ბრძანება N 2938

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2025
№ დოკუმენტი 2938
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2938

19 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 24 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16, 23 და 30 იანვრის სხდომებზე (ოქმები: №2, №5, №8) განიხილა ი/მ --------- (პ/ნ -----------) №93474/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №042-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ უძრავი ქონების რეალიზაციად კვალიფიკაცია არასწორია, ვინაიდან ყველა რეალიზაცია განხორციელებულია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებით, რაც აკმაყოფილებს 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ოპერაცია ექვემდებარებოდა დღგ-ით უკუდაბეგვრას. აღნიშნული არგუმენტის გასამყარებლად მიუთითებს, რომ მომჩივნისთვის განხორციელებული ოპერაციის მიზანი თავიდანვე იყო უძრავი ქონების გარანტიით თანხების სესხად აღება, ხოლო მეორე მხარეთა, როგორც ფულის გამსესხებელ პირთა მიზანი იყო ჩადებული თანხებიდან სარგებლის მიღება, ხოლო თანხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ უძრავი ქონებების რეალიზაცია დაექვემდებაროს დღგ-ით უკუდაბეგვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ოდენობას. განმარტავს, რომ უძრავი ქონებების შეძენისა და მათი შემდგომი გასხვისების ოპერაციები განხორციელებულია ძირითადად ერთსა და იმავე დღეს, რა დროსაც შეძენის დროს ქონების კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება შეადგენდა 136 ლარს, ხოლო იმავე დღეს რეალიზაციისას 653 ლარს, რაც ცხადია არ შეესაბამება რეალობას. მომჩივანი ითხოვს, რომ აქტივის ნამეტის სწორად განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნას აქტივის შეძენის დროს არსებული საბაზრო ფასი.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.

 

საჩივრის წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ 2021 წლის 10 თებერვლიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამდენად, შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხდა მასთან დაკავშირება და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო დროულად გაცნობოდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 2 დეკემბრის №30383 ბრძანება და ამავე თარიღის №042-35 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაეგზავნა 2022 წლის 2 დეკემბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 6 მარტს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 26 მარტს. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებს პირი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2024 წლის 26 ნოემბერს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2024 წლის 24 დეკემბერს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ------საქალაქო სასამართლოს განაჩენზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაზე №---------, საიდანაც ირკვევა, რომ --------- (პ/ნ ---------) 2021 წლის 10 თებერვლიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანმა შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რამაც განაპირობა გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გაშვება.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და საჩივარი დაშვებულ იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30383 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №042-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 975 721 ლარი, მათ შორის გადასახადი 482 769 ლარი, ჯარიმა 241 384 ლარი და საურავი 251 568 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში ი/მ --------- სახელზე რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი უძრავი ქონებების შესახებ. ასევე, დამუშავებული და გაანალიზებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროგრამა „-------“ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში ი/მ -------- მიერ შეძენილ და რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. შემოწმებით დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2019-2020 წლებში, ქ. ------- ----------ში ხდებოდა მშენებარე სტატუსის მქონე ბინების შეძენა იურიდიული პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეალიზაციასაც მოკლე პერიოდში (ძირითადად შეძენის თვეშივე) ახდენდა ფიზიკურ პირებზე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებით, სადაც გამოსყიდვის ვადად მითითებული იყო 3 ან 6 თვე. ინფორმაციის დამუშავებით გაირკვა, რომ --------- მიერ რეალიზებული უძრავი ქონების საბოლოო გამოსყიდვა არ ხორციელდებოდა (გამოსყიდვა, განხორციელდა, მხოლოდ სამ ბინაზე, რომელიც იმავე პირობით გაიყიდა, რომელთა გამოსყიდვა -------- მიერ ახალი მყიდველებისგან აღარ განხორციელდა). შემოწმების მიერ, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით განისაზღვრა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რისთვისაც შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეებში დათვლილი იქნა რეალიზებული მშენებარე სტატუსის მქონე ბინების ღირებულებები. ასევე, რეალიზებული უძრავი ქონებების უკან დაბრუნების საანგარიშო თვეებში განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებები, რის შედეგადაც შესაბამის საანგარიშო თვეებში განისაზღვრა დღგ-ის შესამცირებელი თანხები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ მომხდარა დღგ-ის დეკლარაციების წარდგენა და დღგ-ის დარიცხვა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, --------- დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების მიერ, ი/მ ------- უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის ხელშეკრულებებში არსებული ღირებულებების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე განისაზღვრა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯის ოდენობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია 2019-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები და არ ჰქონდა დარიცხული კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების მიერ, ი/მ ------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2019-2020 წლებში, ხდებოდა მშენებარე სტატუსის მქონე ბინების შეძენა იურიდიული პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეალიზაციასაც მოკლე პერიოდში ახდენდა ფიზიკურ პირებზე ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებით, სადაც გამოსყიდვის ვადად მითითებული იყო 3 ან 6 თვე, თუმცა მეწარმის მიერ რეალიზებული უძრავი ქონებების საბოლოო გამოსყიდვა არ ხორციელდებოდა (გამოსყიდვა, განხორციელდა, მხოლოდ სამ ბინაზე). შემოწმების მიერ,შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეებში დათვლილი იქნა რეალიზებული მშენებარე სტატუსის მქონე ბინების ღირებულებები. ასევე, რეალიზებული უძრავი ქონებების უკან დაბრუნების საანგარიშო თვეებში განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებები. აგრეთვე, განისაზღვრა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გაწეული ხარჯის ოდენობა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან მიმართებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ი/მ -------- შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საცხოვრებელი ბინებით ვაჭრობას. კერძოდ, მეწარმე ყიდულობდა და ყიდდა უძრავ ქონებას და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებები დადებული იყო გამოსყიდვის უფლებით, შესამოწმებელ პერიოდში, მეწარმის მიერ გაყიდული ქონების უკან გამოსყიდვა არ ხდებოდა (გარდა 3 შემთხვევისა). შესაბამისად, შემოწმებამ უკან გამოსყიდული ქონებების გათვალისწინებით, გაიანგარიშა უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები, რა დროსაც ნასყიდობის ფასი აღებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ხელშეკრულებებიდან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22

ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ოდენობას.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2019-2020 წლებში, ხდებოდა მშენებარე სტატუსის მქონე ბინების შეძენა იურიდიული პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის რეალიზაციასაც მოკლე პერიოდში (ძირითადად შეძენის თვეშივე) ახდენდა ფიზიკურ პირებზე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებით, სადაც გამოსყიდვის ვადად მითითებული იყო 3 ან 6 თვე. ინფორმაციის დამუშავებით გაირკვა, რომ ი/მ-ის მიერ რეალიზებული უძრავი ქონების საბოლოო გამოსყიდვა არ ხორციელდებოდა (გამოსყიდვა, განხორციელდა, მხოლოდ სამ ბინაზე, რომელიც იმავე პირობით გაიყიდა, რომელთა გამოსყიდვა მომჩივანის მიერ ახალი მყიდველებისგან აღარ განხორციელდა). შემოწმების მიერ, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით განისაზღვრა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რისთვისაც შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეებში დათვლილი იქნა რეალიზებული მშენებარე სტატუსის მქონე ბინების ღირებულებები.ასევე, რეალიზებული უძრავი ქონებების უკან დაბრუნების საანგარიშო თვეებში განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებები, რის შედეგადაც შესაბამის საანგარიშო თვეებში განისაზღვრა დღგ-ის შესამცირებელი თანხები.

უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ მომხდარა დღგ-ის დეკლარაციების წარდგენა და დღგ-ის დარიცხვა. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია 2019-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები და არ ჰქონდა დარიცხული კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების მიერ, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:102(1);105(1,2);160(ა);161(1);171(1);179(1);270(1)275(2);