ბრძანება N 13029
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13029
03 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 17 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 17 მაისის №89707/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №066-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებისგან სასაქონლო ზედნადებით/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ყველა საქონელი დასტურდება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ მითითება იმ ფაქტზე, რომ ფირნიშის ნომრები არ ეკუთვნის მომწოდებლებს, გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის ბრალეულობას, რადგან კომპანიას აღნიშნულის შემოწმება არ შეეძლო 2023 წლის 15 ივნისამდე. ამასთან, აღნიშნავს, რომ მომწოდებლების მიერ მიწოდებული საქონლის საწყის ნაშთებად ასახვა ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში 2023 წლის 15 ივნისს განხორციელდა უპრობლემოდ. ასევე, აცხადებს, რომ გაურკვეველია როგორ იქნა დათვლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა. მიუთითებს, რომ დარიცხული თანხა არალოგიკურია და ზემოაღნიშნული მიზეზებით ექვემდებარება გაუქმებას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31236 და 2024 წლის 28 მარტის №6739 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით საანგარიშო
პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 აპრილის №9478 ბრძანება და ამავე თარიღის №066-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 264 378 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 946 ლარი, ჯარიმა 81 258 ლარი, საურავი 20 174 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ხე-ტყის) შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნის მომწოდებელს. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნება განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა, კერძოდ, აღნიშნული პირებისგან მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმებდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
ზემოაღნიშნულზე მითითებით, ვინაიდან კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნის მომწოდებელს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის გათვალისწინებით ოპერაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და თავის მხრივ მის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ჩათვლის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) იმპორტირებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხეტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალიზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხეტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას აღნიშნულ ოპერაციაზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის გააანგარიშებისას და დადგენილი ფულის ნაშთზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ საქონლის შეძენა დასტურდება, ასევე, მომწოდებლების მიერ მოწოდებული საქონლის საწყის ნაშთებად ასახვა ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში 2023 წლის 15 ივნისს განხორციელებულია უპრობლემოდ.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშების საკითხი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებისგან სასაქონლო ზედნადებით/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის შეძენა-რეალიზაცია. კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნის მომწოდებელს. ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნება განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნული პირებისგან მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას და ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:174(1);175(1);176(1);73(5);105(2);101(1);154(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილი.