ბრძანება N 12363
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12363
05.06.2023
ა(ა)იპ „------------“-ის (ს/ნ -----------)
(ფაქტ. -----------------)
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის (ოქმი №40) და 11 მაისის (ოქმი №52) სხდომებზე განიხილა ა(ა)იპ „----------“-ის (ს/ნ -----------) №30421/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-263 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის
29 დეკემბრის №001-38057 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და
282-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრულ ჯარიმას.
აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ფონდის თავმჯდომარემ, ----------, სრულყოფილად ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან. საგამოძიებო ორგანო დარწმუნდა, რომ --------ს არავითარი კავშირი არ გააჩნდა ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებასა და გამოყენებასთან, შედეგად მის მიმართ არც განხორციელებულა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
რაც შეეხება, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს, მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „-----------“ 2020 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა, მისმა თავმჯდომარემ, როგორც კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, პირადად იტვირთა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზარალის ანაზღაურება, საგადასახადო ორგანოს სრული კონტროლის ქვეშ მყოფი საბუღალტრო დოკუმენტაციის ფლობის პირობებში გადასახადის დარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები (აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 2 დეკემბრის №35652 ბრძანება, 2020 წლის 3 დეკემბრის №001-350 საგადასახადო მოთხოვნა) მიიღო უაპელაციოდ და ვადამდე აღასრულა საქართველოს მთავრობასთან 2022 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა დანიშვნა საგადასახადო შემოწმება და ა(ა)იპ „--------------“-ს განმეორებითი დაარიცხა თანხები.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მიმართ გააჩნდა კანონისმიერი ნდობა, შესაბამისად საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით შეასრულა საგადასახადო ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-263 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-38057 შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33046 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ა(ა)იპ „-----------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ---------, ---------, 2019 წლის მაისის, სექტემბრის, 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ---------; ----------; ----------; ----------; ----------; ----------- ---------; ----------საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33413 ბრძანება და ამავე თარიღის №001-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ
69 622 ლარი, მათ შორის: გადასახადი 2 463 ლარი, ჯარიმა 66 522 ლარი, საურავი 637 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიცა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-38057 შეტყობინება.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ა(ა)იპ „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები --------- და ----------(სულ თანხა 15 184 ლ., დღგ-ის თანხა 2 316,2 ლ.) არის ყალბი. აგრეთვე, ა(ა)იპ „----------“-ის (ს/ნ -----------) მიერ 2019 წლის მაისის, სექტემბრის, 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: -----------; -----------; -----------; -----------; -----------; -----------; ----------- (სულ თანხა 195 265 ლ., დღგ-ის თანხა 29 786 ლ.) არის ყალბი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი ნაწილის და 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს. ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია უკვე შემოწმებულ პერიოდზე, რომელზეც ასევე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 ივლისის №18397 და 2020 წლის 6 აგვისტოს №23010 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ა(ა)იპ „---------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე შედგენილი იქნა 2020 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, ასევე გამოიცა 2020 წლის 2 დეკემბრის №35652 ბრძანება და 3 დეკემბრის №001-350 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულთან ერთად დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33413 ბრძანების საფუძველზე კვლავ განხორციელდა ა(ა)იპ „----------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ----------, ----------, 2019 წლის მაისის, სექტემბრის, 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ----------; ----------; ----------; ----------; ----------; ----------; ---------- საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33413 ბრძანების საფუძველს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის №15/205-22 წერილი და ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ა(ა)იპ „-----------“-ის საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების შესახებ. აღნიშნული შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მოთხოვნებთან.
რაც შეეხება, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დადგენილია ა(ა)იპ „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ---------- და ----------, 2019 წლის მაისის, სექტემბრის, 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: ----------; ----------; ----------; ----------;----------; ----------; ---------- სიყალბე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-38057 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-38057 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრულ ჯარიმას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ა(ა)იპ-ის მიერ 2020 წლის ივნისის და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
160;161;173,174,175;275;280;282;238(1ა,6);239(1);