ბრძანება N 5492
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5492
25 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 28 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 და 27 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №15, №17) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №93963/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №081-263 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი ბინების რეალიზაციაა გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და რა ფასით იხელმძღვანელა აუდიტორმა ბინის ღირებულების გამოთვლისას. ასევე, რადგან შემოწმებას დარიცხვის გაანგარიშება არ მიუწოდებია მომჩივანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სახეზე იყოს არსებითი შეცდომები.
2. წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილ ბარტერულ ოპერაციებთან დაკავშირებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ბუნდოვანია, არ ახლავს გაანგარიშებები და არ ირკვევა რომელი ბინების რეალიზაციებია მხედველობაში მიღებული.
3. საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის რეალიზებულად მიჩნევას ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა სამშენებლო ობიექტის მისამართისგან. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია შემოწმების პერიოდში აქტიურად ყიდულობდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მასალებს სხვადასხვა მომწოდებლისაგან და გაუგებარია კონკრეტულად რომელ ზედნადებებზე საუბრობს შემმოწმებელი, რათა გაირკვეს, რატომ იყო მითითებული ტრანსპორტირების დასრულების განსხვავებული ადგილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ადამიანური შეცდომის არსებობის რისკიც.
4. შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას და მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტიდან არ ირკვევა ავანსისა და მისი გამნაშთავი საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურების ნომრები, შესაბამისად გაუგებარია დარიცხვა და მისი საფუძვლები.
5. შპს „-------“ მიერ ------- მიმართ არსებული მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. მომჩივანი მიუთითებს, რომ გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შემმოწმებელმა მოიძია იყო ის, რომ ------- შპს „-------“ მიმართ ჰქონდა ფულადი ვალდებულება - აენაზღაურებინა ფ/პ ------- გადაცემული ბინების ღირებულებები. აღნიშნავს, რომ მხარეთა ნება არ ყოფილა სასესხო ურთიერთობაში შესვლა, არამედ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება იმაზე, რომ შპს „--------“ გადასცემდა 49 ბინას -------, ხოლო ------- გადაიხდიდა აღნიშნული უძრავი ქონებების საფასურს.
6. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და აცხადებს, რომ მათ მიერ გაკეთებულ გაანგარიშებასა და შემოწმებით გამოვლენილ შედეგებს შორის არსებითი სხვაობაა და აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა შესამცირებელია. ასევე, გაუგებარია კონკრეტულ თვეში რომელი გადარიცხვებია განხილული ხელფასად და რომელი მომსახურების ანაზღაურებად.
7. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებამ მიღებულად ჩათვალა კომპანიის მიერ როგორც მიღებული, ისე მისაღები თანხები, თუმცა ბინების შემძენი პირების მიერ გადაუხდელი თანხები წარმოადგენდა კომპანიის დებიტორულ მოთხოვნას და აღნიშნული თანხების მიღების შემდეგ კომპანიას მოუწევს, რომ ეს თანხები ასახოს შემოსავლადაც და დირექტორზე გაცემულ ხელფასადაც, ამდენად დარიცხვა ამ ნაწილში გასაუქმებელია. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტიდან არ ჩანს რომელმა თანხებმა მიიღო მონაწილეობა გაანგარიშებაში. ასევე, რა სამართლებრივ ნორმებს დაეყრდნო აუდიტორი მიღებული/მისაღები თანხების ხელფასად განხილვისას. მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებელს არ გამოუყენებია „კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითება და არ შეუსწავლია მის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო საფეხურები, არ შეუდგენია შესაბამისი ანგარიში და კვალიფიკაციის შეცვლის შესაბამისი ნორმაც არ მიუთითებია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №17123 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27582 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 342 427 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 383 564 ლარი, ჯარიმა 691 733 ლარი და საურავი 267 130 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია -------, ------- მდებარე ობიექტზე (საცხოვრებელი კორპუსი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, სამშენებლო პროექტმა მიმდინარეობისას განიცადა ცვლილება (15 სართულის ნაცვლად გადაკეთდა 24 სართულიანად) და კორპუსის სტატუსი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით იყო მშენებარე. გასაყიდი/თავისუფალი ფართის ოდენობა შეადგენდა 964.1მ2 -ს. კორპუსის რეალიზებული ფართის ნაწილი შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგენდა მთლიანი სარეალიზაციო ფართის 80%-ს. შემოწმებით შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე სასამართლოს მიერ, დამფუძნებლებს შორის არსებული ქონებრივი დავის შესახებ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება - განჩინება, რომელიც გავლენას ახდენდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარმოუდგენლობისათვის 2-ჯერ. შემოწმების მიერ, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა შესამოწმებელ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაცია (რეალიზებული/გადაფორმებული ბინების მესაკუთრეებისაგან), ასევე სასამართლო შუამდგომლობით გამოთხოვილ იქნა საბანკო დაწესებულებებიდან კომპანიის სახელზე გახსნილი ანგარიშებიდან ამონაწერები. შემოწმებამ იხელმძღვანელა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, საიდანაც დადგინდა, რომ შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 752 მ2 ფართის რეალიზაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. შემოწმებით შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშის ამონაწერები, რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში. ასევე, შესწავლილ იქნა მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული, რეალიზებული ფართების, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება და ასევე მიღებული თანხები. აგრეთვე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული იყო ფართები (საჯარო რეესტრით საბოლოო მესაკუთრის ცვლილება), რაზეც მიღებული იყო ნასყიდობის ღირებულებები სხვადასხვა პერიოდებში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით) და საწარმოს მიერ არ იყო დეკლარირებული, ჯამურად 2 984 000 ლარი (მ.შ. 537 000 ლარი დღგ). ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „-------“ მიერ რეალიზებული იყო შპს „-------“ 2 509.1 მ2 და საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა აღნიშნული კომპანიიდან მიღებული თანხები „ფართების ღირებულების“ საფუძვლით. შემოწმების მიმდინარეობისას გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“, რომელიც ორჯერ დაჯარიმებულ იქნა ინფორმაციის წარმოუდგენლობისათვის. ხელშეკრულების პირობებიდან (ანაზღაურება განხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში) გამომდინარე, საბანკო გადარიცხვებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით აღნიშნული ნასყიდობის ღირებულება ჩათვლილ იქნა ანაზღაურებულად. შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი თანხები. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. წინა საგადასახადო შემოწმებებით დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული და დეკლარირებული მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიკუთვნებული ბინებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დაბეგრილი 2019 წლამდე რეალიზებული ფართების ღირებულების ნაწილი (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი თანხები. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა სამშენებლო ობიექტის მისამართისაგან. შემოწმებით აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 30 865 ლარით. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დუბლირებულად ჩათვლის გამო კომპანიას შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. კერძოდ, ჩათვლილი იყო, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურები სრულად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
5. შემოწმებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 მაისს ------- საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, რომლის მიხედვით: ფ/პ -------, როგორც შპს „-------“ 33.3% წილის მესაკუთრემ, მისი კუთვნილი წილი საკუთრებაში გადასცა -------, წილის ღირებულება განისაზღვრა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამასთან, განჩინების მიხედვით, აღნიშნული ღირებულების გადახდის ვალდებულება დაეკისრა შპს „-------“, -------, ------- მშენებარე, მრავალსართულიან სახლში მდებარე სულ 49 უძრავი ნივთის (მ.შ. ბინების, კომერციული ფართების, ანტრესოლებისა და ავტოფარეხების) ------- საკუთრებაში გადაცემით. ამასთან, შპს „-------“ ------- მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომპანიამ სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 20 ივნისს საკუთრებაში გადასცა -------, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნა შემოწმების დასრულებამდე არ იყო დაფარული. წინა საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული მოთხოვნა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე - ------- გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა - როგორც სარგებელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
6. სასამართლო შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული საწარმოს საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, გაანგარიშებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატებოდა კომპანიის დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, გადარიცხული თანხებიდან დაიდენტიფიცირდა გადარიცხვები საფუძვლებით „ხელფასი“ და „მომსახურების ანაზღაურება“, რაც დაკავშირებულ იქნა შესაბამის დეკლარირებულ განაცემებთან და სხვაობით გაზრდილ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირები. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
7. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავალი გაიზარდა შემოწმებით დადგენილი დამატებითი შემოსავლებით და შემცირდა საბანკო გადარიცხვებით გაწეული ხარჯებით (კრედიტორების ანგარიშსწორება, სახელფასო განაცემები, ფ/ზე გადახდილი მომსახურებების თანხები, სახაზინო გადარიცხვები და სხვა). ასევე, გადამოწმდა საწარმოს კრედიტორებთან არსებული დავალიანებები, შესაბამისად დოკუმენტურ ხარჯსა და საბანკო გადარიცხვებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროდან გაცემულად. დარჩენილი თანხები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 752 მ2 ფართის რეალიზაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. შემოწმებით შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშის ამონაწერები, რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში. ასევე, შესწავლილ იქნა მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული, რეალიზებული ფართების, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება და ასევე მიღებული თანხები. აგრეთვე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული იყო ფართები (საჯარო რეესტრით საბოლოო მესაკუთრის ცვლილება), რაზეც მიღებული იყო ნასყიდობის ღირებულებები სხვადასხვა პერიოდებში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით) და საწარმოს მიერ არ იყო დეკლარირებული, ჯამურად 2 984 000 ლარი. აგრეთვე, შპს „-------“ მიერ რეალიზებული იყო შპს „-------“ 2 509.1 მ2 და საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა აღნიშნული კომპანიიდან მიღებული თანხები „ფართების ღირებულების“ საფუძვლით. შემოწმებით აღნიშნული ნასყიდობის ღირებულება ჩათვლილ იქნა ანაზღაურებულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გაუგებარია რომელი ბინების რეალიზაციაა გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და რა ფასით იხელმძღვანელა აუდიტორმა ბინის ღირებულების გამოთვლისას. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორი ბინა შემოწმების მიერ ზედმეტად არის დაბეგრილი, რადგან მოხდა ამ პირებზე თანხის დაბრუნება და აღნიშნული ფართები სხვა პირებზე გაიყიდა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ შემოწმების მიერ მიღებულ შემოსავლებს დამატებული აქვს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლები, რაც იწვევს დუბლირებას, ვინაიდან შემოწმებით დადგენილ შემოსავლებში მონაწილეობას იღებს გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე დეკლარირებულიც.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული და დეკლარირებული მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიკუთვნებული ბინებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში 2019 წლამდე რეალიზებული ფართების ღირებულების ნაწილი (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ბუნდოვანია, არ ახლავს გაანგარიშებები და არ ირკვევა რომელი ბინების რეალიზაციებია მხედველობაში მიღებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა საწარმოს მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა სამშენებლო ობიექტის მისამართისაგან. შემოწმებით აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 30 865 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ჩათვლილი ჰქონდა, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად.
ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2020 წლის 20 ივნისს კომპანიას დირექტორის მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული. წინა საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული მოთხოვნა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე - ------- გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშდა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა - როგორც სარგებელი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ მხარეთა რეალური ნება არ ყოფილა სასესხო ურთიერთობაში შესვლა, არამედ აღნიშნული წარმოადგენდა ნასყიდობის ღირებულებას, რომელსაც პერიოდულად ფარავდა კომპანიის დირექტორი. აგრეთვე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორს შეტანილი ჰქონდა თანხები, რომელიც დასტურდება საბანკო ანგარიშის ამონაწერებით და შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული. კერძოდ, კომპანიის დირექტორს იმაზე მეტი თანხა ჰქონდა კომპანიაში შეტანილი ვიდრე გატანილი და მომჩივანი ითხოვს, რომ აღნიშნული სხვაობის თანხა განხილულ იქნას სესხის დაბრუნებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კომპანიის დირექტორის მიერ სესხის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით (მ.შ. ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი სრული ცხრილი). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-6 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა კომპანიის დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, გადარიცხული თანხებიდან დაიდენტიფიცირდა ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების საფუძვლით გადარიცხული თანხები, რაც დაკავშირებულ იქნა შესაბამის დეკლარირებულ განაცემებთან. ამასთან, გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისთვის ანაზღაურებული თანხები. მიღებული სხვაობით გაზრდილ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას ასევე განმარტა, რომ შეცდომის გამო, საბანკო ამონაწერებში დანიშნულების გრაფაში, ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია ხელფასი, თუმცა რეალურად იყო მომსახურების ანაზღაურება და აღნიშნული მომსახურების გამწევი პირები რეგისტრირებულნი იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები მ.შ. ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების შესახებ მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავალი გაიზარდა შემოწმებით დადგენილი დამატებითი შემოსავლებით და შემცირდა საბანკო გადარიცხვებით გაწეული ხარჯებით. ასევე, გადამოწმდა საწარმოს კრედიტორებთან არსებული დავალიანებები, შესაბამისად დოკუმენტურ ხარჯსა და საბანკო გადარიცხვებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროდან გაცემულად. დარჩენილი თანხები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმებამ მიღებულად ჩათვალა კომპანიის მიერ როგორც მიღებული, ისე მისაღები თანხები, თუმცა ბინების შემძენი პირების მიერ გადაუხდელი თანხები წარმოადგენდა კომპანიის დებიტორულ მოთხოვნას. აგრეთვე, მისთვის გაურკვეველია თუ რომელმა თანხებმა მიიღო გაანგარიშებაში მონაწილეობა. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის დირექტორს/დამფუძნებელს პერიოდულად შეჰქონდა საწარმოში თანხები და მისი შენატანების გათვალისწინებით უნდა დაკორექტირდეს შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კომპანიის დირექტორის მიერ სესხის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით (მ.შ. ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი სრული ცხრილი);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების შესახებ მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
8. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ: 1. რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას; 2. წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილ ბარტერულ ოპერაციებთან დაკავშირებულ დარიცხვას; 3. საქონლის რეალიზებულად მიჩნევას ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა სამშენებლო ობიექტის მისამართისგან; 4. შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას; 5. შპს მიმართ არსებული მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას; 6. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას; 7. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული რეალიზებული ფართების, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება და მიღებული თანხები. მომჩივანის საბანკო ანგარიშებზე აგრეთვე ფიქსირდებოდა კომპანიიდან მიღებული თანხები „ფართების ღირებულების“ საფუძვლით. შემოწმებით აღნიშნული ნასყიდობის ღირებულება ჩათვლილ იქნა ანაზღაურებულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული და დეკლარირებული მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიკუთვნებული ბინებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დაბეგრილი 2019 წლამდე რეალიზებული ფართების ღირებულების ნაწილი. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი თანხები. დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3. შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი. დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა სამშენებლო ობიექტის მისამართისაგან. შემოწმებით აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
4. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ კომპანიას ჩათვლილი ქონდა როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურები სრულად.
შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დუბლირებულად ჩათვლის გამო კომპანიას შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
5.კომპანიას დირექტორის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული. წინა საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული მოთხოვნა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. მიმდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშდა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა - როგორც სარგებელი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
6. საწარმოს საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატებოდა კომპანიის დეკლარირებულ მონაცემებს. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
7. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, დოკუმენტურ ხარჯსა და საბანკო გადარიცხვებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროდან გაცემულად. დარჩენილი თანხები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. დანარჩენ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ); 101; 154; 159; 175;