გადაწყვეტილება №21660/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21772/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 20.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21660/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დღგ-ის დარიცხვა;
2. დღგ-ის გადამხდელი პირისგან შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №007-279 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29040 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 72 909 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 50 404
ჯარიმა - 14 019
საურავი - 8 486
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 1997 წლის 3 ნოემბრიდან. 2021 წლის 1 თებერვლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საათებით, ძვირადღირებული საწერი კალმებით, აქსესუარებით. მეწარმე ასევე ახორციელებდა საწერ კალმებზე და აქსესუარებზე გრავირებას, ეწეოდა საკურიერო მომსახურებას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13882 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24962 ბრძანება და 10 ოქტომბრის №007-279 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 72 909 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ნოემბრის №29040 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29040 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დღგ-ის დარიცხვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს აჭარბებს 2022 წლის 9 იანვარს. საგადასახადო კოდექსის 92-ე და 165-ე მუხლების მიხედვით, მეწარმე ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 280 428 ლარს. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 92-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე, 282-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია საბანკო ამონაწერებში მოეხდინა ოჯახის წევრების და ახლობლების მიერ ჩარიცხული თანხების იდენტიფიცირება, რაზეც წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტებები. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება და ასეთი თანხები არ იქნა ჩართული დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. ასევე, შემოწმების პროცესში მოხდა დაკავშირება მესამე მხარეებთან და მათგან მიღებული იქნა დასტური საბანკო გადარიცხვით პროდუქციის საფასური გადახდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს საკურიერო მომსახურების თაობაზე, შემოწმებით შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება ერთი ტრანზაქციის ფარგლებში, რამდენს შეადგენდა საკურიერო მომსახურების საფასური და რამდენი იყო პროდუქციის ღირებულება. ვერც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია, რითაც მოხდებოდა აღნიშნულის იდენტიფიცირება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად, რის საფუძველზეც პირს დაუდგინდა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დარიცხვის სიდიდეს, ვინაიდან შემმოწმებელმა ვერ მოახდინა მომჩივნის საქმიანობის კვალიფიკაცია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ბრუნვა 100 000 ლარს აჭარბებს, ეს არ არის კომერციული საქმიანობისგან მიღებული ბრუნვა. მასში კონსოლიდირებულია მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ ჩარიცხული თანხები და ასევე მომხმარებლების მიერ მომსახურების საფასური, როგორც ნივთის მიწოდების, ნივთზე წარწერის გაკეთების (გრავირების), ასევე სხვადასხვა ნივთების შეკეთების. შემმოწმებელს წარუდგინა საბანკო ამონაწერები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშულ ანგარიშს იყენებდა როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც. კერძოდ, პანდემიის პერიოდში, როდესაც გარეთ გასვლა იყო საშიში და მაღაზიების უმეტესობა იყო დაკეტილი ან იყო დიდი რიგი, მოიფიქრა მომსახურება გაეწია კლიენტებისთვის და მათთვის მომსახურების 5-10-15-20-30-40-50 ლარის სანაცვლოდ მიეტანა ის კონკრეტული პროდუქცია, რომლის შეკვეთასაც გაუკეთებდნენ. აღნიშნულ პროდუქციას მომჩივანი ფასნამატს არ უკეთებდა, მისი მოგება იყო მხოლოდ და მხოლოდ მიტანის ე.წ. საკომისიო. ვინაიდან კლიენტები მაღაზიებში პირდაპირ თანხას ვერ რიცხავდნენ, მომჩივანს უწევდა წინასწარ თანხის გადახდა და ანგარიშსწორებას უკეთებდა კლიენტი მიტანის შემდეგ, რომელიც წესით მომჩივნის ბრუნვად არ უნდა ჩაითვალოს. გადასახადის გადამხდელის ბრუნვა ამ მომსახურებაში თითო მომსახურებაზე მხოლოდ 5 დან 50 ლარამდე იყო, ან მაქსიმუმ 10% ნივთის ღირებულების, რაც გამომდინარეობდა ტვირთის ფასეულობიდან და ზომაწონიდან. აღნიშული მომსახურება დაასრულა, როგორც კი მოიხსნა კარანტინი და პანდემიის აკრძალვები. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ძალიან შემცირდა 2023 წლის დასაწყისიდან მოთხოვნები მომსახურებებზე, რადგანაც მომხმარებლებმა თვითონ დაიწყეს მაღაზიებში სიარული. აღნიშნული საქმიანობის გარდა, აწარმოებდა მეტალის ნივთებზე გრავირებას. რამდენჯერმე ასევე შეიძინა დანები, როცა გამოცხადდა ფასდაკლება და 10 ან 15 პროცენტიანი დანამატით ყიდიდა, უმეტესობას გაუკეთა პერსონალიზაცია, ანუ წარწერები. ამასთან დაკავშირებით აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია. ბუღალტერი და იურისტი არ ჰყოლია და შესაბამისად, რასაც აკეთებდა იწერდა, ითვლიდა და იცოდა ზუსტად, რომ 100 000 ლარს ბრუნვა არ გაცდენია. შესაბამისად, არ უწევდა დღგ-ის გადახდა. არ ეთანხმება იმ თანხას, რაც გამოყვანილია დასაბეგრ ბრუნვად. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის ერთ-ერთი საქმიანობა არის მეტალის ნივთებზე გრავირება და 2021 - 2022 წლებში იყო მომსახურება, თვლის, რომ ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს 100 000 ლარს და არ ეკუთვნის დღგ-ის გადასახადი. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს აჭარბებს 2022 წლის 9 იანვარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 92-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია საბანკო ამონაწერებში მოეხდინა ოჯახის წევრების და ახლობლების მიერ ჩარიცხული თანხების იდენტიფიცირება, რაზეც წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტებები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება და ასეთი თანხები არ იქნა ჩართული დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. ასევე, შემოწმების პროცესში მოხდა დაკავშირება მესამე მხარეებთან და მათგან მიღებული იქნა დასტური საბანკო გადარიცხვით პროდუქციის საფასური გადახდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს საკურიერო მომსახურების თაობაზე, შემოწმებით შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება ერთი ტრანზაქციის ფარგლებში, რამდენს შეადგენდა საკურიერო მომსახურების საფასური და რამდენი იყო პროდუქციის ღირებულება. ვერც მომჩივანმა წარადგინა დოკუმენტაცია, რითაც მოხდებოდა აღნიშნულის იდენტიფიცირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის გადამხდელი პირისგან შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლა
ფაქტების აღწერა
მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აპრილის და 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ფარგლებშიც დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 2022 წლის აპრილის და 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 92-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 180-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე, რომ გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დაუდგინდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელი პირებისგან შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლას, რაც გავლენას მოახდენს შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
თუნდაც გავყვეთ შემმოწმებლის ლოგიკას და ჩავთვალოთ, რომ ეს ბრუნვა არის კომერციული საქმიანობისგან მიღებული ციფრი (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება), ეკუთვნის სავალდებულო დადგომა დღგ-ის გადამხდელად, მაშინ გაუგებარია შემმოწმებელმა რატომ არ გაითვალისწინა, რომ დღგის გადამხდელად როდესაც მიიჩნია, იმ პერიოდიდან მას არაერთი პროდუქცია აქვს ნაყიდი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული კომპანიებიდან, რომლებსაც გადახდილი აქვთ დღგ ბიუჯეტში და გამოდის დღგ-ის ჩათვლით აქვს ნაყიდი მათგან პროდუქცია.იმ მომენტიდან, როდესაც აქვს ვალდებულება იყოს დღგ-ის გადამხდელი, აქვს ასევე უფლებაც ჩაითვალოს მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი დღგ.
ვინაიდან დაევალა წარედგინა მტკიცებულებები, დამატებით წარმოადგენს საბანკო ამონაწერებს და ზედნადებების რეესტრს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ზედნადებებით 2022 წლის 9 იანვრიდან, როდესაც შემმოწმებელმა მიიჩნია დღგ-ის გადამხდელად, შეძენილი აქვს 58 327.51 ლარის პროდუქცია, რომელიც ნაყიდია დღგ-ის ჩათვლით და მხოლოდ იმიტომ არ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, რომ ის იმ პერიოდში არ იყო დღგ-ის გადამხდელი, წარმოადგენს აღნიშნული შესყიდვების დამადასტურებელ დოკუმენტაციის რეესტრს. მომჩივანი ითხოვს შესწავლილ იქნას აღნიშნული დოკუმენტაცია და დაკორექტირდეს დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის გადამხდელი პირებისგან შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლას.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვის სიდიდეს, ვინაიდან შემმოწმებელმა ვერ მოახდინა მომჩივნის საქმიანობის კვალიფიკაცია სწორად.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
2.მომჩივანი ითხოვს შესწავლილ იქნას აღნიშნული დოკუმენტაცია და დაკორექტირდეს დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს აჭარბებს. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის აპრილის და 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ფარგლებშიც დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.მომჩივანს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 2022 წლის აპრილის და 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდებში.
გადაწყვეტილება
1.ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,163,164,165,174,175,176,282.