ბრძანება N 19601

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2026
№ დოკუმენტი 19601
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19601

03 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------------------------)

2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) №103842/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №083-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის წარმოდგენილი არც შესაბამისი მტკიცებულება და არც დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ერთსა და იმავე ოპერაციაზე დღგ-ის ორმაგად ჩათვლის ფაქტს.

2. არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ სარგებლად ითვლება სესხის შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით გაცემა. შესაბამისად, გაურკვეველია შემოწმების მიერ რა საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით ჩაითვლა კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის წლიურ 24%-ად სესხის გაცემა სარგებლად, გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით მიიჩნია აუდიტორმა ჯერ კიდევ მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი მიღებულად და დააკისრა კომპანიას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება.

3. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №3083 და 2026 წლის პირველი აპრილის №7450 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14901 ბრძანება და №083-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 057 989 ლარი, მათ შორის გადასახადი 649 465 ლარი, ჯარიმა 321 551 ლარი და საურავი 86 973 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტენდერის ფარგლებში სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესრულება. კომპანიას აღნიშნული მომსახურება გაწეული აქვს -----ის, -----ის, ----ის მუნიციპალიტეტებისთვის. პირს ასევე უფიქსირდება კერძო შესრულებებიც. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და ცნობები. არ წარმოუდგენია ბუღალტრული მონაცემები და ნაშთების შესახებ ინფორმაცია, რის გამოცა დაჯარიმდა ორჯერ. შემოწმების მიერ დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა.

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა, რაც შემოწმების მიერ დაკორექტირდა. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს 790 550 ლარის სესხი. აღნიშნულ პირებზე ასევე გაცემულია ხელფასები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი სესხის სახით განაცემი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2 პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც წლიური საპროცენტი განაკვეთი შეადგენს 24%-ს.

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცემული თანხა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, ერთერთ ფიზიკურ პირს უფიქსირდებოდა სესხის თანხის დაბრუნება 2 400 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებული იქნა მოგების ჩასათვლელ თანხაში. ამასთან, ფიზიკურ პირებზე დარიცხული სესხის პროცენტი დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას 2025 წლის მარტის თვის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ------ (დღგ-ის თანხით 4 576 ლარი) ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის აპრილის თვეში. აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურით გაინაშთა ძირითადი ანგარიშ-ფაქტურით ეა------ (დღგ-ის თანხით 33 578 ლარი). გადასახადის გადამხდელს ძირითადი ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და სრულად ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის სექტემბრის თვის პერიოდზე. შესაბამისად, 2025 წლის სექტემბრის თვის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 4 576 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს 790 550 ლარის სესხი. აღნიშნულ პირებზე ასევე გაცემულია ხელფასები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი სესხის სახით განაცემი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2 პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც წლიური საპროცენტი განაკვეთი შეადგენს 24%-ს. შემოწმების მიერ გაცემული თანხა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, ფიზიკურ პირებზე დარიცხული სესხის პროცენტი დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას.

2.ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №3083 და №7450 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14901 ბრძანება და №083-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 057 989 ლარი, მათ შორის გადასახადი 649 465 ლარი, ჯარიმა 321 551 ლარი და საურავი 86 973 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და ცნობები. არ წარმოუდგენია ბუღალტრული მონაცემები და ნაშთების შესახებ ინფორმაცია, რის გამოცა დაჯარიმდა ორჯერ. შემოწმების მიერ დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა.შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა, რაც შემოწმების მიერ დაკორექტირდა. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ასევე დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს 790 550 ლარის სესხი. აღნიშნულ პირებზე ასევე გაცემულია ხელფასები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი სესხის სახით განაცემი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2 პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც წლიური საპროცენტი განაკვეთი შეადგენს 24%-ს.შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცემული თანხა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, ერთერთ ფიზიკურ პირს უფიქსირდებოდა სესხის თანხის დაბრუნება 2 400 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებული იქნა მოგების ჩასათვლელ თანხაში.ფიზიკურ პირებზე დარიცხული სესხის პროცენტი დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1 „გ“); 96(„ა“); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“.8); 101(1.2„ბ“); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ ); 174(1.2.3); 175(1 „ა“, და „ბ“); 176(1 „ა“ ); 269(7);