ბრძანება N 5491
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5491
25 მარტი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
(მის.: „--------“)
2023 წლის 14 თებერვლის, 11 დეკემბრის, 2024 წლის 15 მარტის და 12 დეკემბრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 და 27 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №15, №17) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 12 დეკემბრის №93301/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ნოემბრის №081-220 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის №23585/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული 2023 წლის 14 თებერვლის №26710/21 საჩივარი და ფინანსთა სამინისტროში დამატებით წარდგენილი 2023 წლის 11 დეკემბრის №21555/2/2023 და 2024 წლის 15 მარტის №21542/2/2023 დაზუსტებული საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №081-342 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ზოგ შემთხვევაში არასწორად არის განსაზღვრული ბინის რეალიზაციის დრო, რეალიზატორი პირი, რეალიზებული ბინის ღირებულება და დაბეგვრის დრო. მიუთითებს, რომ შემოწმება ბინების დაბეგვრას მიუდგა შემდეგნაირად - ყველა ბინა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მყიდველებზე გადაფორმებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, დაბეგრა შესამოწმებელ პერიოდშივე და გამოაკლო მხოლოდ წინა საგადასახადო შემოწმების მიერ ამ ბინებზე ავანსად დაბეგრილი თანხები. აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, ბინების უმეტესი ნაწილი მომჩივანის მიერ გაყიდული იყო ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში, რაზეც ამავე პერიოდში გაფორმებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში მოცემული იყო კონკრეტულ ვადაზე მიბმული გადახდის გრაფიკები (მყიდველის მხრიდან თანხის ჩარიცხვის ვადები). აცხადებს, რომ პირველ რიგში შემოწმებას დაბეგვრა უნდა განეხორციელებინა სახელშეკრულებო ვალდებულების დადგომის მომენტში, შესაბამისი თანხის ფარგლებში, აგრეთვე, ხელშეკრულებათა იმ ნაწილზე, რომლებსაც არ ჰქონდა გადახდის მსგავსი გრაფიკი შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კომბინაციაში (გაწეული დანახარჯების პროპორციულად უნდა გაანგარიშებულიყო მისაღები საკომპენსაციო თანხა), ხოლო 2017 წლიდან ჩარიცხვის პერიოდის მიხედვით. ამასთან, თუკი იარსებებდა რეალიზებული ბინების ღირებულების ის ნაწილი, რომელიც არც ვალდებულების წარმოშობის პერიოდში, არც გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპებით და არც ავანსის სახით არ იქნებოდა დაბეგრილი უნდა დაბეგრილიყო ქონების საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტში.
დამატებით მიუთითებს, რომ შემოწმებას რეალიზებული ბინების ღირებულება დაკონვერტირებული აქვს ლარში, საჯარო რეესტრში ბინების გადაფორმების პერიოდის მიხედვით, მაშინ, როდესაც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველებს ნასყიდობის საფასური ან საფასურის უმეტესი ნაწილი შემოტანილი აქვთ 2015-2018 წლების პერიოდში.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გზით მხარეთა მორიგების შედეგად, ფ/პ „--------“-სათვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ბინის, ასევე 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელებას და აღნიშნულის საბაზრო ფასად მიჩნევას. განმარტავს, რომ 49 უძრავი ქონება ფიზიკურ პირს გადაეცა წილის სანაცვლოდ, ხოლო, 9 უძრავი ქონება გადაიფორმა როგორც კომპანიის კრედიტორმა, კომპანიის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაფარვის ფარგლებში, ამდენად, ამ უკანასკნელის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა არ შეესაბამებოდა რეალობას. აცხადებს, რომ „--------“-მ მის მიერ მიღებული 49 ბინიდან ერთი ბინა 9 დღეში გაყიდა, რა დროსაც უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასმა 1 კვ/მ-ზე შეადგინა 295 აშშ დოლარი და ვინაიდან, გარიგება დადებული იყო იდენტურ საქონელზე, დამოუკიდებელ მხარეთა შორის, სწორედ ეს გარიგება უნდა გამხდარიყო საბაზრო ფასის დადგენის საფუძველი. აგრეთვე,მომჩივანის მიერ რეალიზებული ბინების საშუალო ფასი 1 კვ/მ-ზე შეადგენდა 311 აშშ დოლარს. დამატებით განმარტავს, რომ გადაცემული 49 უძრავი ქონებიდან 15 წარმოადგენდა ავტოფარეხს, რაზეც შემოწმების მიერ საბაზრო ფასად აღებულია 1 კვ/მ-ზე 287 აშშ დოლარი, რომლის ფასიც მიღებულია„--------“-ის მიერ გადასახდელი სრული თანხის გაყოფით გადაცემული ყველა ქონების ფართზე და ცხადია, რომ ავტოფარეხსა და ბინაზე ერთი და იგივე ფასი ვერ იქნებოდა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებამ კომპანიის მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვალა როგორც კომპანიის მიერ მიღებული ასევე მისაღები თანხები, რომელიც წარმოადგენდა კომპანიის დებიტორულ მოთხოვნას. მიუთითებს, რომ ავანსების ნაწილი მიღებულია 2019 წლამდე პერიოდში, ხოლო, ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში, აგრეთვე გასათვალისწინებელია ქონების უკან დაბრუნებებიც და ეს უნდა შესწავლილიყო საბანკო ანგარიშის ამონაწერებით.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. კერძოდ, სასამართლოს განჩინებით, მხარეთა შეთანხმებით, ფ/პ „--------“-სთვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის კომპანიის დირექტორისათვის -„--------“-სთვის გადაცემის შემდგომ,მომჩივანმა „--------“-ს გადაუფორმა უძრავი ქონება, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა, კომპანიის დირექტორის მიერ, შემოწმების პერიოდში დაფარული არ იყო. მომჩივანი მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ღირებულებას, რომელსაც პერიოდულად ფარავდა კომპანიის დირექტორი და მათი რეალური ნება არ ყოფილა სასესხო ურთიერთობაში შესვლა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერებით დასტურდება, რომ კომპანიის დირექტორს 2020 წლის პირველი ივლისიდან კომპანიაში შეტანილი ჰქონდა 1 793 950 ლარი, ასევე, პირადი სახსრებიდან ფარავდა კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს, რომლის მოცულობაც ჯამში შეადგენდა 259 439 ლარს. მომჩივანი ითხოვს, რომ აღნიშნული განხილულ იქნას ნასყიდობის თანხის ეტაპობრივ დაფარვად.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №081-342 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17926 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ „--------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32576 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 29 დეკემბრის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 625 815 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 424 414 ლარი, ჯარიმა 1 324 593 ლარი და საურავი 876 807 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 ნოემბრის №28475 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 29 მაისის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28475 ბრძანება და საჩივრები, პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 დავის საგნების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 21 იანვრის №23585/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანება და საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის №23585/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით ნამსჯელი არ არის, თუმცა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას მოდავე მხარეებმა (მომჩივანი და მოპასუხე) განმარტეს, რომ, როგორც ამ საკითხზე, ისე სხვა დანარჩენ სადავო საკითხებზე (საბჭოში არსებული დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში) შემოსავლების სამსახურში განხილვისას მსჯელობა იყო, მაგრამ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის გამოკვეთილი, რაზეც მომჩივანიც აპელირებს, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში ამ საკითხის შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ვერ განხორციელდება. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
„დავების განხილვის საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში ამ დავის საგანზე ნახსენებია მომჩივნის მიერ დავების განხილვის საბჭოში დაფიქსირებული არგუმენტები, თუმცა გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ არის, როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის მართლზომიერების თაობაზე, ასევე ამ 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და უნდა დაევალოს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის, ასევე 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის მართლზომიერების თაობაზე.“
„შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით საჩივარი მე-3 სადავო საკითხის ნაწილში (ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანების შინაარსის და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები ზოგადია და ვერ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ არგუმენტს ან მტკიცებულებას, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურში გამართული მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლოა მოხდეს ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტისათვის მიცემული დავალების დაზუსტება (გაფართოება).“
„შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 სადავო ბრძანებაში მომჩივნის მოთხოვნის (სადავო საკითხების) ნაწილში, ამ დავის საგანზე მომჩივნის არგუმენტები დაფიქსირებულია იგივე, რაც შემოსავლების სამსახურში 14.02.2023 წელს წარდგენილ №26710/21 საჩივარში, ასევე, იგივე მსჯელობაა ასახული, რაც შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანებაში იყო დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით, საბჭოში მომჩივნის მიერ დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში და ზემოთ დასახელებული წარმოდგენილ მტკიცებულებებზე არ უმსჯელია, რაც საბჭოს მიერ დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ამ სადავო საკითხზე საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ შეუფასებია დასახელებული მტკიცებულებები, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - დაზუსტებული საჩივრების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში - კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია ქ. „--------“, სადაც „--------“-ის ქ. N8-ში მდებარე ობიექტზე განხორციელებული ჰქონდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული მშენებლობა დაწყებული იყო 2014 წელს, სამშენებლო პროექტმა მიმდინარეობისას განიცადა ცვლილება (15 სართულის ნაცვლად გადაკეთდა 24 სართულიანად). შემოწმების მიმდინარეობისას კორპუსის მშენებლობის კარკასი დასრულებული იყო, თუმცა არა იყო დასრულებული კომუნიკაციების (დენი, კანალიზაცია, წყალი) შეყვანა-მონტაჟი, ფასადისა და სადარბაზოების მოპირკეთება, ასევე, არ იყო დამონტაჟებული ლიფტები, ნაწილი კარ-ფანჯრები, არ იყო მოწყობილი ავტოსადგომები და პანდუსები და კორპუსის სტატუსი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით იყო მშენებარე. გასაყიდი/თავისუფალი ფართის ოდენობა შეადგენდა 4 052.5 მ 2 -ს. კორპუსის რეალიზებული ნაწილის ფართი შემოწმების პერიოდისათვის წარმოადგენდა მთლიანი სარეალიზაციო ფართის 80%-ს. შემოწმებამ შეისწავლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ასევე დამფუძნებლებს შორის არსებული ქონებრივი დავის შესახებ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება - განჩინება, რომელიც გავლენას ახდენდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო სრულყოფილი, კერძოდ აღნიშნულიდან ვერ ხდებოდა რეალიზებულ ბინებთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაციის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, საიდანაც დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 8 464.32 კვ.მ-ის ფართის რეალიზაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2020 წლის ივნისში სასამართლო განჩინებით ფ/პ „--------“-სათვის (პ/ნ „--------“), საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ გადაცემული იყო 49 ფართი (2 211.4 კვ.მ). შემოწმებამ შეისწავლა რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში და ასევე, მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხიც. აღნიშნულიდან გაირკვა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული მის მიერ რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით დადგინდა, რომ დამფუძნებლებს შორის არსებული ქონებრივი დავის შესახებ, „--------“-ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 27 მაისს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, რომელიც გავლენას ახდენდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. აღნიშნულის მიხედვით, „--------“-მ როგორც მომჩივანის 33.3% წილის მესაკუთრემ, მისი კუთვნილი წილი საკუთრებაში გადასცა„--------“-ს (პ/ნ „--------“), წილის ღირებულება განისაზღვრა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამასთან, განჩინების თანახმად, აღნიშნული ღირებულების გადახდის ვალდებულება დაეკისრა მომჩივანს, კერძოდ, ქ. „--------“-ში , „--------“ქ. N8-ში მშენებარე, მრავალსართულიან სახლში მდებარე 49 უძრავი ნივთის (მ.შ. ბინების, კომერციული ფართების, ანტრესოლებისა და ავტოფარეხების) „--------“-სთვის საკუთრებაში გადაცემით, ხოლო, მომჩივანს „--------“-ის მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა. გარიგების თანახმად, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 20 ივნისს გადაცემული ფართის მიხედვით, 1 კვადრატული მეტრის ღირებულებამ შეადგინა 225 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, მაშინ როდესაც ამავე განჩინების მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელ პირებს შორის სამართლებრივ/ქონებრივი დავის გადაწყვეტის საკითხებს შორის ფიქსირდებოდა კომპანიის სარეალიზაციო ფართების იპოთეკით დატვირთვის საკითხი, სადაც 1 კვ.მ ფართის ღირებულებად განსაზღვრული იყო 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საბაზრო ფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებულ იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად. ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებამ შეისწავლა რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში და ასევე მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხი. აღნიშნულიდან გაირკვა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება. შემოწმებით გამოვლენილი რეალიზებული ფართებით მიღებული/მისაღები თანხები, რაც კომპანიას არ ჰქონდა შემოსავალში აღებული, ბუღალტრულად აღრიცხული და დეკლარირებული კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაითვალა კომპანიის მიერ მიღებულად და გონივრული ვადის გათვალისწინებით, განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორი - „--------“) გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 მაისს „--------“-ის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, „--------“-მ, როგორც მომჩივანის 33.3% წილის მესაკუთრემ, მისი კუთვნილი წილი საკუთრებაში გადასცა „--------“-ს და წილის ღირებულება განისაზღვრა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამასთან, განჩინების თანახმად, აღნიშნული ღირებულების გადახდის ვალდებულება დაეკისრა მომჩივანს, კერძოდ, ქ. „--------“-ში, „--------“-ის ქ. N8-ში მშენებარე, მრავალსართულიან სახლში მდებარე 49 უძრავი ნივთის (მ.შ. ბინების, კომერციული ფართების, ანტრესოლებისა და ავტოფარეხების) „--------“-სათვის საკუთრებაში გადაცემით, ხოლო, მომჩივანს „--------“-ის მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, კომპანიამ განჩინებაში აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 20 ივნისს საკუთრებაში გადასცა „--------“-ს, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნა შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული. შემოწმების მიერ აღნიშნული მოთხოვნა (გონივრული ვადისა და კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით) განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (დირექტორი - „--------“) გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ნოემბრის №081-220 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №081-342 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 14 თებერვლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, 49 ბინის გადაცემის ოპერაციასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის N11126 ბრძანებით დამტკიცებულია სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 31 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 926 496 ლარი, მათ შორის გადასახადი 617 583 და ჯარიმა 308 913 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 13 ნოემბრის №081-220 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის N16324 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გაანგარიშებულ იქნა სადავო საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილ იქნა დამატებითი არგუმენტები გასაჩივრებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებები და თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დასტურდებოდა 2015-2016 წლებში მყიდველების მიერ ავანსად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ ინფორმაციაში/ბუღალტერიაში, საწყის ნაშთებში არ იყო აღრიცხული და დაფიქსირებული, გადაანგარიშებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა შემოწმებით გაანგარიშებული, სალაროში არსებულ არაგონივრულ ნაშთზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, (რომელიც 2023 წლის 20 ნოემბრის N28475 ბრძანების შესაბამისად დაკვალიფიცირებული იყო კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილ იყო საშემოსავლო გადასახადით.) გადაანგარიშებით აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხებიდან შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა/შემცირდა სამი ბინის ღირებულება, რითაც შემცირებულ იქნა დღგ და კუთვნილი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული მეორე საკითხი, კერძოდ აღნიშნული შესწავლილ იქნა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის N11126 ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). შედეგად, შემცირებულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები. შესაბამისად, შემოწმებით შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები და ნასყიდობის ხელშეკრულებების ის არასრული მცირე ნაწილი, რისი წარმოდგენაც კომპანიამ შეძლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა შემოწმების მიმდინარეობისას ხელთარსებული მასალების მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მომჩივანის წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში (ჩატარებულია 01.01.2015-01.05.2018 წწ. შესამოწმებელ პერიოდზე), დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილი გაანგარიშებულია გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც შეეხო 2015- 2016 წლებში (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით) რეალიზებული ფართების ღირებულებას. მიმდინარე საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა აღნიშნული არსებული მონაცემებით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსაზღვრა შემდეგნაირად: შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაბამისად) ბინების ღირებულება დაბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღითა და მასში განსაზღვრული ღირებულებით, რომელსაც დააკლდა 2017 წლის შემდგომ არსებული ავანსად გადახდილი (უკვე დაბეგრილი) თანხები. ხოლო, წინა შესამოწმებელი პერიოდიდან დაწყებული გრძელვადიანი კონტრაქტით დაბეგრილი ბინები დაიბეგრა იგივე პრინციპით (გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპების გათვალისწინებით) შესამოწმებელი პერიოდების შესაბამისად, გაწეული ხარჯების პროპორციულად.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ დადებულ გრძელვადიან კონტრაქტებზე აღარ გამოიყენებოდა გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის დადგენილი ნორმები, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაბამისად) ბინების ღირებულების დაბეგვრა ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღით და მასში განსაზღვრული ღირებულებით, რომელსაც დააკლდა 2017 წლის შემდგომ არსებული ავანსად გადახდილი (უკვე დაბეგრილი) თანხები მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებას რეალიზებული ბინების ღირებულება დაკონვერტირებული აქვს ლარში, საჯარო რეესტრში ბინების გადაფორმების პერიოდის მიხედვით, მაშინ, როდესაც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველებს ნასყიდობის საფასური ან საფასურის უმეტესი ნაწილი შემოტანილი აქვთ 2015-2018 წლების პერიოდში. შესაბამისად, ახალი პერიოდის გაცვლითი კურსების გამოყენებით, შემოწმებას გაზრდილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დასაბეგრი ოპერაციის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიღებული ავანსების საკითხი (მ.შ თანხის ჩარიცხვის მომენტში არსებული ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი- მე-5 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
4. საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/ მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/ მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/ შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.
5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ, დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) ან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე მეტია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ 9 უძრავი ქონების გადაფორმება მოხდა კომპანიის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაფარვის ფარგლებში და აღნიშნული არ უნდა განხილულიყო უსასყიდლო მიწოდებად, არამედ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული 9 უძრავი ქონება შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადაფორმებული იყო „--------“-ზე და აღნიშნული წარმოადგენდა ქონების უსასყიდლოდ გადაცემას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სასამართლოს მორიგების ფარგლებში ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული მომჩივანის კუთვნილი 49 უძრავი ქონების ფარგლებში გადაცემულ უძრავ ქონებებს. აგრეთვე, 9 უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება განხორციელდა 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში და ვინაიდან კორპუსი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო ექსპლუატაციაში შესული, განხორციელებული ოპერაცია დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული 9 უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა მართლზომიერია, თუმცა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი არ ეთანხმება სასამართლოს გზით მხარეთა მორიგების შედეგად, ფ/პ„--------“-სათვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ბინის, ასევე 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელებას და აღნიშნულის საბაზრო ფასად მიჩნევას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 1 კვ/მ-ზე 450 აშშ დოლარის გამოყენებას არაფერი აქვს საერთო „--------“-ის მიერ მიღებული უძრავი ქონებების საბაზრო ფასთან, ვინაიდან იდენტური საქონლის სარეალიზაციო ფასი 30 დღიანი ვადის პერიოდში მერყეობდა 290-292 აშშ დოლარის ფარგლებში. მაგალითად მოჰყავს, რომ „--------“-მ მის მიერ მიღებული 49 ბინიდან ერთი ბინა 9 დღეში გაყიდა, რა დროსაც უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასმა 1 კვ/მ-ზე შეადგინა 295 აშშ დოლარი და ვინაიდან, გარიგება დადებული იყო იდენტურ საქონელზე, დამოუკიდებელ მხარეთა შორის, სწორედ ეს გარიგება უნდა გამხდარიყო საბაზრო ფასის დადგენის საფუძველი. აცხადებს, რომ მის მიერ წარდგენილია ყველა სახის მტკიცებულება მათ შორის, იმავე უძრავი ქონების შემდგომი გადაყიდვის ხელშეკრულებები. აგრეთვე, დამატებით განმარტავს, რომ გადაცემული 49 უძრავი ქონებიდან 15 წარმოადგენდა ავტოფარეხს, რაზეც შემოწმების მიერ საბაზრო ფასად აღებულია 1 კვ/მ-ზე 287 აშშ დოლარი, რომლის ფასიც მიღებულია „--------“-ის მიერ გადასახდელი სრული თანხის გაყოფით გადაცემული ყველა ქონების ფართზე და ცხადია, რომ ავტოფარეხსა და ბინაზე ერთი და იგივე ფასი ვერ იქნებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე, დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28475 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2024 წლის 20 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის შესაბამისადაც, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ კომპანიას შპს „N1-სგან“ მისაღები ჰქონდა თანხები, რომელიც წარმოადგენდა კომპანიის დებიტორულ მოთხოვნას და შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად, თუმცა აღნიშნული თანხა მიღებულია შემოწმების შემდგომ პერიოდში, რაც დასტურდება შესაბამისი საბანკო ანგარიშის ამონაწერებითაც.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების, ასევე, შპს „N1-სგან“ მიერ გადახდილითანხების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს „--------“-ის მიმართ 2020 წლის 20 ივნისს წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული. შემოწმების მიერ აღნიშნული მოთხოვნა (გონივრული ვადისა და კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით) განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ღირებულებას, რომელსაც პერიოდულად ფარავდა კომპანიის დირექტორი და მათი რეალური ნება არ ყოფილა სასესხო ურთიერთობაში შესვლა. აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერებით დასტურდება, რომ კომპანიის დირექტორს 2020 წლის პირველი ივლისიდან კომპანიაში შეტანილი ჰქონდა 1 793 950 ლარი, ასევე, პირადი სახსრებიდან ფარავდა კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს, რომლის მოცულობაც ჯამში შეადგენდა 259 439 ლარს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს განჩინების მიხედვით მომჩივანს „--------“-ის მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტის 1 927 548 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ, გონივრული ვადის გათვალისწინებით, განხილულ იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთანავე, შემოწმებით დადგინდა, რომ „--------“-ის მიერ კომპანიაში შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილი იყო ჯამში 835 120 ლარი და გატანილი იყო 387 160 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა. გატანილი თანხები დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უპროცენტო სესხად გაცემული თანხის ნაშთმა შეადგინა 1 479 588 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ დასაბეგრი ოპერაციის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს უდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიღებული ავანსების საკითხი (მ.შ თანხის ჩარიცხვის მომენტში არსებული ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების, ასევე შპს „N1-ის“ მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას
2.გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გზით მხარეთა მორიგების შედეგად,ფიზიკური პირისთვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ბინის, ასევე 9 უძრავი ქონების გადაცემის ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელებას და აღნიშნულის საბაზრო ფასად მიჩნევას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. ითხოვს, რომ აღნიშნული განხილულ იქნას ნასყიდობის თანხის ეტაპობრივ დაფარვად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო სრულყოფილი, კერძოდ აღნიშნულიდან ვერ ხდებოდა რეალიზებულ ბინებთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაციის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, საიდანაც დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 8 464.32 კვ.მ-ის ფართის რეალიზაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2020 წლის ივნისში სასამართლო განჩინებით ფ/პ-სთვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ გადაცემული იყო 49 ფართი.შემოწმებამ შეისწავლა რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში და ასევე, მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხიც. აღნიშნულიდან გაირკვა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული მის მიერ რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და პირს დაერიცხა ჯარიმა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებულ იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად. ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დასაბეგრი ოპერაციის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიღებული ავანსების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე, დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების, ასევე, შპს-ს მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.
4.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,98,101,154,160,161,164,275,309.