ბრძანება N 3912
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3912
06 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 9 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 და 20 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №14 და №15) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის №24033/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 9 აგვისტოს №91357/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №261-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის დოკუმენტური ან/და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11836 და 24 ივნისის №14721 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნით - 2024 წლის 23 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 ივლისის №16749 ბრძანება და ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 219 316 ლარი, მათ შორის, გადასახადი 140 278 ლარი, ჯარიმა 65 765 ლარი და საურავი 13 273 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სადავო საკითხის ნაწილში (ფასნამატის გაანგარიშება) არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 დეკემბრის №24033/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
მომჩივნის არგუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ამასთან ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემები, რომლის თანახმადაც პროცედურის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხორცპროდუქტებით. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, მათ შორის, (ფ/პ ------- განმარტება სოფლის ნედლი ქათმის შეძენებთან დაკავშირებით) და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით. ამასთან, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ხოლო ღორის ხორცზე - 59%. გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არაარსებითია მთლიან რეალიზაციაში, ხოლო შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს 2022 წლის 27 ივლისს, აღნიშნულ თარიღში წარმოიშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 და 282-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. შემმოწმებელთა მიერ ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით თანხა 449 611 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 632 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, რომელიც გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა 316 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ღორის ხორცზე - 59%. ხოლო რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებებით უპრობლემოდ იშიფრება შეძენილი საქონელი, შესაბამისად, საქონლის გაერთიანება ერთ ჯგუფში და გაურკვეველი ფასნამატის მიყენება არასწორია. მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოწმებას, რეალიზებული საქონლის და ღორის ხორცთან მიმართებაში, იხელმძღვანელოს კომპანიის დოკუმენტური/ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით დადგენილი ფასნამატით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, პროცედურის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეზე არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).
ხოლო 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 632 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, რომელიც გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 316 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით განხორციელებულია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა და შედეგები გამოყვანილია შემოწმების მიერ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე, 30-ე და 31-ე მუხლების მიხედვით არ არის შედგენილი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22) ოქმი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა, შესაბამისად არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის
ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო
ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის
XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს 2022 წლის 27 ივლისს, აღნიშნულ თარიღში წარმოიშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 632 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, რომელიც გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე , საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);