გადაწყვეტილება №17765/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17765/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ ---------- პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------" 14.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17765/2/2022).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12060 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №7777/5519 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22025 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 10 152,71 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 992,725
აქციზის გადასახადი - 4 798,5
იმპორტის გადასახადი - 194,225
ჯარიმა - 4 992,725
საურავი - 167,26
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა, მის მიერ საქართველოში შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "----------") 20.09.2018 წლის №69350/01470556 საბაჟო დეკლარაციით მოაქცია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში 20.09.2021 წლამდე ვადით.
8.09.2021 წელს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება №69350/2047019 ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განესაზღვრა 22.10.2021 წელი.
აღნიშნულ ვადაში სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
მომჩივანს, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12060 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/5519 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12060 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და EL7777/5519 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.08.2022 წლის №22025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარულ დღემდე პერიოდი, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ავტომანქანით ს/ნ "----------"მართლაც შემოვიდა საქართველოში, მაგრამ ის გამოვიდა მწყობრიდან და ვერ მოახერხა მისი გაყვანა.
შემოსავლების სამსახურმა სრულფასოვნად არ გამოიკვლია საჩივარი და შესაბამისი მტკიცებულებები და მიიღო უკანონო ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, გარდა ამისა გასული იყო ოქმის შედგენის ვადა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არაუგვიანეს ორი თვისა, მისი გამოვლენის დღიდან.
არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, გარდა ამისა, გასულია ოქმის შედგენის ვადა, ასევე ოქმი არ არის დასაბუთებული და მისი შინაარსი გაურკვეველი და ბუნდოვანია, მისი შედგენისას არ ჩატარებულა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნული წარმოებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ შედგენილა ოქმი.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 29.12.2021 წლის №ELC12060 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, №EL7777/5519 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22025 ბრძანება და გათავისუფლდეს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სადავო სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
მომჩივნის განმარტებით, ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და ვერ მოახერხა მისი გაყვანა. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა სრულფასოვნად არ გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები და მიიღო უკანონო ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, გარდა ამისა გასული იყო ოქმის შედგენის ვადა.
მომჩივანი არ წარმოადგენს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეეხება საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის საკითხს, საბჭო აღნიშნავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება რეგულირდება საბაჟო კანონმდებლობით, რომლის თანახმად, საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შესაბამისად მომჩივნის არგუმენტები საფუძველს მოკლებულია.
ამგვარად, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.