გადაწყვეტილება №22430/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22430/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22430/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება;
2. მომსახურებასთან დაუკავშირებელი საქონლის რეალიზებულად განხილვა;
3. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ შეძენებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
4. სატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №058-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2330 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 63 764,74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 634
დღგ - 25 006
საშემოსავლო გადასახადი - 9 628
ჯარიმა - 16 206
საურავი - 12 924,74
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა, კერძოდ გზების, შენობანაგებობებისა და შიდა სასოფლო სასმელი წყლის დაქსელვა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №058-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის, შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად ჩათვლის და სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა პირების სასაქონლო ზედნადებებში მითითების საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, 90-ე და 93-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე, ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველ მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ დამუშავდა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციები, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებები. შემოწმებით გამოვლინდა, რომ მიღებული სასაქონლო ზედნადებებიდან გაწეულ მომსახურებებს დაუკავშირდა მხოლოდ ნაწილი, შედეგად ნაწილი საქონელი, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
დადგენილია, რომ პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მითითებულია სხვა საწარმოს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, ასევე ფიქსირდება ავტომობილის საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი რამდენიმე თვით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ქონების იჯარით გაცემად. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებით გაანგარიშდა პირის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი ბაზა, ასევე სატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემიდან მიღებული/მისაღები შემოსავლის გათვალისწინებით პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მასალის ხარჯის მიღება-ჩაბარებებისა და ფორმა №2- ების შესაბამისად შესწავლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ პირის მიერ წარდგენილი ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2-ები და მიღებული სასაქონლო ზედნადებები შესწავლილია სრულყოფილად, ერთმანეთთან კავშირში.
იმის გათვალისწინებით, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში განხორცილებულ ოპერაციებზე სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შეძენილი საქონლის ნაწილი არ უკავშირდება გაწეულ მომსახურებას და ფიქსირდება კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოყენების ფაქტები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით, პირის მიმართ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური საჩივრის განხილვისას სრულად იზიარებს და ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებებს. რეალობაში არ მომხდარა დამატებით წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების განხილვა.
ჩვენი გაანგარიშებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3117779,3 ლარს და არა 386 235 ლარს, როგორც შემოწმების აქტშია ასახული (ცხრ. №1 სრული ანალიზი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავალი გაანგარიშებულია სატენდერო დოკუმენტაციის და სასაქონლო ზედნადებების თანხების მიხედვით, ასევე გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილი იყო, სხვაობებთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენისთვის, რაც არ წარმოუდგენია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მომსახურებასთან დაუკავშირებელი საქონლის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაცია, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებები.
გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ გაწეულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უკავშირდება მხოლოდ მათი ნაწილი, გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო შემოწმების აქტის მეოთხე საკითხის საფუძველზე (სატრანსპორტო საშუალებების იჯარა) მომჩივანს 2021 წლის 11 იანვრისთვის (ნაცვლად 2021 წლის 18 აგვისტოსი) განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 165-ე, 90-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა და შეადგინა 415 557 ლარი (სხვაობამ შეადგინა 103 778 ლარი), ხოლო მცირე ბიზნესით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 481 682 ლარი, სხვაობამ კი შეადგინა 113 306 ლარი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, თუმცა შემოწმების პერიოდში არ განხორციელებულა შესრულებული სამუშაოების (სახელმწიფო დაკვეთებით ტენდერის პრინციპით) მიხედვით შეძენილ მასალათა ხარჯვის ანალიზი, უშუალოდ ფორმა №2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გაწეულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს დაუკავშირდა მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მხოლოდ ნაწილი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება.
შემოწმებით განისაზღვრა შემოსავალი იმ საქონლის რეალიზაციიდან, რაც არ დაუკავშირდა გაწეულ მომსახურებებს. მომჩივანი ტენდერის პირობებით განსაზღვრულ მომსახურებებთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებდა გორში, მესტიასა და გარდაბანში, ხოლო საქონლის მიტანა ფიქსირდებოდა ბათუმსა და სამტრედიაში, რაზეც განმარტება არ წარმოადგინა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების, მესამე პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ისეთი საქონელის რეალიზებულად განხილვა, რომელიც არ უკავშირდებოდა მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს, მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ შეძენებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 180-ე და 43- ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი შემოწმებით ვერ დგინდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურათა ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი შემოწმებით ვერ დადგინდა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიღებული და ჩათვლილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას - ამ მიმართებით შემმოწმებელთა ანალიზი ზედაპირულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება, რომელთა მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა ვერ მოხერხდა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
4. სატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგინდა: 1. მათი გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ზედნადებში „სატრანსპორტო საშუალების“ გრაფაში მითითებით; 2. სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთა სხვა პირის მიერ 8 თვეზე მეტ ხანს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 79-ე, მე-80, მე-100 და 102-ე მუხლების, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით უცნობია სხვა გადასახადის გადამხდელის (შპს "------", შპს "------", შპს "------", შპს "------", შპს "------") სასაქონლო ზედნადებში მათი ასახვის ინფორმაცია. სიცხადის შესატანად უპრიანი იქნებოდა ამ სასაქონლო ზედნადებების გაცნობა, თუნდაც დასახელებული სხვა გადასახადის გადამხდელების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით. რაც შეეხება ავტომანქანა HONDAS მიერ საზღვრის კვეთას წარმოგიდგენთ მინდობილობას.
ამდენად წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების გათვალისწინებით განხილული უნდა იქნას დარიცხული გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის სანქცია საურავების გაუქმება გადაანგარიშების საკითხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საიჯარო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშების ცხრილი გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილი იყო, რასთან დაკავშირებითაც ნაწილობრივ დაეთანხმა. იჯარის არსებობა დადასტურებულია მოიჯარეებთან გასაუბრებითაც.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალებების იჯარიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.შემოსავლების სამსახური საჩივრის განხილვისას სრულად იზიარებს და ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებებს. მომჩივანი მიიჩნევს,რომ რეალობაში არ მომხდარა დამატებით წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების განხილვა.
2.საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, თუმცა შემოწმების პერიოდში არ განხორციელებულა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შეძენილ მასალათა ხარჯვის ანალიზი, უშუალოდ ფორმა №2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3.მიღებული და ჩათვლილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას - ამ მიმართებით შემმოწმებელთა ანალიზი ზედაპირულია.
4.მომჩივანი თვლის,რომ წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების გათვალისწინებით განხილული უნდა იქნას დარიცხული გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის სანქცია საურავების გაუქმება გადაანგარიშების საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
2.აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო შემოწმების აქტის მეოთხე საკითხის საფუძველზე ,მომჩივანს 2021 წლის 11 იანვრისთვის განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
4.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების, მესამე პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ისეთი საქონელის რეალიზებულად განხილვა, რომელიც არ უკავშირდებოდა მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს, მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
4.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალებების იჯარიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),102,159,161,173,174,175.