გადაწყვეტილება №19185/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19185/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19185/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: :საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 22.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19185/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4675 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10069 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო, საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC10068 და №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, გამოიცა №EL7777/5463 და №EL7777/5464 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახდელი, ასევე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.

საბაჟო გამშვები პუნქტი "-------------თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფროსის 10.03.2022 წლის №20656-21-10-15 წერილით გაირკვა, რომ №------------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებული „-------------“-ის მარკის ავტომობილი (ს/ნ -------------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ იქნა მიმდინარე წლის 14 თებერვალს – თბომავლით ,,--------------“.

საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10068 და №ELC10069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე თარიღის №EL7777/5463 (№023-5463) საგადასახადო მოთხოვნა 16.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2022 წლის №9345 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა 29.12.2021 წლის №ELC10068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, №EL7777/5463 (№023-5463) საგადასახადო მოთხოვნა და მათ საფუძველზე დაკისრებული თანხები; დაევალა საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10070 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე თარიღის №EL7777/5464 საგადასახადო მოთხოვნა 16.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 29.12.2021 წლის №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან; დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს №EL7777/5464 (№023-5464) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ შეუსრულებია ამავე ბრძანებით დადგენილი პირობები და შესაბამისად, სხვა ჯარიმების ბარათზე არ შემცირდა 29.12.2021 წლის №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმითა და №EL7777/5464 (№023-5464) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა, თუმცა, სატრანსპორტო საშუალებამ საიდენტიფიკაციო ნომრით --------- საქართველოს ტერიტორია დატოვა 13.12.2022 საბაჟო გამშვები პუნქტი „--------- პორტის“ გავლით.

იმ საფუძვლით, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალებას უკვე ჰქონდა დატოვებული საქართველოს საბაჟო ტერიტორია, მომჩივანმა დარიცხული თანხების გაუქმების მოთხოვნით 15.12.2022 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტის აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამგვარად, შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343, №9345 და 17.02.2023 წლის №2931 ბრძანებებით მომჩივნის მოთხოვნა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურების ნაწილში (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები №ELC10068 და №ELC10070) დაკმაყოფილდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ECL10069 და №ECL10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 29.12.2021 წლის №ECL10069 და №ECL10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმების მოთხოვნით 6.03.2023 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 13.03.2023 წლის №4675 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს, საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, შემოსავლების სამსახურში 16.02.2022 წელს მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა №28087/21-11 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვდა 29.12.2021 წლის №ELC10069 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას, შემოსავლების

სამსახურის 13.04.2022 წლის №9343 და №9345 ბრძანებებით მომჩივანს უარი ეთქვა 29.12.2021 წლის №ELC10069 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული ჯარიმის გაუქმებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში (შპს „-----------“), რომლის დირექტორები არიან პაკისტანის მოქალაქეები, დასაქმებულია მენეჯერის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედის კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების გადაფორმება მყიდველზე.

აღნიშნულ კომპანიას უკრაინაში აქვს გახსნილი ფილიალი იგივე სახელწოდებით. -----------, რომლის დირექტორია ------------. იგი გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ეს კომპანიაც არის სატრანსპორტო, საქართველოდან გზავნიან რეექსპორტით ავტომობილებს აღნიშნული კომპანიის და შემდეგ ხდება მათი იქ გაყიდვა.

როგორც თანამშრომელი მინდობილობით აკეთებდა რეექსპორტს უკრაინაში, აღნიშნულ კომპანიაზე. მაგრამ 29.12.2021 წელს შეექმნა პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება და სრულად ვერ მოაგვარა.

2021 წელს 2 ავტომობილი რომელზეც გაკეთებული იყო რეექსპორტი და უნდა წაეყვანათ უკრაინაში, ვინაიდან დააგვიანდათ მათი ქვეყნიდან გატანა, 29.12.2021 წელს მომჩივნის სახელზე დაფიქსირდა ჯარიმები.

14.02.2022 წელს გაგზავნეს -------- -----------, დაწერა განცხადება შემოსავლების სამსახურში და მოეხსნა ჯარიმის ნაწილი აღნიშნულ ავტომობილზე. ხოლო მეორე ავტომობილმა, რადგან იყო დაზიანებული და თან დაურთო უკრაინა რუსეთის ომი, მოგვიანებით 13.12.2022 დატოვა საქართველოს ტერიტორია და აღნიშნულ ავტომობილზეც მოეხსნა გარკვეული ჯარიმა.

თუმცა მოეხსნა მხოლოდ უკანონო განკარგვის ჯარიმები, რაც შეეხება ჯარიმას, რომელიც გამოწერილი არის საბაჟოზე გამოცხადების ვადების დარღვევის გამო არ მოეხსნა. და დღემდე ფიქსირდება მის სახელზე დავალიანება 2000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ჯარიმები 1000 - 1000 ლარის ოდენობით, გადახდილია საბაჟოზე როდესაც ავტომობილებმა გადაკვეთეს საზღვარი ------------- 2022 წლის 14 თებერვალი. ------------- 2022 ------------- 13 დეკემბერი, როგორც მისთვის ცნობილია, მოხდა შეცდომით გადახდა აღნიშნული თანხების, გამოიწერა ახალი ოქმი სხვა პიროვნებაზე და მან გადაიხადა. ვინაიდან მას არ ჰქონდა ინფორმაცია თუ ვინ გაიყვანა აღნიშნული ავტომობილები. (ასეთ საქმეს უძღვება ბატონი ------------- ) შესაბამისად ვერ მოიპოვა გადახდის დოკუმენტი ------------- -ს შესახებ. რაც შეეხება N------------- -ს აქვს ფოტო სადაც აღნიშნულია ოქმი და საბანკო ქვითარი.

არამართლზომიერად მიაჩნია, რადგან ავტომობილებმა უკვე დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ჯარიმებიც გადახდილია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა საზღვრის კვეთა. ასევე რატომ მოხდა ახალი ოქმის გამოწერა რომელიც უკვე არსებობდა, ასევე კვლავ აღნიშნავს, რომ ავტომობილები არ წარმოადგენს მის საკუთრებას მან როგორც თანამშრომელმა გააკეთა რეექსპორტი. უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული ჯარიმებისგან და თუ ვერ ხერხდება აღნიშნული ოქმების გაუქმება დავალიანება დაეწეროს კომპანიის მთავარ წარმომადგენელს თუ არის ამის შესაძლებლობა.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ბრძანება 4675, რადგან მოხდეს განხილვა და გაუქმდეს ჯარიმები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ვინაიდან მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა იმავე დავის საგანზე რომელზეც შემოსავლების სამსახურს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს დოკუმენტები და მოყვანილი აქვს არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სადავო საკითხზე დავის განახლებას.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის განახლებასთან დაკავშირებით, განსახილველად უნდა გაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.საჩივარი, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის განახლებასთან დაკავშირებით, განსახილველად გაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა სანქციის სახით ჯარიმა. ხოლო, საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა სანქციის სახით ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩივარი, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის განახლებასთან დაკავშირებით, განსახილველად გაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

საბაჟ.კოდ.33(2);

საგად.კოდ.301(ზ);308(1)