ბრძანება N 2649
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2649
12 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 21 და 22 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველ თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 21 იანვრის №86940/1/2024 და 22 იანვრის № 9606/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №001-333 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევისას დგება ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც მომსახურების ღირებულება ირიცხება საბანკო ანგარიშზე, ხოლო მიღებული შემოსავალი ასახულია წარმოდგენილ დეკლარაციებში. მიუთითებს, რომ შემოწმებისათვის, იურიდიული და დღიურად ბინების გაქირავების მომსახურების ხელშეკრულებები არ მიუწოდებია, ვინაიდან დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ, პირად მონაცემებს, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სხვა დოკუმენტები, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არსებობს.
2. . გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
3. პირი არ ეთანხმება, შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ქონების გადასახადში დაერიცხა 20 054 ლარი, რაც მის მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულებებიდან გამომდინარე არარეალურია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20727 და 2023 წლის 14 სექტემბრის №22526 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33205 ბრძანება და ამავე თარიღის №001-333 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 215 324 ლარი, მათ შორის გადასახადი 138 010 ლარი, ჯარიმა 63 269 ლარი და საურავი 14 045 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ ------- საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად. პირმა შემოწმებისას არ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. პირი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 ივლისს. როგორც გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დგინდება, პირი შესამოწმებელ პერიოდში სოფელ ------- აქირავებდა მის მიერ სამომავლო უფლებით შეძენილ (მესაკუთრე ამჟამადაც არის შპს ,,-------’’) კოტეჯებს. პირს შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართის) შეძენა-რეალიზაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, შეუძლებელი იყო დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სოფელ ------- შემოწმებით მხოლოდ ზაფხულის სეზონზე კოტეჯების გაქირავების დღიურ რაოდენობად აღებული იქნა თვეში 20 დღე, ხოლო დღიურ ღირებულებად საშუალოდ 150 ლარი, ანალოგიურად სოფელ ------- გადამხდელმა შეიძინა 4 კოტეჯი, რომელზეც შემოწმებით გაანგარიშებული იქნა გაქირავებით მიღებული შემოსავალი. შემოწმებით დღგ-ით დაიბეგრა პირის იჯარით მიღებული, უძრავი ქონების რეალიზაციით და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად, ი/მ ------- ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები უნდა დაებეგრა 20%-ით. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელსაც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებდა, მათ შორისაა საცხოვრებელი ბინა (ს.კ -------), რომელიც 2023 წლის იანვარში შეძენილ იქნა შპს „-------“ (ს/ნ -------). აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ, დათვალიერების ჩატარების მიზნით, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №2457 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2023 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები მივიდნენ ობიექტზე, ვინაიდან ობიექტი არის საცხოვრებელი ბინა, შედგა სატელეფონო საუბარი ბინის მესაკუთრესთან ი/მ ------- და შესთავაზეს ხსენებული ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, რაზედაც პირმა განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით არის საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს თვითონ, ხოლო დათვალიერების ჩატარებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, პირს აღნიშნულ ბინაზე დღგ-ს ჩათვლის უფლება არ აქვს. შესაბამისად პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ს თანხა, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაუდგინდა 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს წარმოეშვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში, პირის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება (კომერციული ფართი და ბინები) და ავტომობილები. ფიზიკური პირის მიერ, ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი არ არის. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელი, 2021 და 2022 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით, ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ------- რაიონში სოფელ ------- და სოფელ -------. პირს, შესამოწმებელ პერიოდში, წარდგენილი არ აქვს დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენარეალიზაცია. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად, არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა პირის მიერ მიღებული შემოსავლის განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა ზაფხულის სეზონზე კოტეჯების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რომელიც გაიზარდა უძრავი ქონების რეალიზაციითა და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლებით, რის საფუძველზეც დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდში, პირს ასევე გამოუვლინდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომლზეც გავრცელდა შესაბამისი ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, შემოწმებისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა რომელი მომსახურებით რა ოდენობის შემოსავალი მიიღო ან თითოეულ მომსახურებაზე რა ხარჯი იქნა გაწეული, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის ხელშეკრულება, იურიდიული ან/და საიჯარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, არ იქნა წარმოდგენილი ცნობა, საბანკო ანგარიშების შესახებ და შესამოწმებელი პერიოდის საბანკო ამონაწერები, რაც შესაძლებლობას მისცემა შემოწმებას ჩარიცხული თანხების მიხედვით განესაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტისთვის შეუძლებელი იყო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება, დავის ეტაპზე გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ არასრულ საბანკო ამონაწერებს, მასში ფიქსირდება ისეთი შემოსავლები, რომელიც შემოწმების პროცესში ვერ იქნა გათვალისწინებული. ხოლო, ბანკებიდან სრული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის შედეგად შესაძლოა დამძიმდეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო პასუხისმგებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარუდგენია შემოწმებისათვის დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით კი შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დაანგარიშება, შემოსავლების სამსახური კანონზომიერად მიიჩნევს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. ასევე განმარტავს, რომ შემოწმებით საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი ითხოვს შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლას.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელიც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებოდა, მათ შორისაა, საცხოვრებელი ბინა, რომელშიც მეწარმის სატელეფონო განმარტებით (შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელების პერიოდში), ცხოვრობს თვითონ. შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე მიღებული ჩათვლა შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს საქონელზე, რომელიც არ გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობითმის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის 2021 წლის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, რის საფუძველზეც პირს დაუდგინდა 2022 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წარდგენის ვალდებულება, რაც მის მიერ არ არის შესრულებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირს საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი უძრავი ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ავტომობილები. შემოწმებით გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასისა და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, ასევე მიწის ფართობის მიხედვით, რის შედეგადაც პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, ქონების გადასახადში დარიცხულ 20 054 ლართან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ პირს ქონების გადასახადში დაერიცხა მხოლოდ 414 ლარი, ხოლო საჩივარში მითითებული 20 054 ლარის დარიცხვა განხორციელებულია საშემოსავლო გადასახადში.
იმის ფაქტების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახდის წლიური დეკლარაციები, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას; ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია. პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართის) შეძენა-რეალიზაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, შეუძლებელი იყო დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმებამ პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად.
პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელსაც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებდა, მათ შორისაა საცხოვრებელი ბინა. პირს აღნიშნულ ბინაზე დღგ-ს ჩათვლის უფლება არ აქვს. შესაბამისად პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ს თანხა, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაუდგინდა 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს წარმოეშვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში, პირის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება (კომერციული ფართი და ბინები) და ავტომობილები, ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. პირს დაერიცხა ქონების გადასახადი, მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 159; 175; 201; 202; 203; 205;