ბრძანება N 16607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2024
№ დოკუმენტი 16607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16607

12 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 24 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №103904/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №161-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის ჩაბარებამდე მისთვის უცნობი იყო რა დარღვევა იქნა დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულმა კი არ მისცა საშუალება წარედგინა საკუთარი არგუმენტაცია. კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის უქონლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. გადასახადის თანხის არასრულ დეკლარირებასთან მიმართებაში კი შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით ავანსი ირიცხება პროექტის დაწყებისას, თუმცა ამ თანხის გამოყენება ხდება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად, დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ გაურკვეველია რის საფუძველზე და რა თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2666 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 27 მაისის №12164 ბრძანება და 28 მაისის №161-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 222 ლარი, მათ შორის, გადასახადი 65 945 ლარი, ჯარიმა 31 679 ლარი, საურავი 12 598 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 7 მაისს, ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, კერძოდ: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ნაპირსამაგრი და სტიქიით დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები. აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ასევე, მომსახურებას უწევს ადგილობრივ კომპანიებსაც.

შესამოწმებელ პერიოდში თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში. შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს ავანსის ფაქტურები, ამასთანავე, სრულად აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი ფაქტურებით, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შპს „-------“ მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „-------“ (ს/ნ -------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები. ნაშთად დარჩენილი თანხა, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსხურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება./მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან შემოწმების პროცესში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია, დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გაგზავნილია მის ელექტრონულ ფოსტაზე, რასთან დაკავშირებითაც პოზიცია არ წარმოუდგენია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „-------“ შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რის გამოც შემოწმების მიერ განხორციელდა მთლიანი ანალიზი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, თუმცა შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით არ არის განსაზღვრული. დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული სრულად ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები. აღნიშნული შემოსავლების ჩარიცხვა სრულად ჩანს საბანკო ამონაწერებში, ასევე, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები, თუმცა არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი აღნიშნული ოპერაციები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში. 2023 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ამასთანავე, სრულად აქვს დღგის ჩათვლა მიღებული იმ ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც ინაშთება ზემოაღნიშნული ავანსის ფაქტურები. აქედან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რის შედეგადაც მიღებული ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად, დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ასევე, მომსახურებას უწევს ადგილობრივ კომპანიებსაც.

შესამოწმებელ პერიოდში თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები, არ აქვს დაბეგრილი მიღებული ავანსები შესაბამის პერიოდში, სრულად აქვს დღგ-ის ჩათვლა მიღებული როგორც ავანსის ფაქტურებით, ასევე ძირითადი ფაქტურებით.

2. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რის შედეგადაც მიღებული ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 175; 176