ბრძანება N 3041

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 3041
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3041

20 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 29 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) №93979/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №028-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი ცემენტის მიწოდებად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2024 წლის თებერვალის თვეში მის საკუთრებაში არსებული საქმიანი ეზოს ტერიტორიაზე საკუთარი ძალებით მოახდინა ეზოს ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების აქტში, ფორმა 2- ებში, ნაჩვენებია, რომ ბეტონის საფარის მოწყობა მონოლითური ბეტონით (მარკა მ-350) განხორციელდა. 1200 კვ.მ-ზე ბეტონის საფარის სისქე არის 16 სმ, რომელზეც გაიხარჯა 195.84 კუბ.მ ბეტონი, რომლის წარმოებაზე დაიხარჯა 68 544 კგ. ცემენტი. ასევე განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „------“-ს უფიქსირდება დამფუძნებლის დავალიანება 41 345.71 ლარის ოდენობით, რომელიც დასტურდება საბუღალტრო ჩანაწერებით და ასახული არის 3160-00001 ანგარიშზე.

ითხოვს საქმიანი ეზოს კეთილ-მოწყობაზე გახარჯული ბეტონის და მასზე გახარჯული ცემენტის რაოდენობის (68 544 კგ) მიწოდებიდან ამოღებას და კუთვნილი გადასახადების ხელახლა გადაანგარიშებას, აგრეთვე, დამფუძნებლის მიმართ არსებული დავალიანების გათვალისწინებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას. კომპანიას ბალანსზე (2130 ანგარიშზე) უფიქსირდება შენობა-ნაგებობა, რომელზეც არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადი. ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16453 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №27733 ბრძანება და №028-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 64 060 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 512 ლარი, ჯარიმა 19 746 ლარი და საურავი 4 802 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობის საგანია ბეტონის წარმოება და რეალიზაცია. ასევე მცირე რაოდენობით რეალიზებული აქვს ცემენტიც. წარმოება მიმდინარეობს ------- რაიონში, საწარმოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საკუთარი მანქანა-დანადგარებითა და ინვენტარით. ნედლეულის (ცემენტი, ქვიშა, ღორღი, დანამატი და სხვა საჭირო მასალები) შესყიდვა ხდება ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) საფუძველზე. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი წარმოადგენს სრულად დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) დადასტურებულ რეალიზიაციას.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ""-------", წარმოების კალკულაცია და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, გადამხდელის მიერ მოწოდებული წარმოების კალკულაცია შედარდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების კალკულაციებთან.

შემოწმებისას გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მზა პროდუქტზე (ბეტონი) გახარჯული ნედლეულის ოდენობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას ჩამოწერილი აქვს ცემენტი იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე დასჭირდა მის რეალიზაციებს (ბეტონის და ცემენტის რეალიზაცია). შესაბამისად, ზედმეტად ჩამოწერილი ცემენტი განხილული იქნა მიწოდებად.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, დამატებით რეალიზებული ნედლეულის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმო -------- რაიონში ფლობს 5 000 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სადაც ახორციელებს საქმიანობას (ბეტონის წარმოებას). გადასახადის გადამხდელი არ ახდენს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას. ასევე უფიქსირდება სხვადასხვა სახის მანქანადანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები. საბალანსო ღირებულებების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 200, 201-ე, 204-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირა საწარმოს ქონების გადასახადი, მათ შორის მიწაზე ქონების გადასახადი. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიას ჩამოწერილი აქვს ცემენტი იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე დასჭირდა მის რეალიზაციებს (ბეტონის და ცემენტის რეალიზაცია). შესაბამისად, ზედმეტად ჩამოწერილი ცემენტი განხილული იქნა მიწოდებად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დამატებით რეალიზებული ნედლეულის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება რეალიზებული ნედლეულის ღირებულების დაკვალიფიცირებას საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „---------“-ის უფიქსირდება დამფუძნებლის დავალიანება 41 345.71 ლარის ოდენობით, რომელიც დასტურდება საბუღალტრო ჩანაწერებით და ასახული არის 3160-00001 ანგარიშზე. ითხოვს დამატებით რეალიზებული ნედლეულის ღირებულებიდან მოხდეს დამფუძნებლის დავალიანების დაფარვა, ხოლო სხვაობის არსებობის შემთხვევაში დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, დამფუძნებლის დავალიანებასთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა 5 000 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სადაც ახორციელებს საქმიანობას (ბეტონის წარმოებას). გადასახადის გადამხდელი არ ახდენს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას. ასევე უფიქსირდება სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმებით, საბალანსო ღირებულებების გათვალისიწინებით, გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი, მათ შორის მიწაზე ქონების გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან, კომპანიას ბალანსზე არსებულ შენობ-ნაგებობაზე შემოწმების მიერ არასწორად გაანგარიშებულ ქონების გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვის დროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესაბამისად, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას გადამხდელი არ ახდენდა (აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით). ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, დამფუძნებლის დავალიანებასთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული

მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად ჩამოწერილი ცემენტის მიწოდებად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1,დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიას ჩამოწერილი აქვს ცემენტი იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე დასჭირდა მის რეალიზაციებს (ბეტონის და ცემენტის რეალიზაცია). შესაბამისად, ზედმეტად ჩამოწერილი ცემენტი განხილული იქნა მიწოდებად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დამატებით რეალიზებული ნედლეულის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

2,გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა 5 000 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სადაც ახორციელებს საქმიანობას (ბეტონის წარმოებას). გადასახადის გადამხდელი არ ახდენს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას. ასევე უფიქსირდება სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმებით, საბალანსო ღირებულებების გათვალისიწინებით, გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი, მათ შორის მიწაზე ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

პირველ სადო საკითხზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, დამფუძნებლის დავალიანებასთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მეორე სადაო სადაო საკითხზე,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);158(1);159(1);160(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);204;205