გადაწყვეტილება №28156/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28156/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28156/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 24.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28156/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

2. ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის თანხის დაკვალიფიცირება ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად;

3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2026 წლის №083-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.09.2026 წლის №19601 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 057 989.33 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 649 465

დღგ - 217 567

მოგების გადასახადი - 185 509

საშემოსავლო გადასახადი - 246 389

ჯარიმა - 321 551

საურავი - 86 973.33

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტენდერის ფარგლებში სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №3083 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2026 წლის №---- საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2.07.2026 წლის №14901 ბრძანება და ამავე თარიღის №083-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.09.2026 წლის №19601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას მომსახურება გაწეული აქვს ---ის, ---ის, ----თვის, ასევე უფიქსირდება კერძო შესრულებებიც. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და ცნობები. არ წარუდგენია ბუღალტრული მონაცემები და ნაშთების შესახებ ინფორმაცია, რის გამოცა დაჯარიმდა ორჯერ. შემოწმებისას დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა, რაც შემოწმების შედეგად დაკორექტირდა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას 2025 წლის მარტის თვის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ----- (დღგ-ის თანხით 4 576 ლარი) ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის აპრილის თვეში. აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურით გაინაშთა ძირითადი ანგარიშ-ფაქტურით ეა---- (დღგ-ის თანხით 33 578 ლარი). გადასახადის გადამხდელს ძირითადი ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და სრულად ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის სექტემბრის თვის პერიოდზე. შესაბამისად, 2025 წლის სექტემბრის თვის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 4 576 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის ერთ-ერთ ნაწილში აუდიტორი მიუთითებს, თითქოს გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დარიცხული დღგ, რის გამოც შემოწმების ფარგლებში განხორციელდა შესაბამისი კორექტირება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაუგებარია, რის საფუძველზე მოახდინა აუდიტორმა ამ გარემოების იდენტიფიცირება, ვინაიდან აქტში არ არის წარმოდგენილი არც შესაბამისი მტკიცებულება და არც დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ერთსა და იმავე ოპერაციაზე დღგ-ის ორმაგად ჩათვლის ფაქტს. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კომპანიას შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რაც არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამდენად, ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშება და შემოწმების აქტში განხილული საკითხების კიდევ ერთხელ შესწავლა და გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საჩივარში მითითებულია, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე მოახდინა აუდიტორმა იმ გარემოების იდენტიფიცირება, რომელიც დაადასტურებდა ერთსა და იმავე ოპერაციაზე დღგ-ის ორმაგად ჩათვლის ფაქტს. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლილია კომპანიის მიერ და სადავოს აღარ წარმოადგენს დარიცხული გადასახადი, ამ ნაწილში სადავო რჩება დაკისრებული ჯარიმა და ითხოვს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე მითითებით მისგან გათავისუფლებას.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა, რაც დაკორექტირდა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №---21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას 2025 წლის მარტის თვის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ---- (დღგ-ის თანხით 4 576 ლარი) ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის აპრილის თვეში. აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურა გაინაშთა ძირითადი ანგარიშ-ფაქტურით ეა---- (დღგ-ის თანხით 33 578 ლარი). გადასახადის გადამხდელს ძირითადი ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და სრულად ჩათვლილი ჰქონდა 2025 წლის სექტემბრის თვის პერიოდზე. შესაბამისად, 2025 წლის სექტემბრის თვის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 4 576 ლარით.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის დაკვალიფიცირება ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს 790 550 ლარის სესხი. აღნიშნულ პირებზე ასევე გაცემულია ხელფასები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი სესხის სახით განაცემი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2 პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 24%-ს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაცემული თანხა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, ერთ- ერთ ფიზიკურ პირს უფიქსირდებოდა სესხის თანხის დაბრუნება 2 400 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებული იქნა მოგების ჩასათვლელ თანხაში. ამასთან, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტი დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტში ერთ-ერთ საკითხად ასევე განხილულია კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხი, 790 550 ლარის ოდენობით, წლიური 24%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აქტის მიხედვით, აუდიტორმა, ფიზიკურ პირებზე დარიცხული საპროცენტო თანხები მიიჩნია მიღებულ სარგებლად და აღნიშნული თანხები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაუქვემდებარა.

აღნიშნულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემის შემთხვევაში, სარგებლის ღირებულებად მიიჩნევა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 20%-ის ოდენობით. მოგების გადასახადის მიზნებისთვის კი ზედა ზღვარს წარმოადგენს 24%. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება საგადასახადო აგენტს წარმოეშობა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი პირს პროცენტს უხდის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარგებლად ითვლება ე.წ. სესხის შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით გაცემა, დასაბეგრ თანხად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ (20%) საპროცენტო განაკვეთსა და კომპანიის მიერ დაქირავებულ პირზე გაცემულ საპროცენტო განაკვეთს შორის დადებითი სხვაობა - არსებობის შემთხვევაში. დაბეგვრის დროდ, პროცენტის ფიზიკურ პირზე გაცემის შესაბამისი კალენდარული თვე, საპროცენტო განაკვეთი 5%. შესაბამისად, გაურკვეველია შემოწმების მიერ რა საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით ჩაითვლა, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის წლიურ 24%-ად სესხის გაცემა სარგებლად ან რა კავშირი/ბმა აქვს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ხელფასად/სარგებლად კვალიფიკაციის საკანონმდებლო ჩანაწერები აღნიშნულ ფაქტთან.

შესაბამისად გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით მიიჩნია აუდიტორმა ჯერ კიდევ მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი მიღებულად და დაბეგრა 20% და დააკისრა კომპანიას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება. ამდენად, აუდიტორის მიერ კომპანიისთვის დარიცხული საპროცენტო თანხების სარგებლად დაკვალიფიცირება, აგრეთვე მათი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა, მოკლებულია როგორც, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლებით განსაზღვრულ სამართლებრივ საფუძველს, ისე ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, არ ეთანხმება აქტში განხილულ აღნიშნულ საკითხს და ითხოვს აუდიტორის მიერ განხორციელდეს აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ შესწავლა და გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:

3. მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება: ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა რეალურად წარმოადგენდა სესხს, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის დეპარტამენტს არასრულად წარედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ წარდგენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულებები, რომელსაც არ ახლდა (ნოტარიულად დამოწმებული) დანართი სესხის ძირის და პროცენტის გადახდის გრაფიკის (დაწყების (სესხის გაცემიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ) და დასრულების თარიღების) შესახებ. ასევე, აღსანიშნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ სესხის პროცენტის გადახდასთან ერთად დაბრუნებულია სესხის ძირი თანხაც, რის დასტურად კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს საგადახდო დავალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიის მიერ სადავო საკითხზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №---21-14 წერილიდან ირკვევა და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელის განმარტებით, საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა რომ კომპანიას 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს სესხი ჯამში 790 550 ლარის ოდენობით, რაც გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა აღნიშნული ოპერაციების ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც სესხი გაცემული იყო 24%-ად. ასევე საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა აღნიშნულ პირებზე სახელფასო განაცემები. შესაბამისად, ჩაითვალა რომ აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ კომპანიის თანამშრომლებს და ვინაიდან მათ მიერ არ ფიქსირდებოდა სესხის პროცენტის გადახდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის თანხა ჩაითვალა თანამშრომლის სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივნის წარმომადგენლის მითითება ხელშეკრულების დანართის არსებობის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ სესხის პროცენტის გადახდის შესახებ, შემოწმების მიმდინარეობისას, აქტის შედგენის თარიღისთვის და დავის პირველ ეტაპზე არ იყო ცნობილი შემმოწმებლისთვის.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები (ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხი და სესხის პროცენტი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების დანართის მიხედვით გადახდილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით), დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 3.09.2026 წლის №19601 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა 321 551 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ-ში 105 603 ლარი, მოგების გადასახადში 92 754 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 123 194 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2026 წლის №083-29 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 86 973.33 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.09.2026 წლის №19601 ბრძანება;

3. საჩივარი, მე-2 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

2. ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის თანხის დაკვალიფიცირება ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად;

3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №3083 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და ცნობები. არ წარმოუდგენია ბუღალტრული მონაცემები და ნაშთების შესახებ ინფორმაცია, რის გამოცა დაჯარიმდა ორჯერ. შემოწმების მიერ დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა.შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა, რაც შემოწმების მიერ დაკორექტირდა. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ასევე დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში 3 ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს 790 550 ლარის სესხი. აღნიშნულ პირებზე ასევე გაცემულია ხელფასები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი სესხის სახით განაცემი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2 პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც წლიური საპროცენტი განაკვეთი შეადგენს 24%-ს.შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცემული თანხა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, ერთერთ ფიზიკურ პირს უფიქსირდებოდა სესხის თანხის დაბრუნება 2 400 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებული იქნა მოგების ჩასათვლელ თანხაში.ფიზიკურ პირებზე დარიცხული სესხის პროცენტი დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირების მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა №14901 ბრძანება და №083-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №19601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს,ხოლო მეორე სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის №19601 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

ამასთან,მესამე სადავო საკითხის ნაწილში საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1 „გ“); 73(4.9. „ბ“); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“.8); 101(1.2„ბ“); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ ); 174(1.2.3); 175(1 „ა“, და „ბ“); 176(1 „ა“ ); 269(7);