ბრძანება N 2653
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2653
12 თებერვალი 2024
ბრძანება
ი/მ "-----"- ის (ს/ნ "-----")
(ფაქტ. მის.: "-----")
2024 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") №86642/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №149-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ პირებზე განხორციელებული მიწოდებები და აღნიშნული თანხები ჩათვალა როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მიუთითებს, რომ შეცდომით ამორტყმული ჩეკების მხოლოდ მცირე ნაწილია გათვალისწინებული. აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული მომხმარებელზე დაბრუნებული თანხები, აგრეთვე, დასაბეგრი ბრუნვების (ნავაჭრის) გაანგარიშებისას მიღებულ თანხებს დამატებული აქვს ბანკის მიერ ჩამოჭრილი მომსახურების თანხა. განმარტავს, რომ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ არის სწორად გაანგარიშებული და პერიოდებზეც არასწორად არის განაწილებული.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის დაანგარიშებული მიღებული შემოსავალი. მიუთითებს, რომ მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი 2021 წელის ოქტომბერსა და დეკემბერში შემოწმებამ დაბეგრა 3%-ით, თუმცა გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებით აღნიშნულ პერიოდში მიღებული შემოსავალი არ სცდებოდა 500 000 ლარს.
მომჩივანი ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №20176 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 11 დეკემბრის №31054 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 12 დეკემბრის №149-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 194 930 ლარი, მათ შორის გადასახადი 112 708 ლარი, ჯარიმა 59 116 ლარი და საურავი 23 106 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (დოკუმენტები, ახსნა-განმარტებები და საბანკო ამონაწერები) საფუძველზე. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით 2022 წლის სექტემბრის და 2023 წლის მარტის თვეებში გაიზარდა კუთვნილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ხოლო, 2022 წლის სექტემბრის თვეში გამოვლინდა პირადი სარგებლობისთვის აკუმულატორების შეძენა, შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 370.76 ლარით. ამასთან, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია არასწორად ამორტყმული ხუთი ჩეკი (ჯამური თანხა 235 821), რომლის შესახებაც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი შემოსავალი განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 2022 წლის ოქტომბრის და 2023 წლის ივნისის თვეებში გადასცდა 500 000 ლარიან ზღვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეები და 2023 წლის ივნისის თვე დაექვემდებარა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის დარჩენილი თვეები დაიბეგრა 1%-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უწევს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება 2024 წლის პირველი იანვრიდან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს და არიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. ამასთან, შემოწმებამ გაითვალისწინა არასწორად ამორტყმული ხუთი ჩეკი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულია შეცდომით ამორტყმული ჩეკების მხოლოდ მცირე რაოდენობა, დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულია მომხმარებლებისათვის უკან დაბრუნებული თანხები და ნავაჭრის გაანგარიშებისას მიღებულ თანხებს დამატებული აქვს ბანკის მიერ ჩამოჭრილი მომსახურების თანხა, აგრეთვე, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ არის სწორად გაანგარიშებული და პერიოდებზეც არასწორად არის განაწილებული, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში გათვალისწინებულია ყველა ჩეკი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს დაწერილი ჰქონდა ელექტრონული განცხადება „არასწორად ამოღებული ჩეკების კორექტირების შესახებ“, ასევე გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში გამოვლენილი არასწორად ამოღებული ჩეკები, რომლის შესახებ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში დაწერა ახსნა-განმარტება. არასწორად ამოღებული ჩეკები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის არ არის ჩართული ერთობლივ შემოსავალში, რადგან მათი თანხობრივი ოდენობა არარელევანტურია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკასთან. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ მოუწოდებია ინფორმაცია მომხმარებელზე უკან დაბრუნებული თანხების შესახებ და არ წარუდგენია უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების აქტში დასაბეგრი შემოსავალი დათვლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს და "------" ბანკის ამონაწერების, შესაბამისი საბანკო მომსახურების საკომისიოს, სალაროში მიღებული თანხების, არასწორად ამოღებული და დაკორექტირებული ჩეკების მიხედვით, კალენდარული თვის ჭრილში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
2.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:
1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი შემოსავალი განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. გადამხდელი არ აწარმოებდა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის განსაზღვრულ აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 2022 წლის ოქტომბრის და 2023 წლის ივნისის თვეებში გადასცდა 500 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეები და 2023 წლის ივნისის თვე დაექვემდებარა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის დარჩენილი თვეები დაიბეგრა 1%-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უწევს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება 2024 წლის პირველი იანვრიდან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი განმარტავს, რომ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ არის სწორად გაანგარიშებული და პერიოდებზეც არასწორად არის განაწილებული.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის დაანგარიშებული მიღებული შემოსავალი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. ამასთან, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია არასწორად ამორტყმული ხუთი ჩეკი, რომლის შესახებაც გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი შემოსავალი განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისაგან. ამასთან, გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 2022 წლის ოქტომბრის და 2023 წლის ივნისის თვეებში გადასცდა 500 000 ლარიან ზღვარს.2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეები და 2023 წლის ივნისის თვე დაექვემდებარა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის დარჩენილი თვეები დაიბეგრა 1%-ით. გადამხდელს უწევს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება 2024 წლის პირველი იანვრიდან.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
88,89,93,158,159,164,174,175.