გადაწყვეტილება №27764/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.10.2026
№ დოკუმენტი 27764/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27764/2/2026

12 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27764/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებასა და დღგ-ში დეკლარირებულ თანხას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა;

2. რეალიზებულ ბინებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

3. საგადასახადო შემოწმების აქტის საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლთან შესაბამისობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №066-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2026 წლის №13104 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 559 127.71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 369 300

დღგ - 279 300

საშემოსავლო გადასახადი - 90 000

ჯარიმა - 185 337

საურავი - 4 490.71

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.04.2026 წლის №7396 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2026 წლის №13104 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებასა და დღგ-ში დეკლარირებულ თანხას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 135 ლარს, ხოლო 2023 წლამდე მიღებული ავანსების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 38 605 ლარი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული იყო საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა ფიზიკურ პირზე 562 986 ლარად (დღგ-ის გარეშე). საცხოვრებელი კორპუსის ფაქტობრივი ექსპლუატაციის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვალს №4131 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა -------, ------- გადასახადის გადამხდელის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი კორპუსი) დათვალიერება, დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი 2026 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით ფაქტობრივად შესული იყო ექსპლუატაციაში (დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, შეყვანილი იყო კომუნიკაციები, მათ შორის ფუნქციონირებდა ლიფტი და მესაკუთრეების მიერ ხდებოდა უძრავი ქონების გამოყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის). შემოწმების პროცესში მონაწილეობდა საწარმოს დირექტორი, რომელსაც არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი რეალიზებული ფართების ღირებულებასა და დეკლარირებულ თანხას შორის სხვაობა 523 248 ლარი (562 986 - 39 738 = 523 248 ლარი, დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების დამუშავების (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები) შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული იყო საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა ფიზიკურ პირზე 562 986 ლარად (დღგის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ------- შპს „-------“ მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი დათვალიერება, საცხოვრებელი კორპუსის ფაქტობრივი ექსპლუატაციის დადგენის მიზნით. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი 2026 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით ფაქტობრივად შესული იყო ექსპლუატაციაში, კერძოდ, დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, შეყვანილი იყო კომუნიკაციები, მათ შორის ფუნქციონირებდა ლიფტი და მესაკუთრეების მიერ ხდებოდა უძრავი ქონების გამოყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის. შემოწმების პროცესში მონაწილეობდა საწარმოს დირექტორი, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი რეალიზებული ფართების ღირებულებასა და დეკლარირებულ თანხას შორის სხვაობა 523 248 ლარი (562 986 - 39 738 = 523 248 ლარი, დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც აცხადებს, რომ შემოწმების მიერ 2 ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეცდომით არის ცხრილში გადმოტანილი ნასყიდობის ფასები და დანართად წარმოდგენილი აქვს ორივე ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

√ ------- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ჰქონდა 25 000 ლარი, მაგრამ 2022 წლის 7 სექტემბერს (არაშესამოწმებელ პერიოდში) ავანსად ჩარიცხული ჰქონდა 10 000$ ექვივალენტი ლარში 28 705 ლარი. საწარმოს მიერ აღნიშნული თანხა დეკლარირებული იყო შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდებოდა ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. აგრეთვე, საბაზრო ფასის გაანგარიშების დროს საბაზრო ფასს გამოკლებულია 28 705 ლარი.

√ ------- შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების გაანგარიშებაში დასაბეგრი თანხად მითითებულია 69 573 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 30 00 ლარზე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მოცემულ ბინაზე შემოწმების მიერ არ გავრცელებულა საბაზრო ფასი, რომლის შედეგად დასაბეგრი თანხა იქნებოდა 82 822 ლარი.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა, დამატებით მოიკვლია და შეისწავლა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო შემცირებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, საწარმოს კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული ჰქონდა ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენდა საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის უძრავი ქონების რეალიზაციის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. შედეგად, დამატებით განსაზღვრულ ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა 966 336 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ფულადი სახსრების ნაშთი 360 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით არასწორად (მეტობით) არის განსაზღვრული ნასყიდობის ხელშეკრულებებით მშენებარე ბინების რეალიზაციიდან მიღებული შე-მოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, „შემოწმების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების დამუშავების (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები) შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე 562 986 ლარად (დღგ-ის გარეშე)“. სინამდვილეში, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 526 695 ლარი. შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების აქტით არასწორად გაზრდილია 36 291 ლარით. მოცემული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოწმებას 2 ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით (იხ. თანდართული ხელშეკრულებები) გაანგარიშებისას არასწორად აქვს გათვალისწინებული ნასყიდობის ფასები.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, „------- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ჰქონდა 25 000 ლარი, მაგრამ 2022 წლის 7 სექტემბერს (არაშესამოწმებელ პერიოდში) ავანსად ჩარიცხული ჰქონდა 10 000$ ექვივალენტი ლარში 28 705 ლარი. საწარმოს მიერ აღნიშნული თანხა დეკლარირებული იყო შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდებოდა ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. აგრეთვე, საბაზრო ფასის გაანგარიშების დროს საბაზრო ფასს გამოკლებულია 28 705 ლარი“.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, „------- შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების გაანგარიშებაში დასაბეგრი თანხად მითითებულია 69 573 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 30000 ლარზე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მოცემულ ბინაზე შემოწმების მიერ არ გავრცელებულა საბაზრო ფასი, რომლის შედეგად დასაბეგრი თანხა იქნებოდა 82 822 ლარი“.

მოცემულ ეპიზოდში დავის საგანია შემოწმების მიერ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დასაბეგრი ბრუნვის არასწორად განსაზღვრა. კერძოდ, ------- შემთხვევაში ამ ეპიზოდში დასაბეგრი იყო მხოლოდ 25000 ლარი, ხოლო ------- შემთხვევაში მხოლოდ 30000 ლარი. საბაზრო ფასის მიხედვით დარიცხვა განხორციელებულია სხვა ეპიზოდში და შესაბამისად, საბაზრო ფასის გამოყენება საჩივრდება სხვა ეპიზოდში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებული იყო საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა ფიზიკურ პირზე 562 986 ლარად (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვალს №4131 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა -------, ------- საწარმოს მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი კორპუსი) დათვალიერება (საცხოვრებელი კორპუსის ფაქტობრივი ექსპლუატაციის დადგენის მიზნით), დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი 2026 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით ფაქტობრივად შესული იყო ექსპლუატაციაში (დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, შეყვანილი იყო კომუნიკაციები, მათ შორის ფუნქციონირებდა ლიფტი და მესაკუთრეების მიერ ხდებოდა უძრავი ქონების გამოყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის). შემოწმების პროცესში მონაწილეობდა საწარმოს დირექტორი, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი რეალიზებული ფართების ღირებულებასა და დეკლარირებულ თანხას შორის სხვაობა 523 248 ლარი (562 986 - 39 738 = 523 248 ლარი, დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ------- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ჰქონდა 25 000 ლარი მაგრამ 2022 წლის 7 სექტემბერს (არაშესამოწმებელ პერიოდში) ავანსად ჩარიცხული ჰქონდა 10 000 დოლარი ექვივალენტი ლარში 28 705, საწარმოს მიერ აღნიშნული თანხა დეკლარირებული არის შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, აგრეთვე საბაზრო ფასის გაანგარიშების დროს საბაზრო ფასს გამოკლებულია 28 705 ლარი, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი. ------- შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების გაანგარიშებაში დასაბეგრი თანხად მითითებულია 69 573 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 30 00 ლარზე, ხოლო საბაზრო ფასის გაანგარიშების შედეგად აღნიშნულ ბინაზე დასაბეგრი თანხა გამოდის 82 822 ლარი, შესაბამისად, მოცემულ ბინაზე შემოწმების მიერ არ გავრცელებულა საბაზრო ფასი. ამდენად, არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა სადავო საკითხის ზეპირი განხილვის სხდომაზე დასწრების და საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/არგუმენტაციის სათანადო, გამაბათილებელი არგუმენტების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებასა და დღგ-ში დეკლარირებულ თანხას შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. რეალიზებულ ბინებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების, დამატებით მოკვლეული ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო შემცირებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, საწარმოს კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული ჰქონდა ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენდა საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის უძრავი ქონების რეალიზაციის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. შედეგად, დამატებით განსაზღვრულ ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა 966 336 ლარი (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ფულადი სახსრების ნაშთი 360 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით ნასყიდობის ხელშეკრულებებით მშენებარე ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უსაფუძვლოდ არის განსაზღვრული საბაზრო ფასებით.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, „საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა, დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია რომ, საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ...გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება“.

სსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადასახადებით დაბეგვ-რის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/ მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული“. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი.... თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესი“-ს მე-2 პუნქტის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან“. ამავე წესის მე-3 პუნქტის თანახმად, „საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასის გამოყენების თაობაზე ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის ფორმა, ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და გარემოებები, რომელმაც გამოიწვია საბაზრო ფასის გამოყენება“.

შემოწმების აქტში ზოგადად არის მითითებული, რომ შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლად მითითებულია „ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები“, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის ამ ინფორმაციის შინაარსი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიჩნევის საფუძველი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ფასი ფაქტობრივი ფასისაგან განსხვავდება (ამგვარ ინფორმაციას არ წარმოადგენს ის, რომ ბინების მყიდველები არ არიან დღგ-ის გადამხდელები და მათ არ აქვთ დღგ-ის ჩათვლის მიღების ინტერესი). პირიქით, შემოწმების ჯგუფმა ბინების მყიდველებიდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც შემოწმების აქტში არ ასახა და არ შეაფასა, რადგან მის ვერსიას არ შეესაბამებოდა. ინფორმაცია კი სხვა კომპანიაში არსებული მაღალი ფასების შესახებ არ მიუთითებს ფაქტობრივი ფასის განცხადებული ფასის განსხვავებაზე, ვინაიდან თითოეულ კომპანიას თავისი საფასო პოლიტიკა გააჩნია და დაბალი სარეალიზაციო ფასები არ არის დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველი. საგულისხმოა, რომ კომპანიას 1949 კვ.მ. საერთო ფართიდან რეალიზებული არ აქვს 736 კვ.მ., საიდანაც 300 კვ.მ. კომერციული ფართია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ მიღებული შემოსავლებით შეძლო საბანკო კრედიტის დაფარვა და მნიშვნელოვანი ქონების შექმნა.

შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა სსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, არა-ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინების მიწოდების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება (მათ შორის უძრავი ნივთის შემძენი პირის/პირების ახსნა-განმარტება ან სხვა დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდებოდა (ნაკლები იყო) ფაქტობრივი ფასისაგან, რაც აუდიტის დეპარტამენტს სადავო შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციაზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას მიანიჭებდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე მხარეთა შორის გარიგებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ფასის საბაზრო ფასით შეცვლის (გავრცელების) საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას (იხ. შემოსავ-ლების სამსახურის 11.04.2023 წ. №7906 ბრძანება).

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მხოლოდ ციტირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები და საერთოდ არ არის პასუხი გაცემული მომჩივნის სამართლებრივ და ფაქტობრივ არგუმენტაციაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეაფასა მომჩივნის მიერ წარდგენილი ბინების მყიდველთა ნოტარიალურად დამოწმებული განმარტებები, რომლებითაც დასტურდება მათთან დადებულ ხელშეკრულებათა ნამდვილობა და მათ მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასების ოდენობა. ამის გარდა, შემოსავლების სამსახურმა არ შეაფასა საბჭოს სხდომაზე აუდიტორის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორები დაუკავშირდნენ ბინების მყიდველებს, რომლებმაც შემმოწმებლებს „არაფერი უთხრეს“ ანუ არ დაადასტურეს ხელშეკრულებაში მითითებულისაგან განსხვავებული ფასის გადახდა.

მომჩივანმა 22.09.2026 წელს დამატებით წარმოადგინა №28142/2/2026 საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ საჩივრის წარმოდგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელს დაუკავშირდა კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების 10-მდე მყიდველი, რომლებმაც აცნობეს, რომ ისინი კომპანიასთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დაბარებული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მოგვიანებით მათ გადასახადის გადამხდელს აცნობეს, რომ მათგან 3 პირი გამოიკითხნენ, ხოლო დანარჩენს აცნობეს, რომ მათი გამოკითხვის საჭიროება მოიხსნა. გადასახადის გადამხდელმა გამოკითხულ პირებს თხოვა, რომ მათ გამოეთხოვათ მათი გამოკითხვის ოქმები. მათ შეასრულეს აღნიშნული თხოვნა, მაგრამ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმეში არ იყვნენ მხარე. თუმცა მათ გადასახადის გადამხდელს აცნობეს, რომ გამოკითხვისას მათ დააფიქსირეს ის პოზიცია, რაც მითითებული ჰქონდათ ნოტარიალურ დასტურებში.

ზემოაღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია წარმოდგენილი ნოტარიალური დასტურებისა და აღნიშნული გამოკითხვის ოქმების შესწავლის შესაძლებლობა, ხოლო შემოსავლების სამსახურს თავის გადაწყვეტილებაში არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ნოტარიალური დასტურები (ცხადია, არც გამოკითხვის ოქმები), ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს ან შემოსავლების სამსახურს დაევალოს მათ საფუძველზე სადავო საკითხების ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება/გადაწყვეტილების მიღება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

11. ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების, მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

ულების/პირობის დადგომის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწმების აქტში ზოგადად არის მითითებული, რომ შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლად მითითებულია „ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები“, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის ამ ინფორმაციის შინაარსი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიჩნევის საფუძველი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ფასი ფაქტობრივი ფასისაგან განსხვავდება (ამგვარ ინფორმაციას არ წარმოადგენს ის, რომ ბინების მყიდველები არ არიან დღგ-ის გადამხდელები და მათ არ აქვთ დღგ-ის ჩათვლის მიღების ინტერესი). პირიქით, შემოწმების ჯგუფმა ბინების მყიდველებიდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც შემოწმების აქტში არ ასახა და არ შეაფასა, რადგან მის ვერსიას არ შეესაბამებოდა. ინფორმაცია კი სხვა კომპანიაში არსებული მაღალი ფასების შესახებ არ მიუთითებს ფაქტობრივი ფასის განცხადებული ფასის განსხვავებაზე, ვინაიდან თითოეულ კომპანიას თავისი საფასო პოლიტიკა გააჩნია და დაბალი სარეალიზაციო ფასები არ არის დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველი. საგულისხმოა, რომ კომპანიას 1949 კვ.მ. საერთო ფართიდან რეალიზებული არ აქვს 736 კვ.მ., საიდანაც 300 კვ.მ. კომერციული ფართია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ მიღებული შემოსავლებით შეძლო საბანკო კრედიტის დაფარვა და მნიშვნელოვანი ქონების შექმნა.

შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა სსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინების მიწოდების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება (მათ შორის უძრავი ნივთის შემძენი პირის/პირების ახსნა-განმარტება ან სხვა დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდებოდა (ნაკლები იყო) ფაქტობრივი ფასისაგან, რაც აუდიტის დეპარტამენტს სადავო შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციაზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას მიანიჭებდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე მხარეთა შორის გარიგებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ფასის საბაზრო ფასით შეცვლის (გავრცელების) საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მხოლოდ ციტირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები და საერთოდ არ არის პასუხი გაცემული მომჩივნის სამართლებრივ და ფაქტობრივ არგუმენტაციაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეაფასა მომჩივნის მიერ წარდგენილი ბინების მყიდველთა ნოტარიალურად დამოწმებული განმარტებები, რომლებითაც დასტურდება მათთან დადებულ ხელშეკრულებათა ნამდვილობა და მათ მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასების ოდენობა. ამის გარდა, შემოსავლების სამსახურმა არ შეაფასა საბჭოს სხდომაზე აუდიტორის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორები დაუკავშირდნენ ბინების მყიდველებს, რომლებმაც შემმოწმებლებს „არაფერი უთხრეს“ ანუ არ დაადასტურეს ხელშეკრულებაში მითითებულისაგან განსხვავებული ფასის გადახდა.

ამასთან, მომჩივნის განმარტებით, დაუკავშირდა კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების 10-მდე მყიდველი, რომლებმაც აცნობეს, რომ ისინი კომპანიასთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დაბარებული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მოგვიანებით მათ გადასახადის გადამხდელს აცნობეს, რომ მათგან 3 პირი გამოიკითხნენ, ხოლო დანარჩენს აცნობეს, რომ მათი გამოკითხვის საჭიროება მოიხსნა. გადასახადის გადამხდელმა გამოკითხულ პირებს თხოვა, რომ მათ გამოეთხოვათ მათი გამოკითხვის ოქმები. მათ შეასრულეს აღნიშნული თხოვნა, მაგრამ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმეში არ იყვნენ მხარე. თუმცა მათ გადასახადის გადამხდელს აცნობეს, რომ გამოკითხვისას მათ დააფიქსირეს ის პოზიცია, რაც მითითებული ჰქონდათ ნოტარიალურ დასტურებში.

ზემოაღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია წარმოდგენილი ნოტარიალური დასტურებისა და აღნიშნული გამოკითხვის ოქმების შესწავლის შესაძლებლობა, ხოლო შემოსავლების სამსახურს თავის გადაწყვეტილებაში არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ნოტარიალური დასტურები (ცხადია, არც გამოკითხვის ოქმები), ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს ან შემოსავლების სამსახურს დაევალოს მათ საფუძველზე სადავო საკითხების ხელახლა შესწავლა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.

საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.

ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.

განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.

აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების (მათ შორის მომჩივნის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების), საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/გამოკითხვის ოქმები და აღნიშნულის შესწავლის/ანალიზის შედეგების საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. საგადასახადო შემოწმების აქტის საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლთან შესაბამისობა

ფაქტების აღწერა

ზემოაღნიშნულის გარდა, საგადასახადო შემოწმების აქტი მოიცავს ასევე, შემდეგ ინფორმაციას:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა 13 522 ლარი. შემოწმებით, საწარმოს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდშივე მიღებული ჰქონდა გადახდილი ავანსის თანხების შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, მომსახურების/საქონლის გამწევი/მიმწოდებელი პირების მიერ გამოწერილი იყო საბოლოო მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო საწარმოს საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კვლავ სრულად ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების საფუძველზე შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა 13 522 ლარის ოდენობით და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ჩათვლილი 2 348 ლარის დღგ-ის თანხა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილით, 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით, 268-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ შემოწმების აქტში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, შემოწმების აქტში მითითებულია საგადასახადო კოდექსის ან/და საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა და შემოწმების აქტი შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო კანონმდებლობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა და, ამავდროულად, არ არის მითითებული მტკიცებულებები, რომლებითაც აღნიშნული გარემოებები დასტურდება.

1. შემოწმების აქტის თანახმად, „შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 1 135 ლარს, ხოლო 2023 წლამდე მიღებული ავანსების შესაბამისად დეკლარირებულია 38 605 ლარი“. შემოწმების აქტიდან და მისი დანართებიდან არ ირკვევა, რა თანხის დეკლარირება უნდა მომხდარიყო 2023 წლამდე მიღებული ავანსების მიხედვით და ხომ არ არის 2023 წლამდე დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულებები ხანდაზმული.

2. შემოწმების აქტის თანახმად, „შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული ავანსის ანგარიშფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა 13 522 ლარი. ... საწარმოს სრული ანგარიშფაქტურების საფუძველზე კვლავ სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა“. შემოწმების აქტიდან და მისი დანართებიდან არ ირკვევა, რომელი ავანსის ანგარიშ-ფაქტურებისა და საბოლოო ანგარიშფაქტურების მიხედვით არის დღგ-ის თანხები განმეორებით ჩათვლილი.

3. შემოწმების აქტის თანახმად, „შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო ბაზებში არსებული (მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) ინფორმაცის მიხედვით დადგინდა რომ, შესამოწმებელ პერიოდში არ ქონდა ჩათვლილი 2 348 ლარის დღგ-ის თანხა“. შემოწმების აქტიდან და მისი დანართებიდან არ ირკვევა, რომელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით არ არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

სსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად, „საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი“.

განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების აქტში მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა და, ამავდროულად, არ არის მითითებული მტკიცებულებები, რომლებითაც აღნიშნული გარემოებები დასტურდება. შესაბამისად, შემოწმების აქტი დაუსაბუთებელია, რასთან დაკავშირებითაც მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ და მომჩივნისათვის წარდგე-ნილი საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა.

გასაჩივრებულ ბრძანებაში „შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, შემოწმების აქტში მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა და შემოწმების აქტი შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო კანონმდებლობით“.

შემოსავლების სამსახურის მითითებული მსჯელობა იმდენად ზოგადია, რომ პასუხს არ იძლევა საჩივრის მოცემულ ეპიზოდში დასმულ არცერთ საკითხზე. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხებში გარკვევა არათუ შემოწმების აქტიდან, არამედ შემოწმების შედეგების გაანგარიშების ცხრილიდანაც (იხ. დანართი) შეუძლებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არ დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2026 წლის №66985-21-14 წერილის მიხედვით, შემოწმების მიერ ავანსის ფაქტურების განაშთვაში გამოყენებული იქნა ის სრული ანგარიშფაქტურები, რომლებზეც გამომწერი კომპანიების მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში აღნიშნული ავანსის დღგ-ს თანხებით შემცირებული არის გადასახდელი დღგ-ის თანხა, შედეგად არ არსებობს დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა, კერძოდ, 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვითაც მოითხოვა 1.01.2023-დან 01.03.2026-მდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (დანართი 1) დადასტურების უფლება, შედეგად დაადასტურა ანგარიშ-ფაქტურები, რისი ჩათვლაც განხორციელდა შემოწმებისას.

საბჭო იზიარებს სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, შემოწმების აქტი შეიცავს ყველა იმ კანონმდებლობის ნორმას და რეკვიზიტს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლთან და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.06.2026 წლის №13104 ბრძანება;

3. მე-2 დავის საგნის ნაწილში, მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ხელახალი (მათ შორის მომჩივნის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების) შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/გამოკითხვის ოქმები და შესწავლის/ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.