ბრძანება N 18379
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18379
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 19 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 19 აპრილის №80446/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №021-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი სადავო იყო მხოლოდ დღგ-ის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, მიუხედავად დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებისა, იგივე თანხები დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადში, რითიც აუდიტის დეპარტამენტი გასცდა შემოსავლების სამსახურის დავალებას და დაამძიმა გადამხდელის საგადასახადო ტვირთი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2021 წლის 8 დეკემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო ოპერაციის სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 995 ლარით ჯარიმის ნაწილში. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 მარტის №021-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
კომპანიის დეკლარირებული შემოსავალი შედგებოდა M2 (მიკროავტობუსი) და M3 (ავტობუსი) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებიდან მიღებული ყოველდღიური გეგმიური შენატანებიდან, საიდანაც M2 კატეგორიიდან მიღებულ შემოსავალს გადამხდელი ბეგრავდა დღგ-ით, ხოლო M3 კატეგორიის შემოსავალს დღგ-ისგან ათავისუფლებდა ჩათვლის უფლების გარეშე. შემოწმების შედეგად, ორივე კატეგორიიდან მიღებული გეგმიური შენატანები დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა M3 კატეგორიიდან მიღებული შემოსავალის დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, ვინაიდან მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი“, არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის შემოსავლის განსაზღვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ, გამოკითხულ იქნენ M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. ამასთანავე, ერთობლივი შემოსავლიდან №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად, შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა), როგორც კომპანიის ერთობლივი შემოსავალი, ასევე, გამოსაქვითი ხარჯი (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის 12 967 ლარით შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაიზარდა 472 389 ლარით.
აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ (M2) შეადგინა 542 157 ლარი, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულმა ბრუნვამ (M3) შეადგინა 3 512 556 ლარი. ამასთანავე, დღგ-ის სრულ ბრუნვაში ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვის ხვედრითი წილის გაზრდამ გამოიწვია დღგ-ში ჩათვლების 62 461 ლარით შემცირება. ჯამურად დამატებული ღირებულების გადასახადში აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 97 304 ლარით, კერძოდ, გადასახადი შემცირდა 61 540 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 30 770 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით დარიცხული ჯარიმა 4 995 ლარით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, იმისთვის რომ გადასახადის გადამხდელზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დამძიმებულიყო, შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადში დამატებით დასარიცხი 472 389 ლარის ნაცვლად გადამხდელს დაერიცხა 74 506 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმება ჩატარდა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 მარტის №14778 ბრძანების საფუძველზე, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2009 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში - 2009-2012 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტის, დარიცხვის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 262 135 ლარი, მათ შორის, გადასახადი 117 780 ლარი, ჯარიმა 71 602 ლარი და საურავი 72 753 ლარი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების შედეგად გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი არ დარიცხვია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო ოპერაციის სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 97 304 ლარით, კერძოდ, გადასახადი შემცირდა 61 540 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა - 30 770 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით დარიცხული ჯარიმა - 4 995 ლარით. ამასთან, ერთობლივი შემოსავლიდან №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაანგარიშებული გამოსაქვითი ხარჯი გადაანგარიშების ეტაპზე დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად, რის შედეგადაც, გაიზარდა როგორც კომპანიის ერთობლივი შემოსავალი, ასევე, გამოსაქვითი ხარჯი ხელფასის სახით, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის 12 967 ლარით შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაზრდა 472 389 ლარით. თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დასარიცხი 472 389 ლარის ნაცვლად დაერიცხა 74 506 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა მხოლოდ ჯარიმა 4 995 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო ოპერაციის სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების აღსრულებისათვის აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეემცირებინა/გაეუქმებინა გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადები დღგ-ის ნაწილში და მხოლოდ დღგ-ის გაუქმების თანმდევი შედეგების გათვალისწინებით დაეკორექტირებია საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები სადავო იყო მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღგ-ს გარდა ყველა სხვა ნაწილში ხსენებული აქტი კანონიერ ძალაში შევიდა და ძალაში იმყოფებოდა არამარტო შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის ბრძანების გამოცემის მომენტში, არამედ აქტის პირველივე გასაჩივრების მომენტიდან, რაც გამორიცხავდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, რომ განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების 2014 წლის 29 აგვისტოს აქტის რევიზირება დღგ-ს გარდა, სხვა გადასახადების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულდა არამართლზომიერად, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი გასცდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებულ დავალებას და მიუხედავად დღგში დარიცხული თანხების შემცირებისა, შემცირებას დაუქვემდებარა ასევე მოგების გადასახადი სულ 13 053 ლარით (მათ შორის, გადასახადი 12 967, ჯარიმა 87 ლარი), ხოლო დარიცხვა განახორციელა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 105 363 ლარის ოდენობით (მათ შორის, გადასახადი 74 506 ლარი, ჯარიმა 30 856 ლარი).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი სადავო იყო მხოლოდ დღგ-ის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, მიუხედავად დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებისა, იგივე თანხები დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადში, რითიც აუდიტის დეპარტამენტი გასცდა შემოსავლების სამსახურის დავალებას და დაამძიმა გადამხდელის საგადასახადო ტვირთი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საწარმოს 2021 წლის 8 დეკემბრის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 995 ლარით ჯარიმის ნაწილში. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 მარტის №021-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8010 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2, 6); 306 (2); 298 (2); 255 (6).