ბრძანება N 4789
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4789
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 13 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) №93627/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №005-191 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა საწვავის მიღებისა და რეალიზაციის აღრიცხვის ჟურნალებიდან ამონარიდი ინფორმაცია ექსელის ფაილებით. განმარტავს, რომ კომპანიას სრულად აქვს დაბეგრილი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები. 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაციასთან მიმართებით, რომელზეც შემოწმების განმარტებით არ არსებობდა შეძენის დოკუმენტები გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ (სატალონო კოდით) და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. მომჩივანი აცხადებს, რომ სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე შემოწმების მიერ არასწორად მოხდა დღგ-ის დარიცხვა, ამასთან მიმღები მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაზე მიმართული აქვს საგამოძიებო სამსახურისათვის.
2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატებს და განმარტავს, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია ხდება.
3. შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო დოკუმენტურად შპს „-------“ და შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შემდგომში გაყიდულია ფიზიკურ პირებზე და ამიტომ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის დღგის დეკლარაციებში.
4. გადასახადის გადამხდელი შპს „------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩათვლა მოხდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მეორე მხარის მიერ დღგ გადახდილია ბიუჯეტში. აღნიშნავს, რომ მომწოდებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია ჩასწორებული ფასით ახალი დოკუმენტის გამოწეროს და შეიმციროს ზედმეტად გადახდილი დღგ.
5. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, შემოწმების დასაწყისისთვის კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა და ფულის ნაშთი იყო 0 ლარი. ამასთან, შემოწმებამ 2 310 214 ლიტრი დიზელის შესაძლო რეალიზაციის გათვალისწინებით გამოიყვანა სალაროს ნაშთი.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7708 და 17 დეკემბრის №26478 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს -----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27247 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 413 455 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 190 763 ლარი, ჯარიმა 593 821 ლარი და საურავი 628 871 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, კერძოდ, ბენზინით, დიზელით და მაზუთით. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. ვაჭრობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე იჯარით აღებულ ავტო-გასამართ სადგურებზე. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ არსებობდა შესაბამისი შეძენის დოკუმენტი. შესამოწმებელ პერიოდში, საწვავის ფაქტობრივად დარიცხული ნაშთების, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საწვავის არადოკუმენტური რეალიზაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია 2021 წლის იანვრის, მაისის, სექტემბრის და 2022 წლის
იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი ტექნიკა (-----). აღნიშნული ტექნიკა რეალიზებული იყო 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა აღნიშნულ რეალიზაციებზე არ არსებობდა შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (-----), რომლის მიხედვითაც შპს „------“ შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი 342 436 ლარად. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას (ფასის გაათმაგებას). ამდენად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი 47 012 ლარის დღგ. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №7553 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 8 აპრილს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში ნაღდი ფული არ დაუდგინდა (0 ლარი). შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საკონტროლო სალარო აპარატების მონაცემებისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, ასევე გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შედეგად საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საქონლის (დიზელის) ნაწილში არ უფიქსირდებოდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად (2 310 214 ლიტრ საწვავზე), აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა ხარჯის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული საწვავის შესაძენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
რ) საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, კერძოდ, ბენზინით, დიზელით და მაზუთით. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ ჰქონდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესამოწმებელ პერიოდში, საწვავის ფაქტობრივად დარიცხული ნაშთების, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საწვავის არადოკუმენტური რეალიზაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. ამდენად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლითაც არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დათვლილია აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ღირებულებით და ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას სრულად აქვს დაბეგრილი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები. 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაციასთან მიმართებით, გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ (სატალონო კოდით) და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. მომჩივანი აცხადებს, რომ სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე შემოწმების მიერ არასწორად მოხდა დღგ-ის დარიცხვა, ამასთან მიმღები მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაზე მიმართული აქვს საგამოძიებო სამსახურისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, საწარმო 2021 წლის იანვრის, მაისის სექტემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით დადგინდა, რომ ზემომითითებულ საანგარიშო პერიოდებში დოკუმენტური ფასნამატი მერყეობდა 1%-დან 8%-მდე, ხოლო არადოკუმენტური -1%-დან -33%-მდე, შესაბამისად, თუ ადგილი ექნებოდა საწვავის ფასის შემცირებას, ბაზარს მასზე გავლენა ექნებოდა როგორც დოკუმენტურ, ისე არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. ამდენად, არაიდენტიფიცირებად რეალიზაციებზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების არამართლზომიერების საკითხი უსაფუძვლოა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, უარყოფითი ფასნამატით რეალიზებულ საქონელზე კომპანიის ამავე პერიოდის საშუალო დოკუმენტური 4.16%-იანი ფასნამატის გავრცელება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელი ტექნიკის რეალიზაცია. აღნიშნული ტექნიკა რეალიზებული იყო 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული ქონება შეძენილი იყო დოკუმენტურად შპს „-------“ და შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შემდგომში გაყიდულია ფიზიკურ პირებზე და ამიტომ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში შპს „------“ შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი 342 436 ლარად. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი 47 012 ლარის დღგ.
ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში ნაღდი ფული არ დაუდგინდა. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საკონტროლო-სალარო აპარატების მონაცემებისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, ასევე გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესწავლის შედეგად საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს 2 310 214 ლიტრი დიზელის ნაწილში არ ჰქონდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა ხარჯის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული საწვავის შესაძენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მაგრამ შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ პირველი და მე-3 სადავო საკითხების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა სახეზე იყოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირება) საფუძველი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას;
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატებს;
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ არსებობდა შესაბამისი შეძენის დოკუმენტი. შესამოწმებელ პერიოდში, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. შესაბამისად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა. ასევე, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. შემოწმებამ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ასევე 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკა რეალიზებული იყო 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა აღნიშნულ რეალიზაციებზე არ არსებობდა შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც შპს-ს შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი დღგ. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, რის შედეგადაც საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საქონლის (დიზელის) ნაწილში არ უფიქსირდებოდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად. შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);157;158;163;164;174;175;176;101;154;