გადაწყვეტილება №25822/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25822/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25822/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 8.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25822/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №063-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18662 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 413,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 511,49

დღგ - 23 261,49

საშემოსავლო გადასახადი - 250

ჯარიმა - 11 081,1

საურავი - 8 821,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას მიღებული, აქვს ავანსები. აღნიშნული ავანსები გადამხდელის მიერ დადასტურებული და ჩათვლილია. ამასთან, გამყიდველს ავანსები განაშთული აქვს, ხოლო მყიდველს არა, შესაბამისად, გადამხდელს ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ნაშთავს შემდეგი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები: ავ-------, ეა--------, ეა-------, ეა-------, ეა-------, ავ-------, ეა-------, ავ-------, ეა-------, ავ-------, ეა-------, ავ-------, ეა-------. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული დღგ-ის ჩათვლები აისახა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პერიოდებში. ასევე, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების კორექტირებების ასახვა შესაბამის თვეებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლები იყო შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვასთან შედარებით (2022 წელს 760 ლარი, 2023 წელს 49 447 ლარი, 2024 წელს 27 790 ლარი). გადასახადის გადამხდელის შემოსავალი დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გაანგარიშდა დეკლარირებული ფასნამატებით (21%, 23% და 33% წლების შესაბამისად). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასხადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №063-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18662 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54- ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამორჩენილი იყო ავანსის ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა 2022 და 2023 წელს და ეს თანხა შეადგენს 4 333,41 ლარს, რეალიზაციის თანხები 2022 წელში დეკლარირებულია სრულად და სხვაობა არ გამოვლენილა. აუდიტორის მიერ 2022 წელს დარიცხულია დღგ 9 599 ლარი ნაცვლად 4 180,86 ლარისა. 5 418,14 ლარით მეტი.

2023 წელს გაუნაშთავი ანგარიშ-ფაქტურების გამო დასარიცხია დღგ 152,55 ლარი, ხოლო ოქტომბერნოემბერ-დეკემბრის თვეებში ობიექტური მიზეზების გამო გამორჩენილია რეალიზაცია უნაღდო ოპერაციებზე (დირექტორის არყოფნის გამო ვერ მოხერხდა საბანკო ამონაწერების აღება ამ თვეებში) აღნიშნულის შესახებ აუდიტორს შემოწმების დაწყებისთანავე მიაწოდა ინფორმაცია. შემცირებული თანხა შეადგენდა: ოქტომბრის თვეში- 621,51 ლარს; ნოემბრის თვეში 10 024,79 ლარს და დეკემბრის თვეში 13 819 ლარს, სულ 24 465,58 ლარს დღგ-ს ჩათვლით. აქედან დღგ 3 732,03 ლარ., სულ 2023 წელს დასარიცხი იყო დღგ 3 884,58 ლარი (152,55+3 732,03) აუდიტორმა კი დაარიცხა 8 493 ლარი, ე.ი 4 608,42 ლარით მეტი.

რეალიზაციიდან ამონაგები განისაზღვრება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლებიდან, გაწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან, როდესაც საქონელი გადაეცემა მყიდველს, მაგრამ რა შუაშია ფასნამატი დღგ-ს დარიცხვის შემთხვევაში, მაშინ როდესაც ობიექტური მიზეზის გამო შემცირებული თანხა შეადგენდა: ოქტომბრის თვეში- 621,51 ლარს; ნოემბრის თვეში 10 024,79 ლარს და დეკემბრის თვეში 13 819 ლარს, სულ 24 465,58 ლარს. დღგ უნდა გამოანგარიშებულიყო 24 465,58 ლარიდან და არა ხელოვნურად 21%, 23% და 33%-ებით გაზრდილი თანხებიდან.

ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია ელექტრონული საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამით და შეუძლებელია აუდიტორს ვერ დაედგინა შემოსავლები. აუდიტის პროცესში მან მიღებული საქონელი დაითვალა მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც არ არის საქონლის მიღების საფუძველი, ის მხოლოდ დღგ-ის ჩათვლისათვის გამოიყენება და საქონლის მიღების საფუძველია სასაქონლო ზედნადები, რომლის გარეშეც აკრძალულია საქონლის შენახვა ტრანსპორტირება, რეალიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მომჩივანს ბუღალტრულ პროგრამაში შეძენები და რეალიზაციები ჯამურად ჰქონდა ჩამოწერილი მხოლოდ თანხების სახით, შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი დასახელების მასალა იყო რეალიზებული. შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების ანალიზისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წლების ნაშთების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები ჰქონდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები 21%, 23% და 33% წლების შესაბამისად და გადამხდელს დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ავანსები. აღნიშნული ავანსები მომჩივნის მიერ დადასტურებული და ჩათვლილია. გამყიდველს ავანსები განაშთული აქვს, ხოლო მყიდველს არა, შესაბამისად, გადამხდელს ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მიღებულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ნაშთავს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, გაუქმდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული დღგის ჩათვლები აისახა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პერიოდებში. ასევე, განხორციელდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებების ასახვა შესაბამის თვეებში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს ბუღალტრულ პროგრამაში შეძენები და რეალიზაციები ჯამურად ჰქონდა ჩამოწერილი მხოლოდ თანხების სახით, შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი დასახელების მასალა იყო რეალიზებული. შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების ანალიზისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წლების ნაშთების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები ჰქონდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები წლების შესაბამისად და გადამხდელს დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ავანსები. აღნიშნული ავანსები მომჩივნის მიერ დადასტურებული და ჩათვლილია. გამყიდველს ავანსები განაშთული აქვს, ხოლო მყიდველს არა, შესაბამისად, გადამხდელს ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მიღებულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ნაშთავს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, გაუქმდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული დღგის ჩათვლები აისახა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პერიოდებში. ასევე, განხორციელდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებების ასახვა შესაბამის თვეებში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159;163; 179(1-2)