ბრძანება N 15115

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.07.2025
№ დოკუმენტი 15115
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15115

04 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 29 მაისის და 9 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 და 12 ივნისის სხდომებზე (ოქმი №46 და №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 29 მაისის №95951/1/2025 და 9 ივნისის №96111/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №077-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. განმარტავს, რომ საწარმოს გააჩნია ერთი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სადაც არსებული შენობა-ნაგებობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად, ამ მიზნით საჭირო გახდა სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა და ზემოაღნიშნულ მისამართზე მიტანა. მიუთითებს, რომ სარემონტო სამუშაოები დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, ხოლო მიღებული დღგ-ის ჩათვლები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ ხე-მასალაზე გაწეული ხარჯის 75%-ის გათვალისწინებას. განმარტავს, რომ გააჩნია დოკუმენტურად შეძენილი ხე-მასალის ხარჯები და შესაბამისად, შემოწებას უნდა გაეთვალისწინებინა ხარჯების 100% ნაცვლად 75%-ისა. ამასთან, აცხადებს, რომ სპეც. ტექნიკის შესაძენად უცხოური მომწოდებლისთვის გადახდილი აქვს ავანსის სახით 172 667 ლარი. საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს შეძენილი ტექნიკის ფოტოსურათებს, სალაროს გასავლის ორდერებს, ხელშეკრულებებს და ითხოვს შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის 100%-ის და ავანსად გადახდილი თანხის ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებას.

4. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2400 და 20 თებერვლის №3067 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 ივნისიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 15 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 28 აპრილის №7822 ბრძანება და ამავე თარიღის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 196 276 ლარი, მათ შორის, გადასახადი 111 494 ლარი, ჯარიმა 58 117 ლარი, საურავი 26 665 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შიდა გადაზიდვის მომსახურების გაწევა შპს „-------“ გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე. მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, რომლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, მიღებული შემოსავლების შესახებ საბანკო ინფორმაცია და გაანგარიშდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმების ფარგლებში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქციის/მომსახურების შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები). აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს სარემონტო-სამშენებლო მასალები, რაც ვერ კვალიფიცირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენებად, შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე გადახდილი და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჯამურად, დამატებით ჩასათვლელი, კორექტირებული და გასაუქმებელი დღგ-ის თანხების ჩათვლის გაანგარიშებით, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ 594 ლარის ოდენობით.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ინფორმაციისა და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში (გარდა ------- რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა). ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. შემოწმების მიერ შესწავლილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია უნაღდო ანგარისწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ------- იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შემოწმების მიერ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, რომლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, მიღებული შემოსავლების შესახებ საბანკო ინფორმაცია და გაანგარიშდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ------- იმპორტირებული აქვს -------, ხოლო აღნიშნული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს სარემონტო-სამშენებლო მასალები, რაც ვერ კვალიფიცირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენებად, შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე გადახდილი და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო ჯამურად, დამატებით ჩასათვლელი, კორექტირებული და გასაუქმებელი დღგ-ის თანხების ჩათვლის გაანგარიშებით, გამოვლინდა მცირე სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ 594 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებამ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გაიანგარიშა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. აღნიშნულ ნაწილში შემოწმებამ არ გაითვალისწინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი შეძენებიდან მისაღები ჩასათვლელი თანხები, რადგან, შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილების მიხედვით დგინდება, რომ დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის (მის: -------, -------) რემონტისთვის შეძენილია სარემონტო მასალები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სარემონტო-სამშენებლო მასალებზე მიღებული დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილად მითითებულია დამფუძნებლის საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო აღნიშნული ოპერაცია ვერ კვალიფიცირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეძენასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება განხოციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციისა და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში (გარდა ------- რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა). ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. შემოწმების მიერ შესწავლილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში. შემოწმებამ დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გაითვალისწინა უნაღდო ანგარისწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ------- იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შედეგად, შემოწმების მიერ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის 75%-ის ნაცვლად 100%-ის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ხე-მასალის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები), შესაბამისად, შემოწმების მიერ კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანაგრიშების მიხედვით დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ხარჯები და დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, უცხოური მომწოდებლისთვის, სპეც. ტექნიკის შესაძენად, გადახდილი აქვს ავანსის სახით 172 667 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმებისთვის წარდგენილი აქვს გასავლის ორდერები და ინვოისები. ამასთან, საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს გასავლის ოდერები და ხელშეკრულებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. დღგ-ის დარიცხვას.

2. დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.

3. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტის გარეშე შეძენილ ხე-მასალაზე გაწეული ხარჯის 75%-ის გათვალისწინებას.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შიდა გადაზიდვის მომსახურების გაწევა. მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს ფქვილი, რომლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი შემოსავლის დეკლარირება არ აქვს განხორციელებული. შემოწმების მიერ გაანგარიშდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს სარემონტო-სამშენებლო მასალები, რაც ვერ კვალიფიცირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენებად, შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე გადახდილი და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ.

3. შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესწავლილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია უნაღდო ანგარისწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ფქვილის იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შემოწმების მიერ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 105; 101; 154; 159; 163; 175; 269(7)