გადაწყვეტილება №28015/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28015/2/2026
21 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ----- (ს/ნ ----- );
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- 25.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28015/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 01.07.2026 წლის N EL318799 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის N 18813 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
01.07.2026 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა N ----- სარკინიგზო ვაგონი, რომელზეც განთავსებული იყო ტრანზიტული საქონლით (საპოხი ზეთები) დატვირთული N -----კონტეინერი (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა N ----- ).
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- კონტეინერის დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ კონტეინერზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იყო დაზიანებული, კერძოდ მოტეხილი ჰქონდა ქვედა ჩამკეტი მოწყობილობა, რაც იძლეოდა საქონელთან შეღწევის შესაძლებლობას. ამასთან, კონტეინერში განთავსებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
საბაჟო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გაუვარგისებას/განადგურებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი - სს „-----“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2026 წელს, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ----- უფლებამოსილი პირის მიერ 01.07.2026 წელს შედგენილია N EL318799 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.08.2026 წლის N 18813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, 166-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად იგი ვალდებული იყო გამოერიცხა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის იგივე ქმედების ჩადენისთვის 12 თვის განმავლობაში არაერთგზის არის დაჯარიმებული, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, კომპანია, როგორც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება. იგი ასევე, ვალდებული იყო საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა საბაჟო ორგანოსთვის, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საბაჟო დეპარტამენტის მიერ 01.07.2026 წელს, სადგურ ----- შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL318799 (შეფარდებული ჯარიმა 1000 ლარი), N ----- ვაგონზე დატვირთულ კონტეინერზე ნომრით: N -----, (გზავნილი N -----, ტვირთი - „ძრავების ზეთები“. ტვირთგამგზავნი - -----. ოქმის მიხედვით: 01.07.2026 წელს, 18:20 სთ-ზე ----- ტერიტორიაზე, ----- მიმართულებით შემოვიდა სარკინიგზო შემადგენლობა N -----, რომელშიც იყო ტრანზიტულად მოძრავი რკინიგზის ვაგონი N ----- -----, მასზე განთავსებული კონტეინერით -----. კონტეინერი დატვირთული იყო საპოხი ზეთებით. აღმოჩნდა, რომ კონტეინერზე დადებული ლუქი -----, იყო დაზიანებული და კონტეინერი იყო შეღწევადი. ამის გამო კომპანიას დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
კონტეინერი ----- დაიტვირთა მიმდინარე წლის 27 ივნისს სადგურ ----- N ვაგონზე. ვაგონზე დატვირთული კონტეინერი ჩაბარდა დაცვას და გამოიგზავნა სადგურ ----- 28 ივნისს 05:00 სთ-ზე, N ----- მატარებლით. სადგურ ----- 1 ივლისის N ----- საერთო ფორმის აქტის თანახმად, ვაგონის კომერციული დათვალიერებისას აღმოჩნდა, გამომგზავნის დამღა ----- უმოქმედო მდგომარეობაში. საბაჟოს წარმომადგენელთან ერთად კონტეინერის კომისიურად დათვალიერებისას, საბაჟო სამსახურის, დაცვის პოლიციის და რკინიგზის წარმომადგენლების მიერ კონტეინერში ტვირთის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დანაკლისი არ გამოვლენილა. კონტეინერი დაიპლომბა სადგურ ----- და საბაჟოს ----- დამღებით და იგივე ვაგონით გაიგზავნა დანიშნულებით. 2 ივლისს ვაგონი ჩაბარდა ----- რკინიგზას.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არ შეიცავს არც ერთ კონტრარგუმენტს სს „-----“ მიერ საჩივარში წარდგენილ დასაბუთებასთან დაკავშირებით, საჩივრის განხილვა ხდება ფორმალურად და ზედაპირულად, რეალური მსჯელობისა და სამართლებრივი ანალიზის, მხარის ჩართულობის გარეშე. საბაჟო დეპარტამენტი ჯიუტად აგრძელებს სს „-----“ სამართალდამრღვევად მიჩნევას და მანკიერად, პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების სრული უგულვებელყოფით განმარტავს საბაჟო კანონმდებლობას ისე, თითქოს იგი საშუალებას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ პლომბის შეწყვეტის ფაქტზე დაყრდნობით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის არარსებობის პირობებშიც კი დაასანქციროს გადამზიდავი.
----- საქალაქო სასამართლომ 27.02.2026 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N ---- განმარტა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის შესახებ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება თავად საბაჟო სამართალდარღვევის არსს, რომელსაც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, კერძოდ, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, პლომბის დაზიანება გამოწვეულია შემთხვევითი ზემოქმედებით, რადგან საბაჟო დეპარტამენტს საპირისპიროს ვარაუდის და მით უმეტეს მტკიცების საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომისიური დათვალიერებისას აღნიშნულ ვაგონში ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 18.04.2003 წლის N 26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ პირველი მუხლის თანახმად, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები“ (შემდგომ – წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება - მოვალეობებს და პასუხისმგებლობას. ამავე წესების 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ვაგონებს ტვირთავს: ტვირთგამგზავნი - არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. წინამდებარე წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, „ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა“. „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“, 22-ე თავი ეთმობა საქართველოს რკინიგზაზე „ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ - საპლომბი მოწყობილობა. საკეტ - საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. 328-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საკეტ - საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე. ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ - საპლომბი მოწყობილობის დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში. საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამისი აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამზიდავისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი. ამდენად, გაუგებარია, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა კომპანიამ, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.
ამასთანავე, განსაკუთრებული შემთხვევებისა და გარემოებების გარდა, ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. რაზედაც რკინიგზას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის კომპანიის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ, კომპანიის მიმართ, სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.
„საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზოსაბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს მართლაც აქვს უფლება გადაამოწმოს გამგზავნის მიერ დადებული პლომბების მთლიანობა და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს უფლებას და არა ვალდებულებას. ისეთი მოცულობის ტვირთბრუნვის პირობებში, როგორიც გააჩნია კომპანიას თითოეულ ვაგონზე თითოეული პლომბის გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელიც კია. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიამ პირველივე რეალური შესაძლებლობისას, ანუ იმ მომენტიდანვე როდესაც გადამზიდავისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული პრობლემის შესახებ, მიიღო ყველა ზომა, რათა აღმოეფხვრა ხარვეზი. კომპანიის მიერ მოხდა პლომბებდაზიანებული ვაგონის შემადგენლობიდან ახსნა და მისი შემდგომი გადაადგილების შეჩერება, ასევე საბაჟო სამსახურის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ვაგონში არსებული ტვირთი შენარჩუნდა ყოველგვარი დანაკლისის გარეშე და თავად რკინიგზის თანამშრომელთა შესაბამისი რეაგირების შედეგად თავიდან აცილებულ იქნა ტვირთის სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა განკარგვის რისკი.
გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე გადამზიდავი პასუხს ვერ აგებს ტვირთგამგზავნის მიერ უხარისხოდ დადებული პლომბების მთლიანობაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხარვეზის აღმოჩენის პირველივე ობიექტური შესაძლებლობისას კომპანიამ მოახდინა კეთილსინდისიერი რეაგირება, გასათვალისწინებელია, რომ სარკინიგზო გადაზიდვისას ვაგონმა შესაძლოა განიცადოს მრავალგვარი ზემოქმედება, მათ შორის საკმაოდ მძლავრი ვიბრაციული რხევები. აღნიშნულიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თითოეული პლომბის მთლიანობის უზრუნველყოფა ობიექტურად შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში პლომბის დაზიანებას არ მოჰყოლია იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლის დაცვასაც პლომბების დადება ემსახურება, არ მომხდარა ტვირთის უკანონო განკარგვა და შესაბამისად, არ აღმოჩენილა ტვირთის დანაკლისი. მიაჩნია, რომ საჩივრის განხილვისას, შემოსავლების სამსახურმა უნდა შეაფასოს ის ობიექტური მოცემულობა და შესაძლებლობები, რომელიც გადამზიდავს გააჩნია, ყურადსაღებია, რომ ტვირთის განკარგვას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანიას წინასწარ არ შეიძლებოდა სცოდნოდა პლომბის დაზიანების შესახებ, ხოლო როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მყისიერადვე თავად მიიღო ყველა საჭირო ზომა ტვირთის მთლიანობის დასაცავად.
სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ - ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული, რასაკვირველია, არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ადგენს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად, სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, ხოლო, ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი, ცალსახად საგადასახადო სამართალდარღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო, საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციასა და წარდგენილ დოკუმენტაციას, გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, კომპანია, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდე საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის სახით, შეფარდებული ჯარიმის თანხის გადახდისაგან.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის მფლობელი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა - ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანი მიუთითებს ----- საქალაქო სასამართლოს 27.02.2026 წლის გადაწყვეტილებაში განმარტებაზე, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პლომბის დაზიანება გამოწვეულია შემთხვევითი ზემოქმედებით, რადგან საბაჟო დეპარტამენტს საპირისპიროს ვარაუდის და მით უმეტეს მტკიცების საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომისიური დათვალიერებისას აღნიშნულ ვაგონში ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა“. ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რაზედაც სს ----- შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის კომპანიის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ, კომპანიის მიმართ, სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება. ამასთან, „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო - საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს მართლაც აქვს უფლება გადაამოწმოს გამგზავნის მიერ დადებული პლომბების მთლიანობა და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს უფლებას და არა ვალდებულებას. მხოლოდ ფაქტის არსებობა, რომ პლომბი შეწყვეტილია, ვერ გახდება სუბიექტის სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძველი, საჭიროა მასანქცირებელმა ორგანომ დაასაბუთოს, დაჯარიმებული სუბიექტის რა ქმედებამ გამოიწვია პლომბის შეწყვეტა ან რა პირობების დაცვა ვერ უზრუნველყო მან. გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე გადამზიდავი პასუხს ვერ აგებს ტვირთგამგზავნის მიერ უხარისხოდ დადებული პლომბების მთლიანობაზე. შემოსავლების სამსახურმა უნდა შეაფასოს ის ობიექტური მოცემულობა და შესაძლებლობები, რომელიც გადამზიდავს გააჩნია, ყურადსაღებია, რომ ტვირთის განკარგვას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანიას წინასწარ არ შეიძლებოდა სცოდნოდა პლომბის დაზიანების შესახებ, ხოლო როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მყისიერადვე თავად მიიღო ყველა საჭირო ზომა ტვირთის მთლიანობის დასაცავად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა და ასევე, მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტი 31.08.2026 წლის N ----- წერილში მიუთითებს, რომ სს „-----“, როგორც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა საბაჟო ორგანოსთვის და გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა. მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო - საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს, მითითებულია, რომ აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას.
საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ტრანზიტული საქონლით დატვირთულ კონტეინერზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება აღმოჩნდა დაზიანებული, რაც საქონელთან შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის რაოდენობა დოკუმენტებს შეესაბამებოდა, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გაგრძელდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (2 და 11); 166 (2);.