ბრძანება N 16606
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16606
12 ივლისი 2024
ბრძანება
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2024 წლის 16 იანვრის და 21 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ "------"-ის (ს/ნ "--------") 2024 წლის 16 იანვრის №6039/21-11 საჩივარი, ასევე 2024 წლის 21 ივნისს წარმოდგენილი №23328/2/2024 და №23329/2/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №002-299 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან, მეწარმეს არ ჰქონდა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნის დარღვევა. განმარტავს, რომ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ ევალება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში გაკეთებულ აღნიშვნაზე, რომლის თანახმადაც, მეწარმეს ყველა შეძენილ საქონელზე გააჩნია შესყიდვის აქტები. რაც შეეხება, ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი იმპორტირებულია თუ ადგილობრივი, ამ საკითხის გარკვევას სჭირდება ექსპერტები და, ვინაიდან, სტატისტიკური მონაცემების ბაზა დაფუძნებულია შერჩევითობის პრინციპზე, აუდიტორის ანალიზი არამართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ 2022 წელს მიღებული ჰქონდა სომხური ლორი, რომელიც არც წინა და არ მომდევნო წელს არ მიუღია, ვინაიდან, არარენტაბელური აღმოჩნდა. სწორედ ამ ლორმა გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი საქონლის სიდიდე 24%-მდე. შემოწმებით აღნიშნული 24% მიყენებული იქნა 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მთლიან შემოსავალზე, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგომა. ამასთან, არასწორი და გადასახედია აუდიტორის გაანგარიშებებიც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13896 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32401 ბრძანება და ამავე თარიღის №002-299 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 27 543 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 602 ლარი, ჯარიმა 5 445 ლარი, საურავი 2 496 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 7 თებერვლის №2280 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2280 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 11 ივნისის №22325/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2280 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„- მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლის შემდგომ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა;
- იმ საფუძვლით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების პირობებში.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2280 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
მეწარმის ძირითადი საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა-რეალიზაცია. პირი საქმიანობას ახორციელებს 2020 წლიდან. რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ მაღაზიების საშუალებით. საქონლის შეძენა ხორციელდება შესაბამის ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები, სადაც იდენტიფიცირებული არაა იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკა, გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (2022 წლის დეკებრის თვეში) და შემდგომ პერიოდში რეალიზებული იმპორტირებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის მიხედვით:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენებით.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მეწარმის მიერ საქონლის შეძენა ხორციელდება შესაბამის ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები, სადაც იდენტიფიცირებული არაა იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულები. შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა მეწარმის საქმიანობის სპეციფიკა, გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ი/მ "-------" საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად არ აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსის მიხედვით დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ "-------"-ის საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი საქმიანობას ახორციელებს 2020 წლიდან. რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ მაღაზიების საშუალებით. საქონლის შეძენა ხორციელდება შესაბამის ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები, სადაც იდენტიფიცირებული არაა იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკა, გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შემდგომ პერიოდში რეალიზებული იმპორტირებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
75(5),91,158,159,163,164.