ბრძანება N 15268
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15268
29.06.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) №78025/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №072-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს აქტის ბათილობას, რადგან მიაჩნია რომ საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების გამოკვლევის გარეშე, მხარისთვის შეუტყობინებლად და სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოკვლეული მასალებით დადგინდა გარკვეული უკანონო ტრანზაქციები ძველი ხელმძღვანელობის (-----------) მმართველობის პერიოდში. აცხადებს, რომ გარემოებების ნამდვილობის დასადგენად შემოწმების აქტს არ ერთვის საქმის მასალები. განმარტავს, რომ 2021 წლის 21 ოქტომბრიდან კომპანიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ახალი დირექტორი. ვინაიდან, ფიზიკური და იურიდიული პირი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება და მათ ცალ-ცალკე აქვთ მინიჭებული თავიანთი უფლებები, შპს „-----------“, როგორც ცალკეული სუბიექტი, არის დაზარალებული თუკი მისი ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდა რაიმე უკანონო მოქმედება, რის შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს კომპანიამ, რომელსაც უკვე ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. მიუთითებს, რომ თუკი მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გავლენას ახდენს ამ კომპანიის უფლებებზე და ქონებაზე ან საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უნდა მომხდარიყო კომპანიის როგორც დაზარალებულის საქმეში ჩართვა ან ამ შემოწმების აქტის შემდგენის მიერ უნდა დართულიყო საქმეზე ყველა ის მასალები, რაზეც შინაარსობრივად უთითებს შემმოწმებელი. თუკი კომპანიას არ ექნება სრული დოკუმენტაცია და ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული დარიცხვების შესახებ, მას ფაქტიურად კანონის ფარგლებში უკანონოდ ერთმევა შესაძლებლობა გამოიკვლიოს მის მიმართ განხორციელებული დარიცხვის ნამდვილობა და კანონიერება. კომპანიამ რომ დაიცვას თავი, უარყოს ან გააქარწყლოს მის მიმართ დაყენებული მოთხოვნა უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ქმედების შესახებ. აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა კანონშესაბამისად გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №15342 ბრძანების საფუძველზე, საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 28 მაისიდან 2022 წლის 9 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბრის №31283 ბრძანება და 2022 წლის 13 დეკემბრის №072-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 89 603 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 430 ლარი, ჯარიმა 41 620 ლარი, 9 553 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2022 წლის 9 ივნისის, ----------- წერილით და რევიზიის დანიშვნის დადგენილებიდან ირკვევა, რომ
შპს „----------“-ს, სხვადასხვა საწარმოებიდან და მათ შორის შპს „-----------“-სგან (ს/ნ -----------), გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. საგამოძიებო ორგანოს დადგენილებაში მითითებულია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები. ამ საფ-ებიდან, შპს „-----------“-ს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ შეადგენს 13 653 ლარს (--------------, დღგ5567,8 ლარი და -----------, დღგ- 8084,75 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადის სახით 136 53 ლარი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად
საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს სულ 315 258 ლარს, ხოლო საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 362 778 ლარი (იხ. დანართი #1-დასაბეგრი ოპერაციები), რაც 47 520 ლარით აღემატება დეკლარირებულს. საწარმოს დამატებით დაერიცხა დღგ-ის თანხა 8553 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2022 წლის 9 ივნისის, ----------- წერილით და რევიზიის დანიშვნის დადგენილებიდან ირკვევა, რომ შპს „----------“-ს, სხვადასხვა საწარმოებიდან და მათ შორის შპს „-----------“-სგან (ს/ნ-----------), გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოს რაიმე თანხა შპს „-----------“-დან არ მიუღია. შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ კი ივნისში აღნიშნული თანხა შეადგენს 53 000 ლარს, რომელიც ჩაითვალა საწარმოს იმდროინდელი ხელმძღვანელის (----------- პ/ნ-----------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები (ჯამში-10 900 ლარი) ფიზიკური პირების ანგარიშებზე. დანიშნულებას წარმოადგენს მომსახურების მიღება. ამ ხარჯების ამსახველი პირველადი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად ბანკის ამონაწერის მიხედვით ვერ ხერხდება ამ პირების იდენტიფიცირება ან ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ფიზიკურ პირს. ეს პირებია: სახილ დაჩიევი - 5000 ლარი; ----------- - 3000 ლარი; ----------- - 2000 ლარი და ----------- - 900 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ნოემბერში გაცემულია ხელფასი 1000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ამიტომ შეუძლებელია განსაზღვრა იმისა აღნიშნული თანხები წარმოადგენს ხელფასის სახით განაცემს თუ მომსახურების ანაზღაურებას, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, რომლის კუთვნილი გადასახადია 2975 ლარი. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს
გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შპს „----------“-სგან (ს/ნ -----------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. ასევე, შემოწმებით გადამხდელს გამოუვლინდა დეკლარირებულისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და დადგენილი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან ,,მომსახურების მიღების“ დანიშნულებით ფიზიკური პირების ანგარიშებზე გადარიცხულია თანხები, რომლის ხარჯის ამსახველი პირველადი დოკუმენტი შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის და ვერც ბანკის ამონაწერის მიხედვით ხერხდება ამ პირების იდენტიფიცირება. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, შეუძლებელია განაცემის სახის (ხელფასი, მომსახურების ანაზღაურება) ზუსტი განსაზღვრა, შედეგად, აღნიშნული განაცემი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით და პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2022 წლის 9 ივნისის წერილით და რევიზიის დანიშვნის დადგენილებიდან ირკვევა, რომ შპს „-----------“-ს, სხვადასხვა საწარმოებიდან და მათ შორის შპს „----------- (ს/ნ -----------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოს რაიმე თანხა შპს „-----------“-დან არ მიუღია. შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, ივნისში აღნიშნული თანხა შეადგენს 53 000 ლარს, რომელიც ჩაითვალა საწარმოს იმდროინდელი ხელმძღვანელის (----------- პ/ნ -----------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს აქტის ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შპს-გან გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. ასევე, შემოწმებით გადამხდელს გამოუვლინდა დეკლარირებულისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
158(1);159(1);163(1,2);164(1);175(1);176(1);178(ე);270(1);280(1);79(9); 101(1);154(1);
,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილი.