გადაწყვეტილება №22940/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22940/2/2024
14 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 23.04.2024; 21.06.2024 და 6.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22940/2/2024).
დავის საგანი:
1. იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, რომლითაც არ იდენტიფიცირდება მომსახურების/საქონლის შეძენა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება;
2. შპს ---------ს მიერ გაწეულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირების საფუძვლით ჩათვლის გაუქმება;
3. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
4. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-118 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7847 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 017 038,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 283 389
დღგ - 844 624
საშემოსავლო გადასახადი - 438 765
ჯარიმა - 637 650
საურავი - 95 999,98
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულების საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2023 წლის №4551, 14.03.2023 წლის №4940, 20.03.2023 წლის №5457, 30.05.2023 წლის №11880 და 6.12.2023 წლის №30538 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 7.02.2022 წლიდან 1.11.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 26.12.2023 წლის №33063 ბრძანება და ამავე თარიღის №021-118 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7847 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან) დაკავშირებით, კერძოდ, წარდგენილი დეკლარაციის ასახვის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7847 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, რომლითაც არ იდენტიფიცირდება მომსახურების/საქონლის შეძენა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2022 წლის თებერვლის თვეში, მომსახურების ანგარიშ-ფაქტურით სერია „ეა---“ №-------, დღგ 122 755.12 ლარი, სრული თანხა 804 728 ლარი, მომჩივანს მიღებული აქვს ჩათვლა ურთიერთდამოკიდებული პირისგან, შპს „-------სგან“ (--------).
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია ინფორმაცია აღნიშნული მომსახურების შინაარსზე. ასევე, არ არის წარდგენილი მიღებული მომსახურების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, ვერ დაიდენტიფიცირდა მიღებული მომსახურების შინაარსი და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მართლზომიერება. შპს „--------ას“ (ს/ნ --------) მიერ აღნიშნული მომსახურება დაბეგრილია 2022 წლის თებერვლის თვეში, თუმცა შესაბამისი დღგ არ არის გადახდილი ბიუჯეტში.
2022 წლის მაისის და აპრილის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით ურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან, შპს „-------სგან“ (ს/ნ ---------), მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: სერია:„ეა------“ №-------, დღგ-51 223.73 ლარი, სრული თანხა 335 800 ლარი; სერია: „ეა-------“ №--------, დღგ-ს თანხა 6 864.41, სრული თანხა 45 000 ლარი; სერია: „ეა---“ №-------, დღგ-ს თანხა 23 522.03 ლარი, სრული თანხა 154 200 ლარი, საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გაფორმებული ხელშეკრულებებით, აღნიშნული ორგანიზაციისგან ღებულობს ფილმებს, თუმცა არანაირი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ხელშეკრულებები ან სხვა) წარდგენილი არ არის. ასევე, მიღებული ზედნადებების მიხედვით არ ფიქსირდება არანაირი კინოფილმის შეძენა. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მომსახურების დასახელებაში მითითებულია შესრულებული სამუშაოები (ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საწარმოს აშშ დოლარის, ევროს და ლარის ანგარიშების, ასევე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი თავად ახდენს კინო-ფილმების შეძენას სხვადასხვა მომწოდებლებისაგან). შპს „-------ს“ (ს/ნ -------) აღნიშნული მომსახურება დაბეგრილი აქვს 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში (დეკლარაცია წარდგენილია მატერიალური ფორმით), თუმცა შესაბამისი დღგ არ არის გადახდილი ბიუჯეტში.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება ზემოთ ნახსენები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კონკრეტულად რა სახის მომსახურება/საქონელი შეიძინა საწარმომ და გამოიყენა თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შემოწმების შედეგად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება, რაზედაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირს ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა მომსახურებებზე, რომლის მომსახურების სახე და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება შემოწმების შედეგად არ დასტურდება, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების შედეგად არასწორად/ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული საკითხი ეხება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებულ დღგ-ის ჩათვლას, რომელიც მიიღებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქ. ---ში, ----ს №--ში და რომელიც ხდებოდა მმართველი კომპანიების (მინდობილი მესაკუთრეების) სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კერძო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მათ შორის დადებული ხელშეკრულებებით, სადაც ასახული იყო თუ რა სახის დასაბეგრი ოპერაციები ხორციელდებოდა და რა თანხები იყო გადახდილი ამ ოპერაციების მიმდინარეობისას. აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციები ხდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, რომლებიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო თავისი ძალებით და ასევე, შეეძლო მიეწოდებინა ასეთი მოთხოვნა რომ ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უნდა მიეღო ზუსტად ისეთივე გადაწყვეტილება, როგორც მიიღო პირველ დავის საგანთან დაკავშირებით და დაევალებინა აუდიტის დეპარტამენტისთვის დამატებითი შემოწმების ჩატარება.
დამატებით წარმოადგენს უკვე არსებულ დოკუმენტაციას, რომელიც არ ყოფილა წარდგენილი მიმდინარე საკითხების აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესასწავლად, ვინაიდან ადრე სხვა შემოწმების პერიოდში აღნიშნული დეპარტამენტისთვის მიწოდებული იყო და ალბათ დაუშვა შეცდომა რომ საჭიროდ არ ჩათვალა დამატებით წარდგენა ვინაიდან, არ ყოფილა მოთხოვნა და არც განხილვა, არც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის შედგენისას და არც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისას.
აღნიშნავს რომ ქ. ----ში, ----- ქ.--ში მდებარე შენობა-ნაგებობა არის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრება/აქტივი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმართება საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით და სამართლებრივად რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლებით. ვინაიდან, მინდობილი მესაკუთრის ფორმით მუშაობის საბუღალტრო ამსახველი და შესამოწმებელი კანონმდებლობა საგადასახადო კოდექსს არ გააჩნია და სამოქალაქო კოდექსის გამოყენებას შემოსავლების სამსახურის საფინანსო საქმიანობის თანამშრომელები პრინციპულად არ ეთანხმებიან, ვინაიდან მათივე სიტყვებით მათი აზრით „ჩვენ გადავწვიტეთ“ რომ ეს იგივე, კანონის ძალის მფლობელია, სამოქალაქო კოდექსი გარკვევით აღწერს კომპანიის საქმიანობის საფინანსო მხარეს და აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს კანონის ძალა და ის გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საგადასახადო კოდექსი,რომელსაც არ გააჩნია და რომლისთვისაც არ დამუშავებულა და არ შექმნილა საპროცესო კოდექსი, რომ შემსრულებელი გრძნობდეს პასუხისმგებლობას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
განსაზღვრული კერძო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომლებიც რეგულირდებოდა მათ შორის დადებული ხელშეკრულებებით, სადაც ასახული იყო თუ რა სახის დასაბეგრი ოპერაციები ხორციელდებოდა და რა თანხები იყო გადახდილი ამ ოპერაციების მიმდინარეობისას. აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციები ხდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებიც საჯარო იყო და რომლის მოპოვებაც აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო თავისი ძალებით და ასევე მიაწოდებდა ასეთი მოთხოვნა რომ ყოფილიყო. ინფორმაციისთვის, კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ აუდიტის დეპარტამენტში და ითხოვეს წინასწარ საგადასახადო შემოწმების აქტის განხილვა, რათა მიეღოთ წარდგენილი საბუთები, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „გადამხდელს გაეგზავნა აქტის პროექტი, წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია“. როგორც აღინიშნა პირადად შეხვდნენ და ინფორმაციის მიღებაზე უარი განაცხადეს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს და ითხოვს განხილულ იქნას სამი საკუთრების მინდობის ხელშეკრულება და ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე მიღებული იქნება დღგ-ის ჩათვლა, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების საგანს წარმოადგენდა და დოკუმენტაციის არ მოთხოვნის და არა ქონების გამო ვერ იქნა ჩათვლილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრების ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული დასაბეგრი ოპერაციები ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, რომელიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო თავისი ძალებით და ასევე, შეეძლო მიეწოდებინა ასეთი მოთხოვნა რომ ყოფილიყო. შენობა-ნაგებობა არის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრება/აქტივი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმართება საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით და სამართლებრივად რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლებით. როცა ასეთი საქმიანობის ნებართვა გაჩნდა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დაბეგვრის კუთხით არ აისახა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით საკუთრების მიმნდობი ვალდებულია ხარჯი გაწიოს თავად ანუ პირმა, რომელიც საქართველოში არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად, როცა საგადასახადო ორგანო ამოწმებს მხოლოდ ერთ კომპანიას შედეგი გამოდის ცალმხრივი, რაც არასწორია. არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც დადგენილია, რომ თუ საგადასახადო ორგანო ეკონომიკური საქმიანობის ფორმას და შინაარს აფასებს გათვალისწინებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ჩამოყალიბებული ხელშეკრულებითი ურთიერთობები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ ეჭვქვეშ დააყენა, ფაქტი რომ საკუთრების მიმნდობი ახორციელებდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას და აღიარებულ იქნა უცხოურ საწარმოდ, რაც გასაჩივრებულია სასამართლოში და სხდომა ჩანიშნულია მიმდინარე წლის 25 ნოემბერს და რასაც გავლენა აქვს მოცემულ დავაზე.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით შემოწმების შედეგად ვერ დადგინდა ფაქტობრივ გარემოებებში ნახსენები (შპს „-------სგან“ და შპს „-------სგან“ გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კონკრეტულად რა სახის მომსახურება/საქონელი შეიძინა საწარმომ და გამოიყენა თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შესაბამისად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
საჩივარს ახლავს შპს „-------ს“ და შპს „-------ას“ შორის 22.11.2021 წელს და შპს „-------ს“ და შპს „-------ს“ შორის 13.01.2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულებები საკუთრების მინდობის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „--------ის“ კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონების, მდებარე, ქ. ------ში, - ქ. №-ში საკადასტრო კოდი ------, მინდობილი მესაკუთრის შპს „-------ას“ (პირველი ხელშეკრულების ფარგლებში) და შპს „-------ას“ (მეორე ხელშეკრულების ფარგლებში) მიერ მართვა.
საჩივარს ასევე ახლავს მესამე ხელშეკრულება შპს „--------ს“ და შპს „--------ს“ შორის საკუთრების მინდობის შესახებ, გაფორმებული 7.02.2022 წელს. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „--------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ.-----ში, ----ის ქ. №14-ში საკადასტრო კოდი -------, შენობა №-- კვ.მ-დან მინდობილი მესაკუთრის შპს „---ის“ მიერ --- კვ.მ-ის მართვა.
ასევე, წარმოდგენილია 10.08.2022 წ. „ეა--“ №--- (საანგარიშო პერიოდი 2022 წლის თებერვალი), 11.05.2022 წ. „ეა---“ №----- (საანგარიშო პერიოდი 2022 წლის მარტი), 14.04.2022 წ. „ეა--“ №------ (საანგარიშო პერიოდი 2022 წლის მარტი), 11.05.2022წ. „ეა--“ №------ (საანგარიშო პერიოდი 2022 წლის მარტი) ანგარიშ-ფაქტურები, სადაც საქონლის (მომსახურების) დასახელება მითითებულია - „გაწეული მომსახურება“ ან „შესრულებული სამუშაოებების ღირებულება“.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ვერ დგინდება ზემოთ ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კონკრეტულად რა სახის მომსახურება/საქონელი შეიძინა საწარმომ და გამოიყენა თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, საბჭოს მიაჩნია, რომ დავის საგნის ამ ნაწილში შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. შპს ---------ას მიერ გაწეულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირების საფუძვლით ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის მიერ ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ: რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ ედრება დღგ-ის დეკლარაციის ჩათვლის გრაფაში ასახულ თანხებს.
ასევე, გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული აქვს სს „-------იას“ (ს/ნ -------) მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე ი/მ --------ძეზე (პ/ნ ---------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც წარმოადგენს უცხოური საწარმო „--------ის“ დირექტორს და რომელი კომპანიისგანაც შპს „-------ის“ მართვის უფლებით მიღებული აქვს 5 000 კვ.მ ფართი (ქ. ------ი, -----ის ქ. №--, საკადასტრო კოდი: -------). ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ი/მ --------ძის (ს/ნ ---------) მიერ 1.01.2016 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი და დგინდება, რომ ინდ. მეწარმეს სს „----------საგან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ჩათვლა მიღებული აქვს 113 004.57 ლარზე, მათ შორის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 77 974.02 ლარი და ელექტრონული-კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (სერია „-----“) 35 030.55 ლარი. შესაბამისად, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხების დუბლირებას.
ვინაიდან მომჩივნის მიერ შემმოწმებლისთვის ვერ იქნა წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე განახორციელა საწარმომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა, შემოწმების შედეგად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხების კორექტირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მისაღები ჩათვლა არ ედრება დეკლარაციაში მითითებულ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ოდენობას, ხოლო სს „---------სგან“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირებას, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების შედეგად არასწორად/ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის მტკიცებულება ბრძანებაში მითითებული არ აქვს და ვერც ექნებოდა, ვინაიდან ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც სიღრმისეულად რომ შესულიყო საკითხის განხილვაში, აუცილებლად მიიღებდა მხედველობაში, რომ კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით და მასზე დაყრდნობით შედგენილი მინდობის ხელშეკრულებით წარმოადგენს მინდობილ მესაკუთრეს, საქმიანობის საიდენტიფიკაციო კოდი --- ე.ი. სს „-------დან“ მომსახურებას იღებდა ის, ხოლო მომსახურების ხარჯს იხდიდა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრების მიმნდობი შპს „-------ი“ მისი წარმომადგენელი -----ძის სახით და ვინაიდან ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა მინდობილი მესაკუთრე საგადასახადო შეღავათით, ჩათვლით სარგებლობდა ის.
ამ შემთხვევაში საქმე არა დუბლირებასთან, არამედ საქართველოს კანონმდებლობის, სამოქალაქო კოდექსის ნორმების ზუსტ შესრულებასთან გვაქვს და ამ კანონის ნორმების ზუსტი შესრულების დარღვევად შეფასება არამართებულია.
აღნიშნულ საკითხზე კომპანიის მიერ წარდგენილია საქართველოს სასამართლოების, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც იმპერატიულად დგინდებოდა, რომ აღნიშნული სამართლებრივი კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით დარეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობას და არა საგადასახადო სამსახურის მიერ ამ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებას, სახელის დარქმევას.
აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უნდა მიეღო ისეთივე გადაწყვეტილება, როგორც პირველ საკითხთან დაკავშირებით და უნდა დაევალებინა აუდიტის დეპარტამენტისთვის დამატებით შესწავლა.
შენობა მდებარე ქ. -----ში, -----ის ქ. №---ში წარმოადგენს შპს --------ის საკუთრებას და კომპანიას ვალდებულება აქვს იყოს „მინდობილი მესაკუთრე“ ე.ი. ფინანსისტებისთვის უფრო გასაგები განმარტებით რომ აიხსნას, საკუთრების ფორმას გამოეყო მართვის უფლება და გადაეცა მინდობილ მესაკუთრეს, რომლის მფლობელობაში არც შენობაა, არც მასზე გამოყოფილი ელექტროენერგია, არც წყალი, არც ტელეფონი, არც ინტერნეტი და არც კანალიზაცია.
შპს -------სი არის მხოლოდ შენობის მფლობელი, რომელსაც საკუთრებაში რა თქმა უნდა, არ გააჩნია ამ შენობის რაიმე ნაწილი და კომპანიის მიერ მართვისათვის, საჭიროებისამებრ მართავს ამ შენობის საექსპლუატაციოდ გამოყოფილ ზემოთხსენებულ ენერგო რესურსებს და რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წარმოადგენს შპს --------ის საკუთრებას, მისი ხარჯის ანაზღაურებას (გადახდას) აწარმოებს კომპანია თანახმად სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლებისა და აგრეთვე, მესამე პირებთან სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით, რაც გამოიხატება მესაკუთრის მაგიერ, კომპანიის მიერ ქონების გადასახადის გადახდაში. მესაკუთრის უფლებებშია ფლობა და განკარგვა, ხოლო კომპანია წარმოადგენს მმართველ ორგანიზაციას.
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის მიერ ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ: რიგ შემთხვევაში გადამხდელის მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ ედრება დღგ-ის დეკლარაციის ჩათვლის გრაფში ასახულ თანხებს, ასევე გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული აქვს სს „-------იას“ მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში ი/მ --------ძეზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც წარმოადგენს უცხოური საწარმო შპს ---------ის დირექტორს. შემოსავლების სამსახურს როგორ შეიძლება ეცნო ინდივიდუალურ მეწარმედ --------აძე 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, როდესაც საჯარო რეესტრში ამონაწერის თანახმად --------ძე დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ 21.09.2012 წელს და გაუუქმდა მეწარმეობა 10.12.2012 წელს. ეს ინფორმაცია საჯაროა ნებისმიერი სამსახურისთვის და ფიზიკური პირისთვისაც. უშედეგოდ მიმართა სს -----იას, რომ შეცვალონ ელექტრო ენერგიის მესაკუთრე, რაც მათ კანონით არ შეუძლიათ და შენობის მესაკუთრეს არ სურს გაასხვისოს მასზე გამოყოფილი ნებისმიერი სახის ენერგო რესურსები და სს ე--------მ ცნო მოხმარებული ელექტრო ენერგიის გადამხდელად კომპანია „მინდობილი მესაკუთრე“, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს გააჩნდა არასწორი ინფორმაცია.
წარმოადგენს სს -------სთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, აგრეთვე ხელშეკრულებაზე დამატებას, მასთან შეთანხმებულ შედარების აქტს, სადაც დაფიქსირებულია გადახდილი დღგ-ის თანხა. აგრეთვე, გადახდილი თანხების რეესტრს, რომელიც შესრულებულია შედარების აქტის მიღებიდან, 5.07.2022 წლიდან დღემდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლით განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრების ზეპირი განხილვისას, მომჩივნის განმარტებით, კომპანია საქართველოს კანონმდებლობით და მასზე დაყრდნობით შედგენილი მინდობის ხელშეკრულებით წარმოადგენს მინდობილ მესაკუთრეს, საქმიანობის საიდენტიფიკაციო კოდი --- ე.ი. სს „-------დან“ მომსახურებას იღებდა ის, ხოლო მომსახურების ხარჯს იხდიდა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრების მიმნდობი შპს „-------სი“ მისი წარმომადგენელი -------ძის სახით და ვინაიდან, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა მინდობილი მესაკუთრე საგადასახადო შეღავათით, ჩათვლით სარგებლობდა ის. აღნიშნულ საკითხზე კომპანიის მიერ წარდგენილი საქართველოს სასამართლოების, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც იმპერატიულად დგინდებოდა, რომ აღნიშნული სამართლებრივი კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით დარეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობას და არა საგადასახადო სამსახურის მიერ ამ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებას, სახელის დარქმევას. --------ძე მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2012 წელს ერთი თვით. სს „--------ა“ პროგრამულად კომპანიას ვერ აფიქსირებდა მომხმარებლად და როგორც ფიზიკურ პირი კომპანიის დირექტორი დაარეგისტრირა აბონენტად, აღსანიშნია, რომ აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე აღმოფხვრილია სასამართლოს გზით.
საჩივარს ახლავს ხელშეკრულება შპს „-------ს“ და შპს „-------ს“ შორის საკუთრების მინდობის შესახებ, გაფორმებული 7.02.2022 წელს. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „-------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. -----ში, -----ის ქ. №*---ში საკადასტრო კოდი -----, შენობა №--- კვ.მ-დან მინდობილი მესაკუთრის შპს „----ის“ მიერ 5 000 კვ.მ-ის მართვა. წარმოადგენს სს -------თან გაფორმებულ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებას, აგრეთვე ხელშეკრულებაზე დამატებას, მასთან შეთანხმებულ შედარების აქტს, სადაც დაფიქსირებულია გადახდილი დღგ-ის თანხა. აგრეთვე, გადახდილი თანხების რეესტრს, რომელიც შესრულებულია შედარების აქტის მიღებიდან, 5.07.2022 წლიდან 7.06.2024 წლამდე.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით კომპანიის შესამოწმებელი პერიოდი იწყება კომპანიის რეგისტრაციის დღიდან 7.02.2022 წლიდან, ასევე აღსანიშნია, რომ კომპანია ამავე დღეს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. დადგენილია, რომ გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული აქვს სს „--------ს“ მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე ი/მ -------ძეზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელიც წარმოადგენს უცხოური საწარმო „-------ის“ დირექტორს და რომელი კომპანიისგანაც შპს „-------ის“ მართვის უფლებით მიღებული აქვს ფართი. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ი/მ -------ძის (ს/ნ -------) მიერ 1.01.2016 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი და დგინდება, რომ ინდ. მეწარმეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასაგან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ჩათვლა მიღებული აქვს 113 004.57 ლარზე, შესაბამისად, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხების დუბლირებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: - კომპანია დაფუძნებულია და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული 7.02.2022 წლიდან;
- კომპანიას 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული აქვს სს „-------ს“ მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე ი/მ -------ძეზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
- ი/მ -------ძეს სს „--------საგან“ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებიდან ჩათვლა მიღებული აქვს 113 004.57 ლარზე;
- დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
- დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული;
- დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);
- დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს იმ მომსახურებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდშია გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები (ი/მ -------ძის სახელზე გამოწერილი, 1.01.2016 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლების გაუქმება) შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი. ვინაიდან კომპანიის მიერ შემმოწმებლისთვის ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების შედეგად განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა სალაროში, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით ჩაითვალა მიღებულ ფულად, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი მარაგები და მომსახურება, გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები და გადახდილი სხვა ხარჯები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა პირის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. ხოლო, ვინაიდან შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულ ფულად, რომელიც შემცირდა შეძენილი მარაგებისა და მომსახურების თანხებით, გადახდილი ხელფასებით, გადასახადებითა და გადახდილი სხვა ხარჯებით. ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი არ იქნა ფინანსური ოპერაციების ამსახველი სათანადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას არ ეთანხმება რომ უცხოელი ინვესტორის საკუთრების მინდობის მიერ ნაღდი ფულის ნაშთით გატანა ითვლებოდა აღებულ ხელფასად და შესაბამისად უნდა დაბეგრილიყო. ესეც სამართლებრივი შეფასების საკითხია, ვინაიდან მინდობილი მესაკუთრე მხოლოდ ობიექტის ეკონომიკური საქმიანობისას მართვით არის დაკავებული, ხოლო ქონება რომელიც გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის ფულის სახსრები არის საკუთრების მინდობის საკუთრება, რომელიც მას არ დაუთმია საკუთრების მინდობის ხელშეკრულების დადებისას. აქედან გამომდინარე, ინვესტორს გაჰქონდა ფულადი თანხები გაწეული ინვესტიციის/ხარჯების ნაწილობრივად ანაზღაურების დანიშნულებით, რაც მისი უფლება იყო და არც კანონით არის აკრძალული. აღნიშნულ საკითხზე გვაქვს დეპარტამენტის მიერ საკითხის ზედაპირულ შესწავლასთან საქმე და აუცილებლად აღნიშნული სადავო საკითხიც დამატებითი შესწავლისთვის უნდა დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს, რომელსაც საკითხი ჯეროვნად ვერ შეისწავლა და უპირველეს ყოვლისა, კანონით გათვალისწინებული საქმიანობა ცილდება შემოსავლების სამსახურის კანონმდებლობას და მათ უგულვებელყვეს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული საგადასახადო კოდექსზე მეტი მაღალი და სხვა ნორმატიული აქტების არსებობა, რომელიც გამოხატულია მათ მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც გარკვევით აქვთ დაწერილი „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იგივეა, რაც იჯარის ხელშეკრულება“, „ჩვენ“-ს ვინ წარმოადგენს, კანონს თუ ფიზიკურ პირს? სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე დროს შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულ ფულად და დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასადა გაურკვეველი დასაბუთებით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად დააკვალიფიცირა მართლზომიერად და არ ჩაითვალა საჭიროდ ახსნის (ინფორმაციის) მიღება.
კომპანიის მიერ არ იყო წარდგენილი ის ბუღალტრული პროგრამა, რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა მოითხოვა, რადგან ასეთის არსებობა აუცილებლობას კომპანიისთვის არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა საბუღალტრო პროგრამა არსებობს, სადაც სრულად არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები და კომპანიის იურიდიული სამსახურის მიერ გარანტირებულია საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის დაწყება და დასრულება თანახმად გაფორმებული და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულებებისა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო გადასახადის დარიცხვისას უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლებს, როდესაც ასეთი დარიცხვის კანონით დადგენილი უფლება საგადასახადო კოდექსის თანახმად არ არის და ის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია აღნიშული, რაზედაც ერთხელ საქართველოს საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა დავა შპს „--------ის“ და მინდობილ მესაკუთრეს შორის, სადაც გარკვევითაა აღწერილი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი უზენაესი სასამართლოს მითითება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოებმა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებული საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიერ გათვალისწინებული საქმიანობა სრულიად სრულდებოდა, შესრულებულია და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება არასამართლიანი.
ბრძანებაში მითითებული ფაქტები უმაღლესი სასამარლოს გადაწყვეტილების თანახმად არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის განკარგვის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ფულის მოძრაობა წარმოადგენს გაცემულ ხელფასს, არის სამოქალაქო კოდექსის თანახმად სამართლებრივად არასწორი და აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტის მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა არასამართლებრივია და გადაწყვეტილების მიღებისას გამორიცხული უნდა იქნეს პირადი აზრი შესაბამისი კანონის არსებობის დროს, სადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმიანობა ხორციელდება სწორედ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, რაც გარკვევითაა აღწერილი ზემოხსენებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რასაც კანონის ძალა აქვს და დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების და უმაღლესი სასამართლოს მითითების შესახებ აუდიტის დეპარტამენტს ინფორმაცია არ გააჩნდა.
კომპანია და შპს „----------სი“ კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან, რისთვისაც მზად არის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად მიაწოდოს საკითხის შესასწავლად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტაცია და ასევე პირადად ესაუბროს საბჭოს წევრებს, თუკი ასეთის აუცილებლობა იქნება, რათა საჩივრის განხილვამდე პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას და გააცნონ საქმიანობის შინაარსი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრების ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, მინდობილი მესაკუთრე მხოლოდ ობიექტის ეკონომიკური საქმიანობისას მართვით არის დაკავებული, ხოლო ქონება რომელიც გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის ფულის სახსრები არის საკუთრების მინდობის საკუთრება, რომელიც მას არ დაუთმია საკუთრების მინდობის ხელშეკრულების დადებისას. აქედან გამომდინარე, ინვესტორს გაჰქონდა ფულადი თანხები გაწეული ინვესტიციის/ხარჯების ნაწილობრივად ანაზღაურების დანიშნულებით, რაც მისი უფლება იყო და არც კანონით არის აკრძალული. კომპანიის მიერ არ იყო წარდგენილი ის ბუღალტრული პროგრამა, რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა მოითხოვა, რადგან ასეთის არსებობა აუცილებლობას კომპანიისთვის არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა საბუღალტრო პროგრამა არსებობს, სადაც სრულად არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები და კომპანიის იურიდიული სამსახურის მიერ გარანტირებულია საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის დაწყება და დასრულება, თანახმად გაფორმებული და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულებებისა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ ვინაიდან პირის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების შედეგად განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფულის ნაშთის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ----------ძეზე „სამეურნეო დანიშნულებით“ გაცემული თანხები.
შემოსავლების სამსახურს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი არ იქნა ფინანსური ოპერაციების ამსახველი სათანადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს, შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
4. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხა გარდა სხვა შეძენილი საქონლის/მომსახურებისა ასევე შედგება „საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხისაგან“, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონების (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას) შეძენა ან/და ფლობა, ამასთან, აღნიშნული დღგ-ის თანხა ასახულია მხოლოდ ჩასათვლელი დღგ-ის სახით (არ არის ასახული დარიცხვის მხარეს).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების შედეგად არასწორად/ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები,თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ამტკიცებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ შენობა-ნაგებობის გამოსაყენებლად დღემდე გასწევს ხარჯებს (სამშენებლო, ტექნიკური აღჭურვა, აღდგენა და სხვა) და აღნიშნული ხარჯების ერთადერთი მამტკიცებელი საფუძველი არის ფინანსური დოკუმენტაცია და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები, რომელიც ზუსტად ასახავს გაწეულ ხარჯებს, რომლის გარეშეც შენობა-ნაგებობა ვერ იფუნქციონირებდა.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიას „მინდობილ მესაკუთრეს“ არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონება (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას შეძენა ან/და ფლობა), ამიტომ კომპანიაზე უნდა განხორციელდეს ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და ამავე დროს, უგულვებელყოფს სამოქალაქო კოდექსის 724, 725, 726, 727, 728 და 729 მუხლების არსებობას.
აღნიშნული საკითხი დამატებითი არის შესასწავლი, ვინაიდან გაწეული ხარჯების ოდენობის დასადგენად ხუთი აუცილებელი ექსპერტიზის დასკვნაა ჩასატარებელი, რადგან ექსპერტიზები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ ორია დამთავრებული და მხოლოდ ორი ექსპერტიზის დასკვნაა მიღებული. აღნიშნული, საკმაოდ ძვირადღირებული საქმიანობაა. ამ საქმიანობის ანაზღაურებას წევს მინდობილი მესაკუთრე, ამ შემთხვევაში კომპანია რათა საქართველოს ფისკალურ ორგანოებთან ურთიერთობისას ზუსტად იყოს განსაზღვრული შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯები, რაც დაავალდებულებს საგადასახადო ორგანოებს კომპანიასთან ურთიერთობაში დაეყრდნონ არა ჰიპოთეტურ არამედ ზუსტ, სპეციალისტების მიერ დადგენილ ციფრებს, როგორც შედეგი, აღნიშნული საკითხი დამატებითი შესწავლას მოითხოვს.
ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და სადავო საკითხების შესასწავლად დაბრუნებას აუდიტის დეპარტამენტში, რომ სასამართლოში განხილვისას მხარეები წარმოდგენილი იყვნენ ისეთი პოზიციებით რომელიც დამატებით შესასწავლი აღარ იქნება და შეუწყობს ხელს სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებას. კომპანია და საკუთრების მინდობი შპს „------სი“ კიდევ ერთხელ აფიქსირებს სრულ მზადყოფნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყველა სტრუქტურასთან თანამშრომლობისათვის, ზემოაღნიშნული საკითხების მართებულად, კანონიერად და უმოკლეს ვადაში შესასწავლად.
დამატებით წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორ დასკვნას, რომელიც არასრულია, ვინაიდან ექსპერტიზები ახლაც მიმდინარეობს და აღრიცხავს საწარმოს მიერ ქონებაზე გაწეულ ხარჯებს, რომლის გარეშეც შენობა ვერ იფუნქციონირებდა და შენობის ღირებულება ვერ იარსებებდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, არც აუდიტის დეპარტამენტის და არც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ სათანადო და საერთოდ არ იყო შესწავლილი, რაც აუცილებლად გახდებოდა არასწორი დასკვნის მიღების საფუძველი. იმედია საბჭო გაითვალისწინებს საექსპერტო დასკვნებს და მიღებული იქნება შესაბამის გადაწყვეტილება.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ როგორც მათი სიტყვიერი განცხადებით გახდა ცნობილი, თურმე გაუკეთებიათ ------ის ქუჩა №---ში არსებული შენობის შეფასება და მიღებული ღირებულებით დაერიცხა ქონების გადასახადი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და საერთოდ არ უნახავს და არ აქვს წარმოდგენა თუ რაზეა საუბარი ან რა არის შეფასებული.
ასევე ინფორმაციისთვის წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს, სადაც მიწერილია მათი განმარტებანი და აქტში არის ისეთი რვა საკითხი რომელიც საერთოდ თვალით არ უნახავს. აგრეთვე რამდენიმე საკითხი, რომლის აზრსაც ვერ გებულობს, რას ნიშნავს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 732 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია, დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრების ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, კომპანია ამტკიცებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ შენობა-ნაგებობის გამოსაყენებლად დღემდე გასწევს ხარჯებს (სამშენებლო, ტექნიკური აღჭურვა, აღდგენა და სხვა) და აღნიშნული ხარჯების ერთადერთი მამტკიცებელი საფუძველი არის ფინანსური დოკუმენტაცია და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები, რომელიც ზუსტად ასახავს გაწეულ ხარჯებს, რომლის გარეშეც შენობა-ნაგებობა ვერ იფუნქციონირებდა. დამატებით წარმოადგენს (წარმოდგენილ საჩივრებს არ ახლავს) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორ დასკვნას, რომელიც არასრულია, ვინაიდან ექსპერტიზები ახლაც მიმდინარეობს და აღრიცხავს საწარმოს მიერ ქონებაზე გაწეულ ხარჯებს, რომლის გარეშეც შენობა ვერ იფუნქციონირებდა და შენობის ღირებულება ვერ იარსებებდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, ჩათვლილი დღგ-ის თანხა გარდა სხვა შეძენილი საქონლის/მომსახურებისა ასევე, შედგება „საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხისაგან“, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონების (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას) შეძენა ან/და ფლობა, ამასთან, აღნიშნული დღგ-ის თანხა ასახულია მხოლოდ ჩასათვლელი დღგ-ის სახით (არ არის ასახული დარიცხვის მხარეს).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს, შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას, ქონების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, არასწორია, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში, ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნულზე მითითება არ არის, რაც ასევე, საბჭოს სხდომაზე საჩივრების ზეპირი განხილვისას დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, რომლითაც არ იდენტიფიცირდება მომსახურების/საქონლის შეძენა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება;
2. მომსახურების გამწევი პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირების საფუძვლით ჩათვლის გაუქმება;
3. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
4. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №4551, №4940, №5457, №11880 და №30538 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 7.02.2022 წლიდან 1.11.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა №33063 ბრძანება და №021-118 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №7847 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან) დაკავშირებით, კერძოდ, წარდგენილი დეკლარაციის ასახვის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №7847 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს, შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 174(1,2.3); 175(1„ა“ ); 176(1 „ა“.2); 178(„დ“);