გადაწყვეტილება №22693/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.10.2024
№ დოკუმენტი 22693/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22693/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22693/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL11111/63 (№001-63) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5062 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 547,28 ლარი.

მათ შორის:

2.08.2023 წლის №EL11111/63 (№001-63) საგადასახადო მოთხოვნა - 309,02 ლარი.

გადასახადი - 238,26

დღგ საბაჟო - 229,18

იმპორტის გადასახადი - 9,08

საურავი - 70,76

2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 238,26

2.08.2023 წლის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 000

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

14.12.2021 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობში (----------) განთავსდა და საბაჟო დეკლარაციებით (№----------; №----------) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი, 6 149,6 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (საბაჟო ღირებულება – 724 357,5 ლარი). შპს ---------- აღნიშნული საქონლის ნაწილზე საკუთრების უფლება გადასცა შპს ---------- (ს/ნ ----------). საქონლის ახალი მესაკუთრის – შპს ---------- (ს/ნ ----------) მიერ მითითებული საქონელი 17.12.2021 წელს №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

28.12.2021 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №---------- წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.

№---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი.

აღნიშნულზე 2.08.2023 წელს შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს, შპს ---------- (ს/ნ ----------) ერთად, სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218735) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 238,26 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL11111/63 (001-63) საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები - 238,26 ლარი (დღგ – 229,18 ლარი, იმპორტის გადასახადი – 9,08 ლარი), ასევე საურავი 70,76 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №21104/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №21104/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 7.03.2024 წლის №5062 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლზე.

დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 საბაჟო სამართალდარღვევის №EL218736 ოქმით, საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 საბაჟო სამართალდარღვევის №EL218737 ოქმით მოყვანილ ფორმულირებას და საგადასახადო მოთხოვნას. მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის ნაწილის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც. მომჩივნის საბაჟო საწყობის (----------/1) მიერ ასევე არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები, მით უფრო არ დარღვეულა ამგვარი პირობები განმეორებით და შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის საფუძვლით.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ, რაც დარღვეულია გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და საგადასახადო მოთხოვნით. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს დაეკისრა სანქცია 6 000 ლარის ოდენობით, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. სამართალდარღვევის ოქმში დარღვეულ სანებართვო პირობად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

საბაჟო ორგანოს შეფასებით კომპანიამ ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა.

გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან მომჩივნისთვის უცნობია და არ ჩაბარებია „დათვალიერების აქტი №1“ (შესაბამისად უცნობია მისი შინაარსი, შედგენის თარიღი) და რაც მთავარია, სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის კონკრეტული სახეობა, რაოდენობა და მისი ის ნაწილი, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო კომპანიას ედავება.

გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“

განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა, რაც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ქმნის.

ანალოგიურ საქმეებზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე.“

აღსანიშნავია, რომ საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს.

დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა.

სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რაც განსახილველ შემთხვევაში არც არსებობს და არც საბაჟო ორგანოს მიერ გამოკვლეულა.

განსახილველ შემთხვევაში კომპანიას ერთდროულად პასუხისმგებლობა სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა როგორც საბაჟო კოდექსის 172-ე, ისე 176-ე მუხლებით, რაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არამედ ურთიერთწინააღმდეგობრივიცაა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში კომპანიას საბაჟო ორგანო ედავება იმაზე, რომ თითქოს საბაჟო საწყობმა „ვერ გამორიცხა საქონლის ნაწილის დაკარგვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იმას, რომ თითქოს საქონლის ნაწილი მის მიერ განიკარგა. „ვერ გამორიცხვა“ იმთავითვე გულისხმობს სხვა პირის მხრიდან რაიმე შესაძლო ქმედების თავიდან ვერ აცილებას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია პირმა თან „განკარგოს“ საქონლის ნაწილი და თან „ვერ გამორიცხოს“ ამავე საქონლის განკარგვა.

აქედან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს პოზიცია არალოგიკურიცაა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე.

ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ისევე როგორც კომპანიის მიმართ გამოცემული სხვა ანალოგიური აქტების შემთხვევაში, განსახილველ შემთხვევაშიც, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად შეიცავს მხოლოდ ნორმატიული აქტების ტექსტების გამეორებას, საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მათი მისადაგების და არგუმენტაციის გარეშე.

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა სრულიად აცდენილია კონკრეტული შემთხვევის კონტექსტს. სრულიად გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც სასამართლოში სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა, განსახილველ შემთხვევასთან. ასევე სრულიად გაუგებარია მითითება 18.05.2023 წლის საქონლის შემოწმების აქტებზე, რომლებიც გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ საქონელს საერთოდ არ უკავშირდება. სავარაუდოდ, აღნიშნული უკონტექსტო მსჯელობა მიზნად ისახავს იმ საკითხის განხილვისადმი გვერდის ავლას, რაზეც საჩივარში მიუთითებს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ უცნობია და არ ჩაბარებია დათვალიერების აქტი, რომელსაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 საბაჟო სამართალდარღვევის №EL218736 და №EL218737 ოქმები, 2.08.2023 წლის №EL11111/63 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5062 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

დადგენილია, რომ №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს ---------- (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218735), დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას და განმარტავს, რომ კომპანიას აქვს ორი საბაჟო საწყობი, შესაბამისად შემოწმებაც დაიწყო 2 ბრძანების საფუძველზე და განხორციელდა 2 ადმინისტრაციული წარმოება, ერთი და იგივე დროს, ჯარიმები და სამართალდარღვევის ოქმები, მიუხედავად იმისა, რომ ერთიდაიგივე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაეკისრა ცალ-ცალკე ოქმებით დაეკისრა პასუხისმგებლობა, სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ნაწილში, უნდა მოხდეს ერთი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გაერთიანება და ერთი ჯარიმის განსაზღვრა.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლი განმარტავს, რომ შემოწმებები განხორციელებულია სხვადასხვა პერიოდში, ასევე სხვადასხვა პერიოდში აქვს მიმართული საბაჟო დეპარტამენტისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ის არგუმენტი, რომ ერთი წარმოება იყო და ერთი აქტის ფარგლებში გამოვლინდა სამართალდარღვევა წარმოადგენს ფაქტების არასწორ აღნიშვნას მომჩივნის მხრიდან. აღნიშნულის საფუძველზე საბაჟო სამართალდარღვევა ჩაითვალა განმეორებით ჩადენილად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა.

მხარეთა არგუმენტაციის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას და გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და ასევე იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, კომპანიასთან ერთად სოლიდარულად, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას და განმარტავს, რომ კომპანიას აქვს ორი საბაჟო საწყობი, შესაბამისად შემოწმებაც დაიწყო 2 ბრძანების საფუძველზე და განხორციელდა 2 ადმინისტრაციული წარმოება, ერთი და იგივე დროს, ჯარიმები და სამართალდარღვევის ოქმები, მიუხედავად იმისა, რომ ერთიდაიგივე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაეკისრა ცალ-ცალკე ოქმებით დაეკისრა პასუხისმგებლობა, სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ნაწილში, უნდა მოხდეს ერთი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გაერთიანება და ერთი ჯარიმის განსაზღვრა. მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლი განმარტავს, რომ შემოწმებები განხორციელებულია სხვადასხვა პერიოდში, ასევე სხვადასხვა პერიოდში აქვს მიმართული საბაჟო დეპარტამენტისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ის არგუმენტი, რომ ერთი წარმოება იყო და ერთი აქტის ფარგლებში გამოვლინდა სამართალდარღვევა წარმოადგენს ფაქტების არასწორ აღნიშვნას მომჩივნის მხრიდან. აღნიშნულის საფუძველზე საბაჟო სამართალდარღვევა ჩაითვალა განმეორებით ჩადენილად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას და გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და ასევე იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.