გადაწყვეტილება №18356/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18356/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18356/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18356/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ბანკიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა;

2. საწვავის არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება;

3. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28161 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 159 895,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 307,1

დღგ - 19 843

მოგების გადასახადი - 1 452

საშემოსავლო გადასახადი - 71 012,1

ჯარიმა - 44 610,9

საურავი - 22 977,81

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბანკიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მოხდა საწარმოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა შემოწმების პროცესში ფულის მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. ასევე არ წარდგენილა ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული ნაშთების შესახებ. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებამ ბანკიდან საქვეანგარიშოდ და სამეურნეო მიზნებისთვის გატანილი თანხები ჩათვალა სალაროში შეტანილად და სალაროს ნაშთის შემცირება მოხდა მხოლოდ დეკლარირებული სახელფასო განაცემების ნაღდი ანგარიშსწორების ანაზღაურების გზით. ასევე, გათვალისწინებული იქნა კაპიტალის მოძრაობისას წარმოქმნილი დამფუძნებლის ვალდებულება და დარჩენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის („----------“ პ/ნ ----------) სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მოხდა არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტორმა იხელმძღვანელა საბანკო ამონაწერით, კერძოდ გამოტანილი სამეურნეო ხარჯების თანხა, რომელიც გადახდილი აქვს ორგანიზაციას მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით. სამეურნეო ხარჯების თანხა დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება (დანართი ნაღდი ფულის მოძრაობა). ასევე, მოხდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით ( მცირე მეწარმის გადამხდელის მოწმობა).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მუხლის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებით გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის გადახდილი თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები.

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. საწვავის არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ნავთობპროდუქტები (დიზელის საწვავი, ბენზინი). შემოწმებისათვის არ მომხდარა დოკუმენტაციის წარდგენა, საიდანაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა კონკრეტული ოპერაციების მიხედვით გამოყენებული ტექნიკის მოცულობა და შესაძლებელი გახდებოდა იმის განსაზღვრა, თუ: ა) რომელი ობიექტის მიერ მოხდა საწვავის გახარჯვა, ბ) გახარჯული საწვავის სახე და რაოდენობა(ლიტრი). შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯული საწვავის ზუსტი ოდენობის დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ ნავთობპროდუქტების უსასყიდლოდ მიღების, რეალიზაციის ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოწმებამ საწვავის დანახარჯის გაანგარიშებისთვის იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის, მასშტაბის და მოცულობის მქონე აუდირებული ობიექტების მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი და გახარჯული საწვავის ოდენობების და ნორმების მონაცემები. აღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა საწარმოს მიერ შეძენილ საწვავის ოდენობას და ქვეკონტრაქტორების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის, ისევე მის მიერ გადაზიდვის ოპერაციებში გამოყენებულ საკუთარ ბალანსზე არსებულ ძირითადი საშუალებისათვის საჭირო საწვავის ოდენობას შორის. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს მიერ შეძენილი 17 342 ლიტრი საწვავიდან ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საქონლის და მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულად ჩაითვალა 13 006 ლიტრი. საგადასახადო კოდექსის 982 და 174-ე მუხლების მიხედვით, განხორციელდა გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.,საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხვას ეთანხმება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებოს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28161 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელს არ აქვს სწორად დეკლარირებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის შედეგად და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების შედეგად აღსადგენი დღგ-ის თანხები. შედეგად, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, დაკორექტირდა ჩათვლილი თანხების ოდენობა.

საბანკო ამონაწერების და პირველადი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს დღგ-ით არ აქვს დაბეგრილი ახალქალაქში მდებარე ბაღის სარემონტო სამუშაოები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 179-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ არ არის სწორად დაანგარიშებული. გამომდინარე იქიდან, რომ ავანსის ანგარიშფაქტურების ჩათვლა მოხდა. შემოწმების პერიოდში ჩათვლილი ანგარიშ-ფაქტურა აღდგენილი არ იყო და აღადგინეს შემოწმების პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში ავანსის თანხა ისევ გადახდილია (დანართი ორგანიზაცის პირადი ბარათი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ერაციებისა. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.

4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგის ჩათვლის მიღების უფლება.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28161 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.