გადაწყვეტილება №27556/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 27556/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27556/2/2026

21 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 08.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27556/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- წერილი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2026 წლის N 21-10/------ წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის N 11046 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა:

29.09.2024 წლის N ----- /21 წერილით შპს ,,-----" (ს/ნ ----- ) საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდა ინფორმაცია მის საბაჟო საწყობში შეყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, მათ შორის, მომჩივნის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ----- ), რომლებზეც დარღვეული იყო საბაჟო საწყობში შენახვის ვადა.

მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 06.12.2024 წლის N 21-10/ ----- წერილით ეცნობა, რომ მის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ----- ), რომელიც 14.11.2022 წელს მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში (ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია N -----/-----) და განთავსებულია შპს ,,-----" საბაჟო საწყობში, დარღვეულია საბაჟო საწყობში შენახვის ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ----- ) აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის განესაზღვრა 10 კალენდარული დღე და ამავე წერილით ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნულ წერილს ----- გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.12.2024 წელს და გაცნობისთანავე ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

04.04.2025 წელს, შპს ,,-----" (ს/ნ ----- ) გენერალური დირექტორის მოადგილის თანდასწრებით, საბაჟო ორგანოს მიერ დათვალიერდა მითითებული საბაჟო საწყობი, რომლის შედეგებიც აისახა დათვალიერების აქტში. აქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) აღმოჩნდა გაძარცვული, რაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად, დათვალიერების აქტზე ხელმოწერით, დაადასტურა შპს ,,-----" გენერალური დირექტორის მოადგილემაც. შესაბამისად, გამოვლინდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე 22.01.2026 წელს შედგენილ იქნა N EL306069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს, შპს ,,-----" (ს/ნ ----- ) ერთად, სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 188,66 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, გამოიცა N EL69050/138 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ----- (პ/ნ ----- ) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში, ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ან ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 22.01.2026 წლის N EL306069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 22.01.2026 წლის N EL69050/138 (N 024-138) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 01.04.2026 წლის N ----- /21 განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების - -----, საიდენტიფიკაციო ნომრით (VIN კოდი -----) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- წერილით მომჩივანს განემარტა, რომ შპს ,,-----" საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) ფიზიკური მდგომარეობა ადასტურებს, რომ მასთან მიმართებაში დარღვეულია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დატოვების ვალდებულება. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფორმით განკარგვა კი შინაარსობრივად მოიცავს სწორედ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის და არა მისი ნარჩენების განკარგვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის საფუძველს.

მომჩივნის წარმომადგენელმა 03.04.2026 წელს N ----- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტმა შეასრულოს შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტების დანაწესი - ----- ჯარიმისგან გათავისუფლების, ასევე გადასახადის და საურავის თანხის და მისი პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების (შემცირების) თაობაზე.

საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2026 წლის N 21-10/----- წერილით მომჩივანს განემარტა, რომ მიზანშეუწონელია დასახელებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით, რაც საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- წერილით, 01.04.2026 წლის N -----/21 განცხადების პასუხად, ეცნობა განმცხადებელს - -----.

საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- და 20.04.2026 წლის N 21-10/----- წერილები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.05.2026 წლის N 11046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 116-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

მომჩივანი 10.03.2026 წლის N ----- /21 საჩივარში განმარტავდა, რომ ავტომობილზე 2026 წლის 28 იანვარს ჩატარებულია დათვალიერება შსს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და შედგენილია ექსპერტიზის აქტი, რომელიც ამ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების და რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნია. აღნიშნულთან ერთად მომჩივანი მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალების გაძარცვა მოხდა საბაჟო კონტროლის ზონაში, ავტომობილის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ყოფნისას და ამ ფაქტის ავტომობილის მესაკუთრესთან რაიმენაირად დაკავშირება არასწორად მიიჩნია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო აქტების და მათ საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმება და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დავის განმხილველი ორგანო არ განსაზღვრავდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ცალსახა და უპირობო შესაძლებლობას. პირიქით, გადაწყვეტილებაში გამოყენებული ფორმულირება – „დადგენილი წესით“ – მიუთითებდა, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით მისი დაშვების არსებობასა და შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული მით უფრო საყურადღებოა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და რეექსპორტის განხორციელების ნაწილში დავის განმხილველი ორგანოს მიერ გამოყენებული ფორმულირებები არ შეიცავს მსგავს დათქმას. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის ფორმალობებთან მიმართებაში ჩანაწერის – „დადგენილი წესით“ – არ გამოყენება, ცხადია, არ გულისხმობს მათი საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული განსხვავება მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საკითხს დავის განმხილველი ორგანო დამატებითი სამართლებრივი საფუძვლების და პირობების არსებობას უკავშირებდა განსხვავებით დანარჩენი ალტერნატივებისგან.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილია, რომ შპს ,,-----" საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) ფიზიკური მდგომარეობა ადასტურებს, რომ მასთან მიმართებაში დარღვეულია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დატოვების ვალდებულება. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფორმით განკარგვა კი შინაარსობრივად მოიცავს სწორედ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის და არა მისი ნარჩენების განკარგვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის საფუძველს.

რაც შეეხება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2), „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 259 / N 74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, მასში აისახება სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემები (მოცემულ შემთხვევაშიც აქტში მითითებულია: მფლობელი, სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტიპი, საჭე, გამოშვების წელი, ვინ კოდი, ფერი, ძარის ტიპი, ძრავის სმ3 , საწვავის ტიპი), რითაც ვერ დადასტურდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების უცვლელ მდგომარეობაში ყოფნა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

22.01.2026 წელს ----- ----- მიმართ შედგა N EL306069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 10 188,66 ლარი და ამავე თარიღში გამოიცა N EL69050/138 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მას გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 963,1 ლარი. აქედან აქციზის გადასახადი - 9 792,3 ლარი, იმპორტის გადასახადი 396,36 ლარი და საურავი 1 774,44 ლარი.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხულ თანხებს არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებით ----- ----- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბრძანების მე-2 პუნქტით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში, ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ან ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

----- ----- ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებით მიცემული წინადადებით და 01.04.2026 წლის N ----- /21 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - -----, საიდენტიფიკაციო ნომრით (VIN კოდი ----- ), გამოშვების წელი 2012, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე.

ამის შემდეგ, 03.04.2026 წლის N ----- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა შეესრულებინათ შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები - ----- ----- ჯარიმისგან გათავისუფლების, ასევე გადასახადის და საურავის თანხის და მისი პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების (შემცირების) თაობაზე.

----- ----- განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- წერილით ეცნობა, რომ მიზანშეუწონელია დასახელებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით.

ხოლო მომჩივნის წარმომადგენლის განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2026 წლის N 21-10/----- წერილით ეცნობა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიზანშეუწონელია დასახელებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით, ხოლო მომჩივანს არ განუხორციელებია ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა ან რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს N EL306069 (22.01.2026) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმითა და N EL69050/138 (22.01.2026) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირება.

ანუ საბაჟო დეპარტამენტმა უარი თქვა ორივე განცხადების დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად - შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების შესრულებაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- და 20.04.2026 წლის N 21-10/----- წერილებს (გადაწყვეტილებებს) არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის N 11046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც ახლა ასაჩივრებს დავების განხილვის საბჭოში.

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში. შემოსავლების სამსახურის ბრძანება ზემოაღნიშნულ ნაწილში არ გასაჩივრებულა. შესაბამისად იგი ამ ნაწილში შესულია ძალაში.

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. აღნიშნული დანაწესით, გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ორივე მხარისთვის - როგორც მომჩივნისთვის, ასევე მოპასუხისთვის (საბაჟო ორგანოსთვის).

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებით ----- ----- მიეცა ვადა და 3 ალტერნატიული წინადადება:

ა. ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში, ან

ბ. განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ან

გ. ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

რაც იმას ნიშნავს, რომ ----- ----- მოცემულ ვადაში ამ სამიდან ერთ - ერთი წინადადება უნდა შეესრულებინა მისივე არჩევით და არა საბაჟო დეპარტამენტის გემოვნებით. ანუ მოცემული 3 წინადადებიდან რომელი გზით წავიდოდა სრულად ----- ----- გადასაწყვეტი იყო და ამ არჩევანზე/გადაწყვეტილებაზე საბაჟო ორგანოს გავლენა არ და ვერ უნდა ჰქონოდა.

მომჩივანმა გადაწყვიტა მესამე გზა - ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში, რის თაობაზეც დადგენილ ვადაში მიმართა კიდეც შესაბამისი განცხადებით საბაჟო ორგანოს, ხოლო საბაჟო ორგანომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით (თანაც მიზანშეწონილობის მოტივით) პრაქტიკულად დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების რევიზია მოახდინა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

ის არგუმენტი (მანქანის გაძარცვა), რაც ეხლა საფუძვლად დაედო საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ----- ----- ავტომობილის სახელმწიფო საკუთრებაში მიღებაზე, ამ დავის განხილვის ეტაპზევე ცნობილი იყო დავის განმხილველი ორგანოსთვის. საბაჟო დეპარტამენტს ეს არგუმენტი უკვე მიწოდებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურისთვის, ხოლო შემოსავლების სამსახურს უკვე ნამსჯელი ჰქონდა მასზე და ყველა გარემოების და მტკიცებულების (მათ შორის, ფორმა 2-ის) შეფასების შემდეგ ჰქონდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.

ამდენად, ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა ----- ----- განცხადება. საბაჟო დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა ამ განცხადების დაკმაყოფილების მიზანშეწონილობაზე, რადგან ამ საკითხზე (როგორც კანონიერებაზე, ისე მიზანშეწონილობაზე) შემოსავლების სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მისი გადაწყვეტილება სწორედ ამ მსჯელობის შედეგებს ემყარებოდა.

შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ----- ----- მიერ სახელმწიფოსთვის შეთავაზებული ავტომობილის მიღება არ წარმოადგენდა საბაჟო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამ საკითხის გადაწყვეტა საბაჟო ორგანოს დისკრეცია იყო დავის დაწყებამდე, როდესაც მან პირველად თქვა უარი ამ ავტომობილის განკარგვაზე დათვალიერების აქტის საფუძველზე, ხოლო ახლა აქ არჩევანის უფლება მხოლოდ მომჩივანს ჰქონდა, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საბაჟო დეპარტამენტისთვის სივრცეს არ ტოვებდა ემსჯელა მიზანშეწონილობაზე.

შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის უარი მიზანშეწონილობის მოტივით უარი ეთქვა დასახელებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) განკარგვაზე სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით - დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობად უნდა ჩაითვალოს.

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, დავის განმხილველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს:

ა. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნას მომჩივნის მონაწილეობით;

ბ. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2026 წლის N 21-10/----- და 20.04.2026 წლის N 21-10/----- წერილები (გადაწყვეტილებები), ასევე შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის N 11046 ბრძანება; გ. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ----- ----- საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) მიმართ განახორციელოს საქონლის განკარგვის ღონისძიება - საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ----- ----- 01.04.2026 წლის განცხადების საფუძველზე;

დ. შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ----- ----- ჯარიმისგან გათავისუფლება, ასევე გადასახადის და საურავის თანხის შემცირება (განულება).

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა. საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ. საქონლის განადგურება;

გ. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში, ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ან ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 22.01.2026 წლის N EL306069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 22.01.2026 წლის N EL69050/138 (N 024-138) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ მომჩივანმა მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, თუმცა საბაჟო ორგანომ უარი განაცხადა აღნიშნულზე იმ საფუძვლით, რომ სატრანსპორტო საშუალება აღარ იმყოფებოდა იმგვარ მდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას - უცხოური საქონლის უცვლელ მდგომარეობაში შენახვას. შესაბამისად, ორგანომ მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ საქონლის მიმართ, რომელიც ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს და არა მისი ნარჩენების შემთხვევაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობა უკავშირდება საბაჟო საწყობში შენახული საქონელის განკარვას და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემული გადაწყვეტილებების აღსრულებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მომჩივანს პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს შპს ,,-----" ერთად, სოლიდარულად, რაც ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი თანამონაწილის მიერ და მისი შესრულება გავლენას ახდენს მეორე პირის ვალდებულებაზეც.

შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვის ეტაპზე არ გამოიკვლია, შესრულებულია თუ არა შპს ,,-----" მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება. აღნიშნული გარემოება კი არსებითია, ვინაიდან სოლიდარული პასუხისმგებლობის პირობებში ერთ - ერთი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე მოვალის პასუხისმგებლობის შემცირება ან სრულად შეწყვეტა. საქმის სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა მოითხოვს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, მათ შორის, სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების საკითხის გარკვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად არ არის დადგენილი. შემოსავლების სამსახურმა ასევე უნდა შეაფასოს არის თუ არა შესაძლებელი სადავო სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში მოქცევა, რაც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანებაში, როგორც ერთ - ერთი შესაძლებლობა მომჩივნისთვის.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის19.05.2026 წლის N 11046 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის N 7153 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ დაირღვა მომჩივნის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო საწყობში ქონების შენახვის ვადა. გადამოწმებისას ტრანსპორტი დაზიანებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად მომჩივნის მოთხოვნისა ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე - არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან დათვალიერებისას ქონება აღარ იყო თავდაპირველ მდგომარეობაში. ასევე გასაჩივრების მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებები დარჩა ძალაში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(2); 103(1); 163(11); 33;.