ბრძანება N 17724
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17724
21 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" )
ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------" -ის (პ/ნ "-------" )
(ფაქტ. მის.: "-------" )
2021 წლის პირველი ივლისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრისა და 2023 წლის 6 ივლისის სხდომებზე (ოქმი №122 და №71) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" ) ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------"-ის (პ/ნ "-------") 2021 წლის პირველი ივლისის №138048/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71, 2020 წლის 16 ივლისის №001-155 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება და ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71, 2020 წლის 16 ივლისის №001-155 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებს. განმარტავს, რომ მისთვის საგადასახადო შემოწმების აქტების შესახებ ცნობილი გახდა 2021 წლის 7 ივლისს, როცა ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი, საიდანაც გაირკვა რომ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს "-------" ცრუმაგიერ პირად აღიარების მოთხოვნით. აცხადებს, რომ შემოწმება მოიცავს იმ პერიოდსაც, როცა "-------" იყო შპს „------ - ის “ დირექტორი. კერძოდ, "--------" - თან დავის საგანია 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივლისის პერიოდები. აღნიშნავს, რომ მას 2018 წლის ივლისის შემდგომ კომპანიასთან არანაირი შეხება აღარ ჰქონია და შემოწმებისას არ ჰქონდა ინფორმაცია და შესაძლებლობა წარედგინა იმ პერიოდის დოკუმენტაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 აპრილის №10936 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------- -ის ” (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „N1-თან “ (ს/ნ "------"), შპს „------ თან “ (ს/ნ "------"), შპს „-------“-სთან (ს/ნ "-------" ) ჩასათვლელი/ჩათვლილი დღგ-ის სისწორის დადგენის მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა 2019 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2019 წლის 16 აპრილის №11329 ბრძანება და ამავე თარიღის №001–71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 663 182 ლარი, მათ შორის გადასახადი 399 152 ლარი, ჯარიმა 199 576 ლარი და საურავი 64 454 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციაში ადგილობრივად ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში შპს „"------"-სგან “ (ს/ნ "------") გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების , შპს „----- სგან “ (ს/ნ "------") გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და შპს „---- - სგან “ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა. შემოწმების მიმდინარეობისას ვერ დადგინდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტი, ასევე, ვერ დაიდენტიფიცირდა თუ რა ტიპის მომსახურებაზე/საქონლის მიწოდებაზე (მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, შემოწმებელთა ჯგუფის მიერ ვერ დადგინდა ჩათვლილი თანხების მართლზომიერება, ჩათვლილი დღგ-ის თანხები რამდენად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციებისა). ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია აღნიშნულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 აპრილის №10936 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------ - ის ” (ს/ნ "-------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა 2020 წლის 29 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 14 აგვისტოს №24086 ბრძანება და ამავე თარიღის №001-203 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 736 456 ლარი, მათ შორის გადასახადი 391 341 ლარი, ჯარიმა 196 982 ლარი და საურავი 148 133 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და ინფორმაცია საწარმოს დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. ასევე, საწარმომ შესამოწმებელ პერიოდზე ვერ წარადგინა ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ ინფორმაცია. შემოწმებით, ვინაიდან კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, საწარმოს შემოსავლები და დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და მესამე პირებისგან მიღებულ მასალებს, რომელთა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დ დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის თანახმად:
1. საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, პირის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლება საკომპენსაციო თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ თანხის მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;
ბ)განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ)განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას ვერ დადგინდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტი, ასევე, ვერ დაიდენტიფიცირდა თუ რა ტიპის მომსახურებაზე/საქონლის მიწოდებაზე (მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, შემოწმებელთა ჯგუფის მიერ ვერ დადგინდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები რამდენად გამოიყენებოდა ან/და გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციებისა). ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები.
ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება შესაბამისი პერიოდების მიხედვით მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და ინფორმაცია საწარმოს დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. ამასთან, საწარმომ შესამოწმებელ პერიოდზე ვერ წარადგინა ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ ინფორმაცია.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხს, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივლისის №001-155 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 19 ივნისის №16192 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------- - ის ” (ს/ნ "-------" ) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 16 ივლისის №19750 ბრძანება და ამავე თარიღის №001-155 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 798 303 ლარი, მათ შორის გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 798 303 ლარი და საურავი 0 ლარი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------" (პ/ნ "-------") მიერ და არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, სადავო საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------" -ის (პ/ნ "-------") საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივლისის №001-155 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- ის “ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------" ის (პ/ნ "------") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ "------"- ის (პ/ნ "------") საჩივარი 2020 წლის 16 ივლისის №001-155 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება და ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71, 2020 წლის 16 ივლისის №001-155 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას ვერ დადგინდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტი, ასევე, ვერ დაიდენტიფიცირდა თუ რა ტიპის მომსახურებაზე/საქონლის მიწოდებაზ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მოჩივანის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 აპრილის №001-71 და 2020 წლის 14 აგვისტოს №001-203 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
გადამხდელის მოთხოვნა №001-155 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),982136,101,154,173,174,275(4),301(გ)