ბრძანება N 23908
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23908
11 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------- -ს “ (ს/ნ "--------")
(მის.:"--------" )
2024 წლის 12 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ოქტომბრის და პირველი ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №108 და №117) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 სექტემბრის №23564/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული მომჩივანის (ს/ნ "--------") №97863/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250616, №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/45 (№007-45) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, არც მათი კომპანიის და არც დამკვეთი შპს „N1-ს“ მიზანი არ ყოფილა ტვირთის უკანონო განკარგვის მიზანი. შპს „N1-ის“ წარმომადგენელმა შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ აცნობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი შპს „N1-ის“ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გაჰყვა რეექსპორტზე გასატან ტვირთს. შპს „N1-ის“ მხრიდან ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პირველად, რაც მისი მოსაზრებით, ცალსახად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან იმ პირობებში, რომ შპს „N1-მა “ თავად მიმართა ჯერ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომ საბაჟო დეპარტამენტს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. მომჩივანი მიუთითებდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იამ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნორმა გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვინაიდან ის არ არის ქმედების ჩამდენი.
ამასთან მომჩივანი ასევე მიუთითებდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებზეც და აღნიშნავდა, რომ საბაჟო დეპარტამენტს ჯარიმის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა გაფრთხილება.
მომჩივანი ასევე მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, ხოლო 172-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა გამოირიცხება, რადგან სახეზე არ იყო უკანონო განკარგვა. საქონელი უნდა გასულიყო და გავიდა კიდეც საბოლოოდ რეექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები საერთოდ არ უნდა დარიცხულიყო.
მომჩივნის მოსაზრებით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გარიგების ფასის პირველი მეთოდით და ეს მეთოდი უპირველესად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 ივლისს შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") მიერ №11111/C81853 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა, მომჩივანის ("----------") საბაჟო საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი (1 810 ყუთი), მათ შორის 812 ყუთი (406 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“ (საერთო ღირებულება – 168 084 დირჰამი).
შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") 2023 წლის 15 სექტემბრის №-------- განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი (საბაჟო დეკლარაციები: №"-------" (19.07.2023); №"-------"(05.08.2023)), რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი (10 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით შპს „N1-მ“ (ს/ნ "-------") მოითხოვა რეექსპორტის დეკლარაციების კორექტირება (---------საბაჟო დეკლარაცია – 18 ყუთი (9 000 კოლოფი); №-------- საბაჟო დეკლარაცია – 2 ყუთი (1 000 კოლოფი)).
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------- ის “ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა მომჩივანის ("--------") საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა №"-------" საბაჟო დეკლარაციით არსებული ნაშთი – 20 ყუთი (10 000 კოლოფი; საბაჟო ღირებულება – 4140 დირჰამი (2911.87-ლარი)) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“.
ვინაიდან აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი №"-------" 02.10.2023).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №"-------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №"-------" წერილით შპს „N1-სგან“ (ს/ნ "-------") გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „--------- LLC“ წერილი და მიმღები ქვეყნის ("-------") საბაჟო დეკლარაცია), რაც შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი (წერილი №"-------"10.05.2024).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლითა და 176-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენას, მომჩივანის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------- -ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 16 მაისს შედგენილი №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ასევე იმავე დღეს შედგენილ იქნა №EL250611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს შპს „N1-თან“(ს/ნ "-------") ერთად სოლიდარულად №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 61 351.96 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთანავე, 2024 წლის 16 მაისს გამოიცა №EL11111/45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 61 351.96 ლარი (დღგ – 9802.95 ლარი; იმპორტის გადასახადი – 349 ლარი; აქციზის გადასახადი – 51 200 ლარი) და საურავი – 8729.32 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანებით მომჩივანის“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე 30.08.2024 წლის №"-------" წერილით წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
„2023 წლის 13 ივლისს შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") მიერ №"-------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა,მომჩივანის ("--------") საბაჟო საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი (1 810 ყუთი), მათ შორის 812 ყუთი (406 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“ (საერთო ღირებულება – 168 084 დირჰამი).
შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") 2023 წლის 15 სექტემბრის №"-------" განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი (საბაჟო დეკლარაციები: №"-------" (19.07.2023); №"-------" (05.08.2023)), რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი (10 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით შპს „N1-მა“ (ს/ნ "-------") მოითხოვა რეექსპორტის დეკლარაციების კორექტირება (№"-------" საბაჟო დეკლარაცია – 18 ყუთი (9 000 კოლოფი); "-------" საბაჟო დეკლარაცია – 2 ყუთი (1 000 კოლოფი)).
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივნის საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა №"-------"საბაჟო დეკლარაციით არსებული ნაშთი – 20 ყუთი (10 000 კოლოფი; საბაჟო ღირებულება – 4140 დირჰამი (2911.87-ლარი)) ფილტრიანი სიგარეტი „MILANO FAN PACK LONDON“.
ვინაიდან აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა 2 000 ლარს, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი №"-------" 02.10.2023).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №"-------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №"-------" წერილით შპს „N1-სგან“ (ს/ნ "-------") გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „-------- LLC“ წერილი და მიმღები ქვეყნის ("-------") საბაჟო დეკლარაცია), რაც შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.“
საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის პოზიციაზეც „როდესაც, შპს „N1-მ“ შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე 20 ყუთის ოდენობით, მან დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს (რომლის გამოკვლევის შედეგები საბაჟო სამსახურს თავის მხრივ უნდა გამოეყენებინა საქმის წარმოებისას, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს, გამოთხოვილ იქნას საგამოძიებო ორგანოდან შესაბამისი მასალები) და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან მას ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას“.
საბჭომ მიუთითა მომჩივნის მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) შპს „N1-ს“ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა მომჩივანისგან ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა. მომჩივანი საჩივარს ურთავს ვიდეომასალას.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის პოზიციაზეც, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდა საჩივრის დეტალური განხილვა და მასზე დართული მასალების შესწავლა, მან იგნორირება გაუკეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არც კი მოახდინა მათი გაქარწყლება ბრძანებით. უფრო მეტიც, ბრძანებაში მიუთითა ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა ეწინააღმდეგება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით საბჭომ მიაჩნია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის ნაწილის (20 ყუთი სიგარეტი) უკანონო განკარგვის ფაქტი/საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ პუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაში, ასევე საბაჟო საწყობის პროცედურის პირობების დარღვევაში და ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.
სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
მომჩივნის პრეტენზიასთან სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის ოდენობაზე (61 351.96 ლარი) საგულისხმოა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში იმპორტის გადასახდელმა შეადგინა 61 351.96 ლარი და სწორედ აღნიშნული თანხა სოლიდარულად, შპს „N1-თან“ ერთად, დაეკისრა საბაჟო სანქციის სახით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №"-------" წერილით შპს „N1-სგან“ (ს/ნ "-------") გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „---------LLC“ წერილი და მიმღები ქვეყნის (ყირგიზეთი) საბაჟო დეკლარაცია), რაც შპს „N1-ს“ (ს/ნ "-------") მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
საგულისხმოა ასევე, რომ მითითებული დამატებითი მტკიცებულებები მხარის მიერ არც დავის ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი, რაც შეცვლიდა საქმეზე უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (რის დასადასტურებლადაც უთითებს ვიდეომასალაზე), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვიდეო მასალაში ასახული საქონლის საბაჟო საწყობში დალუქვა ვერ ჩაითვლება იმ ფაქტობრივი გარემოების დასტურად, რომ საქონელი რეექსპორტით გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. საბაჟო საწყობში საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა, დალუქვა და საწყობიდან გატანა, ადასტურებს სწორედ იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური კვლავ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნის მოსაზრებით,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გარიგების ფასის პირველი მეთოდით და ეს მეთოდი უპირველესად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით მომჩივანმა ითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის ნაწილის უკანონო განკარგვის ფაქტი/საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
127,163,176.