ბრძანება N 3870
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3870
06 მარტი 2025
ბრძანება
შპს „------- - ს “ (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------")
2025 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 და 20 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №14 და №15) განიხილა შპს „------“ (ს/ნ "-------") 2025 წლის 24 იანვრის №93915/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №070-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას, ხოლო დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით საწარმოს უფიქსირდება მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ კომპანიას, ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, შესასრულებელი ჰქონდა ტენდერი, შესაბამისად, 2024 წლის 2 მარტიდან 2024 წლის 8 აპრილამდე განხორციელდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის გადახდა ფიზიკურ პირებზე და მათგან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ ფიზიკური პირებისგან შეძენის აქტებზე და ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებზე და ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.
4. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას, კერძოდ, დირექტორის მიერ პირადი საჭიროებისთვის სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტებზე გახარჯული თანხების და საწარმოს მიერ 5 ფიზიკური პირისათვის, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად გადარიცხული მომსახურების თანხების დაბეგვრის ნაწილში. მომჩივანი აღნიშნულ ნაწილში ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8258 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27482 ბრძანება და ამავე თარიღის №070-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 392 ლარი, მათ შორის, გადასახადი 185 582 ლარი, ჯარიმა 111 026 ლარი, საურავი 53 784 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია ასრულებს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს, ასევე, კერძო დაკვეთებს. საწარმოს საქმიანობა მოიცავს სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებას, ძირითადად შენობების. გადასახადის გადამხდელი საქმიანობის განხორციელებისთვის იყენებს, როგორც სამშენებლო მაღაზიებიდან, აგრეთვე ფიზიკური პირებისგან შეძენებს. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები), სახელმწიფო შესყიდვის საიტზე არსებული მონაცემები, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელი არასწორად განსაზღვრავს დღგ-ით დასაბეგრ პერიოდს, ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ არ არის მიბმული დაბეგრილი და განაშთული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (როგორც ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). სალდირებულად გაანგარიშდა შესაბამის შესრულებაზე გაწერილი მიღება-ჩაბარების მიხედვით შესრულებული, საბანკო გადარიცხვით მიღებული თანხები და სხვადასხვა პერიოდში გამოვლინდა ჯამურად გასაზრდელი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 142 861 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
კომპანიაში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია 2024 წლის 11 აპრილს და დადგინდა, რომ კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი. საწარმოს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით კი სალაროს ნაშთს წარმოადგენს 180 108 ლარი. გადასახადის გადამხდელი ვერ ადასტურებს აღნიშნულ სალაროს ნაშთს. შესაბამისად, შემოწმებით, აღნიშნული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საწარმოს საქმიანობის ფარგლებში ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, რომლებზეც უფიქსირდება სახელფასო განაცემები. საწარმოს ასევე უფიქსირდება მცირე მეწარმეები, რომლებიც უწევენ გარკვეული ტიპის სამუშაოებს (65 პირი-534 000 ლარი). აღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს საბანკო გადარიცხვებით. შემოწმებით დაიდენტიფიცირდა აღნიშნული პირების მიერ შესრულებული სამუშაოები და მათზე გადახდილი თანხები, რომელთაგან გამოირიცხა ისეთი რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებისგანაც უფიქსირდება სატრანსპორტო ტექნიკით მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-ის გადამხდელი პირები, რომლებიც სრულად ადეკლარირებენ შემოსავლებს. შედეგად დარჩა 10 პირი (433 000 ლარი), რომლებიც შინაარსობრივად ასრულებენ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს (მხოლოდ ადამიანურ რესურს), სამ პირზე (144 000 ლარი) საბანკო ამონაწერში მითითებულია სახელფასო განაცემები, ერთი პირი წარმოადგენს თანამშრომელს, ამასთან, ფიქსირდება, რომ აღნიშნული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირდებიან გადასახადის გადამხდელებად. კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები ან გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლები. შესაბამისად, აღნიშნული პირები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბუღალტრო პროგრამა, ბანკის ამონაწერები) შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი მომსახურების ფარგლებში ხუთ ფიზიკურ პირზე ჯამურად გადარიცხული აქვს 10 270 ლარი მომსახურების სანაცვლოდ. წარმოდგენილი დოკუმენტებით აღნიშნული ფიზიკური პირები არ არიან გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. შესაბამისად, შემოწმებით, აღნიშნულ პირებზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბუღალტრო პროგრამა, ბანკის ამონაწერები) შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში განხორციელებულია შესყიდვები, რომლებიც საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვიდან დაკვალიფიცირდა დივიდენდად განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დავის განხილვის საბჭოზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ვინაიდან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდეულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიაში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 11 აპრილს ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და დადგინდა, რომ კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი. საწარმოს მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით კი სალაროს ნაშთი შეადგენს 180 108 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა სალაროს ნაშთი, შემოწმებით, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, კომპანია ასრულებს, როგორც სახელმწიფო ტენდერებს, ისე კერძო დაკვეთებს, ხოლო საწარმო ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს ფიზიკური პირებისგან და სამშენებლო მაღაზიებიდან შეძენებს. განმარტავს, რომ შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. აცხადებს, რომ პროგრამის მიხედვით 2024 წლის 28 თებერვალს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნამდვილად იყო 180 108 ლარი, ხოლო 2024 წლის 11 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს დირექტორმა განაცხადა, რომ სალაროს ნაშთი იყო 0 ლარი. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე შესასრულებელი ჰქონდა ტენდერი, შესაბამისად, 2024 წლის 2 მარტიდან 2024 წლის 8 აპრილამდე განხორციელდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის გადახდა ფიზიკურ პირებზე და მათგან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა. გადასახადის გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შეძენის აქტები, რომლებშიც დაფიქსირებულია გახარჯული თანხები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტერია ინვენტარიზაციის პერიოდამდე ფულის მოძრაობის ანალიზის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს საქმიანობის ფარგლებში ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, რომლებზეც უფიქსირდება სახელფასო განაცემები. საწარმოს ასევე ჰყავს მცირე მეწარმეები, რომლებიც უწევენ გარკვეული ტიპის სამუშაოებს. აღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს საბანკო გადარიცხვებით. შემოწმებით დაიდენტიფიცირდა აღნიშნული პირების მიერ შესრულებული სამუშაოები და მათზე გადახდილი თანხები. აღნიშნულთაგან გამოირიცხა ისეთი რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებისგანაც უფიქსირდება სატრანსპორტო ტექნიკით მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-ის გადამხდელი პირები, რომლებიც სრულად ადეკლარირებენ შემოსავლებს. შედეგად დარჩა 10 პირი, რომლებიც შინაარსობრივად ასრულებენ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს (მხოლოდ ადამიანურ რესურს), სამ პირზე საბანკო ამონაწერში მითითებულია სახელფასო განაცემები, ერთი პირი წარმოადგენდა თანამშრომელს, ამასთან, ფიქსირდება, რომ აღნიშნული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირდებიან გადამხდელებად. კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები ან გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლები. შესაბამისად, აღნიშნული პირები შემოწმების მიერ განხილულ იქნა დაქირავებულ თანამშრომლებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. ამასთან, საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით ხორცილდებოდა მცირე მეწარმეებთან უნაღდო ანგარიშსწორება.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტერია ინვენტარიზაციის პერიოდამდე ფულის მოძრაობის ანალიზის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.
4.მომჩივანი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადამხდელი არასწორად განსაზღვრავს დღგ-ით დასაბეგრ პერიოდს, ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ არ არის მიბმული დაბეგრილი და განაშთული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი. საწარმოს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით კი სალაროს ნაშთს წარმოადგენს 180 108 ლარი. გადამხდელი ვერ ადასტურებს აღნიშნულ სალაროს ნაშთს.შემოწმებით, აღნიშნული თანხები, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს სამ პირზე საბანკო ამონაწერში მითითებულია სახელფასო განაცემები, ერთი პირი წარმოადგენს თანამშრომელს, ამასთან, ფიქსირდება, რომ აღნიშნული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირდებიან გადასახადის გადამხდელებად. კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები ან გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლები. შესაბამისად, აღნიშნული პირები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს შეძენილი მომსახურების ფარგლებში ხუთ ფიზიკურ პირზე ჯამურად გადარიცხული აქვს 10 270 ლარი მომსახურების სანაცვლოდ. წარმოდგენილი დოკუმენტებით აღნიშნული ფიზიკური პირები არ არიან გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. შესაბამისად,აღნიშნულ პირებზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ განაცემად. შედეგად, გადამხდელს, სკკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში განხორციელებულია შესყიდვები, რომლებიც საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვიდან დაკვალიფიცირდა დივიდენდად განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
4.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,180,269,270.