გადაწყვეტილება №23381/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23381/2/2024
01 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23381/2/2024).
დავის საგანი:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;
2. საპროცენტო შემოსავლების და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან შემოსავლების კორექტირების შედეგად ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების შემცირება სახელფასო ხარჯების ნაწილში;
4. დასაკუთრებულ ქონებაზე გადასახდელი ქონების გადასახადის გაანგარიშება;
5. დარიცხული თანხების შეუსაბამობის საფუძველზე სადავო აქტების გაუქმება;
6. დაკისრებული სანქციების პატიება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13399 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 330 561,37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 172 684
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 894
საშემოსავლო გადასახადი - 171 790
ჯარიმა - 98 961
საურავი - 58 916,37
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 25.04.2024 წლის №21761/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31467 ბრძანება. საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 25.04.2024 წლის №21761/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 5.06.2024 წლის №13399 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები დამფუძნებელზე. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს. პერიოდის ბოლოს, 24.11.2022 წლის საბუღალტრო გატარებით, შესაბამისი კრების ოქმის საფუძველზე, აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ნაშთად არსებული თანხები, შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები ჩაითვალა 20%-იან სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 73-ე და 101-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანებაზე და საგადასახადო კოდექსის 154-ე და 43-ე მუხლებზე
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები, რომლის ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს. 24.11.2022 წლის საბუღალტრო გატარებით, შესაბამისი კრების ოქმის საფუძველზე, აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ნაშთად არსებული თანხები, წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხს, ხოლო გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები კი 20%-იან სარგებელს და მისი დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო იმის მტკიცება, რომ აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ გაიცა არა სხვა მიზნით, არამედ იმ მიზნით, რაც საქვეანგარიშო თანხების გაცემის მიზანს წარმოადგენს.
საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა ხდებოდა კომპანიის დაქირავებული პირის მიერ საქონლის შესაძენად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ ეს თანხები საქვეანგარიშოდ არის გაცემული და კომპანიის მიერ აღნიშნული ნაშთი შემცირებულია საწესდებო კაპიტალის ხარჯზე. აუდიტის დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული თანხების გაცემა არ ხდებოდა დაქირავებული პირის მიერ საქონლის შესაძენად, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ იმის მითითება, რომ 2 მლნ ლარის ოდენობის თანხაა საქვეანგარიშოდ გაცემული, რაც უნდა დაკვალიფიცირდეს უპროცენტო სესხად, არ იქნება მართებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები და ეს ნაშთები იყო მზარდი. აღნიშნული მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე არის გადაფარული. კომპანიის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის გაუქმებასთან და ჩვეულებრივ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნასთან დაკავშირებით განხორციელდა კომპანიის ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას ბუღალტრულად მოხდა შესაბამის ანგარიშებზე ნაშთების გადახურვა. ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის ხარჯზე მანამდე არ ყოფილა შემცირებული, რაც შეზღუდული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის დაწესებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მზარდი იყო მოთხოვნის ნაშთი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი იყო მზარდი და აღნიშნული თანხების კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში ხარჯვის დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის, აღნიშნული ნაშთები ბუღალტრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის ანგარიშის გადახურვით, ასევე განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი, აღნიშნული თანხის სესხად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საპროცენტო შემოსავლების და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან შემოსავლების კორექტირების შედეგად ერთობლივი შემოსავლის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან), შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის კორექტირება (გაზრდა).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 96-ე, 309-ე, მე-100, 102-ე, 105-ე და 72-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან), ასევე არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მ.შ. სახელფასო ხარჯები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთობლივი შემოსავლის, გამოსაქვითი ხარჯებისა და დეკლარირებული ზარალის დაკორექტირება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან). შედეგად საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
ადგილი არ ჰქონია საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან) არასწორად ასახვას, შესაბამისად საწარმოს სწორად აქვს ასახული ერთობლივი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი შემოსავლების სამსახური ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებას, რომ არასწორად მოხდა ასახვა საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების.
შესაბამისად აღნიშნული გარემოება არის როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ისე აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებების გაუქმების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;
ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოხდა შემოსავლების გარკვეული კომპონენტების კორექტირება. გაიზარდა საპროცენტო და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა გადასატანი ზარალი. დამატებით დარიცხვა არ განხორციელებულა. საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამის ანგარიშებზე ასახული ჰქონდა აღნიშნული შემოსავლები. ბუღალტრის მიერ გაშიფრული მონაცემები არ ედრებოდა ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ მონაცემებს. კომპანიის ლიკვიდატორი და ბუღალტერი ამ საკითხზე მონაცემებს ეთანხმებოდნენ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების დროს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შესწავლილია სრულყოფილად და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების შემცირება სახელფასო ხარჯების ნაწილში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან სახელფასო ხარჯები. განხორციელდა გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯები. შედეგად საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი. გაუგებარია პირველ რიგში იმაზე მითითება, რომ არასწორად ჰქონდა გამოქვითული საწარმოს სახელფასო ხარჯები, რადგან ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, არც საგადასახადო შემოწმების აქტში და არც აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №25500 ბრძანებაში სახელფასო ხარჯების გამოქვითვაზე მითითება არ ყოფილა. საწარმოს სწორად აქვს ასახული გამოსაქვითი ხარჯი და დეკლარირებული ზარალი.
შესაბამისად აღნიშნული გარემოება არის როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ისე აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებების გაუქმების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა სახელფასო ხარჯები. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელს მითითებული ჰქონდა სახელფასო განაცემები, რისი გათვალისწინებითაც შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული გამოქვითვები დაფიქსირებული ჰქონდა გაზრდილი ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა გადასატანი ზარალი. დამატებით დარიცხვა არ განხორციელებულა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სახელფასო ხარჯი, რაც დასტურდება მომჩივნის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოქვითვების კორექტირება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დასაკუთრებულ ქონებაზე გადასახდელი ქონების გადასახადის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება (მათ შორის დასაკუთრებული). დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და შეფასდა ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე და 202-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე და საგადასახდო კოდექსის 43-ე მუხლზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების (მიწის) გადასახადი. ამასთან, საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება (მ.შ. დასაკუთრებული). დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და შეფასდა ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ქონების გადასახადით დაბეგრილია მხოლოდ საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე, ცვეთა ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვრა საბაზრო ფასით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების რეალური ღირებულება. კერძოდ, ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებისას, შემოსავლების სამსახურს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა დასაბეგრი ქონების აკუმულირებული ცვეთა.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფებოდა ლიკვიდაციის პროცესში, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „-------“ გარდაიქმნა ისეთ საზოგადოებად, რომელიც აღარ განახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას, შესაბამისად, დაშლილმა საზოგადოებამ გააგრძელა არსებობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად. სხვა არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად კომპანია ვერ ახდენს კუთვნილი ქონებების განკარგვას, რაც კიდევ უფრო ართულებს კომპანიის მდგომარეობას. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ კომპანია იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ სიტუაციაში.
არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად ის ქონებები, რომელიც კომპანიის სახელზე ირიცხება, რეალურად ეკუთვნის სხვა პირებს, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ქონების მესაკუთრეებს სამართლებრივად წარმოადგენენ სხვა პირები და არა კომპანია, შესაბამისად კომპანიას უწევს/მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა იმ ქონებებზე, რომლის რეალურ მესაკუთრეს თვითონ არ წარმოადგენს, რაც ართულებს მის მდგომარეობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე; ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დასაკუთრებულ ქონებებზე, რომლებიც კომპანიის სახელზე ფიქსირდებოდა შესაბამისი საკადასტრო კოდებით (14 ერთეული ქონება), კომპანია თვითონვე ადეკლარირებდა ქონების გადასახადს, თუმცა არარეალური ღირებულებებიდან. მაგალითად, ქალაქ რუსთავში მდებარე შენობა-ნაგებობაზე, ქალაქ თბილისში, გლდანში მდებარე მიწაზე ან საბურთალოზე მდებარე მიწაზე ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეფასებული ჰქონდა 3 ათას, 10 ათას ან 20 ათას ლარად. შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ქონების გადასახადი განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულებიდან, რაც განსაზღვრული იქნა ექსპერტიზის შედეგად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მომჩივნის მიერ იყო განსაზღვრული და ხდებოდა ქონების გადასახადის დეკლარირება, ხოლო ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე ალტერნატიული ექსპერტიზის/შეფასების დასკვნა წარმოდგენილი არ არის, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. დარიცხული თანხების შეუსაბამობის საფუძველზე სადავო აქტების გაუქმება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველზე მოკლებულია, ვინაიდან გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ერიცხება გადასახადი 210 439 ლარი და ჯარიმა 98 961 ლარი, ხოლო საგადასახადო მოთხოვნითა და ბრძანებით დარიცხულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ჯამურად) გამოწვეულია საურავის დარიცხვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მოთხოვნითა და ბრძანებით დარიცხული თანხების შეუსაბამობას შემოსავლების სამსახური ვერ ადასტურებს. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ეს სხვაობა გამოვლენილია საურავის დარიცხვით არ არის საკმარისი არგუმენტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე ამავე დეპარტამენტის მიერ გამოიცა 13.10.2023 წლის №25500 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 309 400 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 210 439 ლარი და ჯარიმა 98 961 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №25500 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია გადასახადის თანხა 172 684 ლარი (მათ შორის მიწა - არასასოფლო 894 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 171 790 ლარი), ჯარიმა 98 961 ლარი, საურავი 58 916,37 ლარი და გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა: ქონების გადასახადი 37 755 ლარი (გადახდის სავადო 10.11.2023).
საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №25500 ბრძანების და ამავე დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნის მონაცემები გადასახადის და ჯარიმის თანხების ნაწილში თანხვედრაშია, ასევე საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის დარიცხული საურავი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
6.დაკისრებული სანქციების პატიება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 98 961 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 58 916,37 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე და 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარდა ამისა, კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „-------“ გარდაიქმნა ისეთ საზოგადოებად, რომელიც აღარ განახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას (ანუ შეუწყდა შემოსავლის წყარო), შესაბამისად დაშლილმა საზოგადოებამ გააგრძელა არსებობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად. სხვა არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად კომპანია ვერ ახდენს კუთვნილი ქონებების განკარგვას, რაც კიდევ უფრო ართულებს კომპანიის მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ კომპანია იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ სიტუაციაში, მისი არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს სწორედ მსესხებლებზე გაცემული თანხების უკან დაბრუნება, რაც გართულებულია, ვინაიდან მსესხებლები ნებაყოფლობით არ ახდენენ დავალიანების დაფარვას, ხოლო მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფი კომპანიის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება გართულებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ოდენობის ჯარიმისა და საურავის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიას.
თუ დავების განხილვის საბჭო არ გააუქმებს გასაჩივრებულ დოკუმენტებს (რისი სამართლებრივი საფუძვლები აშკარაა), უნდა გაითვალისწინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და საგადასახადო კოდექსის და „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აპატიოს კომპანიას ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივანისთვის გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.შედეგად საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
3.გადამხდელისთვის გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯები.
4.კომპანიას უწევს/მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა იმ ქონებებზე, რომლის რეალურ მესაკუთრეს თვითონ არ წარმოადგენს, რაც ართულებს მის მდგომარეობას.
5.საგადასახადო მოთხოვნითა და ბრძანებით დარიცხული თანხების შეუსაბამობას შემოსავლების სამსახური ვერ ადასტურებს. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ეს სხვაობა გამოვლენილია საურავის დარიცხვით არ არის საკმარისი არგუმენტი.
6.თუ დავების განხილვის საბჭო არ გააუქმებს გასაჩივრებულ დოკუმენტებს უნდა გაითვალისწინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და საგადასახადო კოდექსის და „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აპატიოს კომპანიას ჯარიმა და საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები დამფუძნებელზე. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს. პერიოდის ბოლოს, 24.11.2022 წლის საბუღალტრო გატარებით, შესაბამისი კრების ოქმის საფუძველზე, აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ნაშთად არსებული თანხები, შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები ჩაითვალა 20%-იან სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაერიცხა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი,შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის კორექტირება.
3.შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან სახელფასო ხარჯები. განხორციელდა გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება.
4.საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება (მათ შორის დასაკუთრებული). დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და შეფასდა ქონების საბაზრო ღირებულება. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და ჯარიმა.
5.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
6.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 58 916,37 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი იყო მზარდი და აღნიშნული თანხების კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში ხარჯვის დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის, აღნიშნული ნაშთები ბუღალტრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის ანგარიშის გადახურვით, ასევე განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი, აღნიშნული თანხის სესხად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების დროს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შესწავლილია სრულყოფილად და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მომჩივნის მიერ იყო განსაზღვრული და ხდებოდა ქონების გადასახადის დეკლარირება, ხოლო ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე ალტერნატიული ექსპერტიზის/შეფასების დასკვნა წარმოდგენილი არ არის, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.საბჭო მიუთითებს, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
6.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),100,101,102,136,154,202,203,205,269(7).