისუფალი ნების საფუძველზე დაადასტურეს ნოტარიუსთან, ასევე არ იქნა გათვალისწინებული საწვავის ღირებულება დღგ-ის მიზნებისათვის, რაც ასევე არასწორად მიაჩნია, ითხოვს საწვავის ღირებულების გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების მიზნებისათვის, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის ჩათვლის) მიზნებისათვის;
- სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. ითხოვს, დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირების დამატებით შესწავლას, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე. თუმცა კვლავაც არ წარმოადგენს ინფორმაციას/მტკიცებულებას რა ფაქტობრივ და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელი კონკრეტული პირის მიმართ მიიჩნევს დარიცხვას არამართლზომიერად.
გადასახადის გადამხდელის მიერ, ამჟამად პირველი სადავო საკითხის ნაწილში, წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე (რომელიც ცნობილია საბჭოსათვის და ასევე, დაფიქსირებულია საბჭოს 12.12.2025 წლის №26258/2/2025 გადაწყვეტილებაში (საკითხი 2)), რომ კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც საწვავის თანხის ნაღდი ანგარიშსწორება დასტურდება რაიმე დოკუმენტით. შემოწმების პროცესში განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვა მძღოლებისაგან, რომლებიც აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში ჩარიცხვის გზით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან. ხელზე არ ხდებოდა თანხის ან საწვავის მიღება. გარდა ამისა, შემოწმების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან, რომლებიც ასევე ზეპირსიტყვიერად განმარტავენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა რამდენიმე ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები ხელს აწერენ იმ შინაარსს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა საბანკო გადარიცხვით და ამის გარდა, საწვავის თანხის მიღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ პირებთან გადამოწმების შემდეგ, სატელეფონო საუბარში ისინი განმარტავენ, რომ მხოლოდ ბანკით იღებდნენ თანხებს და შეკითხვაზე, თუ ნოტარიულად რა შინაარსის ახსნა-განმარტებას მოაწერეს ხელი, მათი პასუხიდან ჩანს, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თუ რას მოიცავდა ის შინაარსი და რას ნიშნავდა რაზეც დაეთანხმნენ მომჩივანის დამფუძნებელს ამ ახსნა-განმარტებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას საწვავზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, გაუგებარია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობს საწვავზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი).
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხების ნაწილში კვლავაც განმარტა, რომ აუდიტორების მიერ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა კომპანიის ხელმძღვანელობასა და მის წარმომადგენლებთან, თუ რაიმე იქნა მათ მიერ წარმოდგენილი, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაუთვალისწინეს, ანუ არაფრის წარდგენა არ მომხდარა ისეთის, რისი გათვალისწინებაც არ მომხდარა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საწვავზე გამოწერილი არ არის, ხოლო მძღოლები განმარტავდნენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო 21.01.2026 წლის №591 ბრძანებას, საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, მაგრამ არაფერს წარმოადგენს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიცემული შესაძლებლობის გამოუყენებლობაზე, კერძოდ სადავო საკითხების საჩივრის მისი მონაწილეობით განხილვის ნაწილში. ხოლო, როგორც შემოსავლების სამსახურის ხსენებული სადავო ბრძანებით ირკვევა, არათუ არ მიუღია განხილვაში მონაწილეობა, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა სადავო საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევა, მაგრამ არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი სადავოდ წარმოადგენს ასევე საკითხს (2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა), რომელიც საბჭოს ზემოაღნიშნული 12.12.2025 წლის №26258/2/2025 გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწვავის ღირებულება დღგ მიზნებისათვის,რასაც არ ეთანხმება
2.მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს აღნიშნული შემოსავლები. გარდა ამისა, გადამხდელზე, დღგ დარიცხულია 506 811 ლარი, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში, დღგ დარიცხულია 52 513 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების აქტით, გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ნაწილში.სსკ-ის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ნაღდი ფულის ნაშთი გაანგარიშდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით. დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა,რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
2.გადამხდელს, გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება,გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. სსკ-ის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, არა დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა დაიბეგრა, სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, 20%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,102,174,175.