გადაწყვეტილება №28150/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28150/2/2026
21 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- 23.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28150/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2026 წლის N EL321895 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.09.2026 წლის N 20205 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
22.07.2026 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილი საქონლით (შაქრის ნედლეული) დატვირთულ N ----- სარკინიგზო ვაგონზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,----- “ მიერ გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა N ----- და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, ----- სარკინიგზო სადგურში გამოცხადდა ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ ვაგონზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- ვაგონში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
საბაჟო დეპარტამენტის პოზიციით ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი - სს „-----“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის დაჯარიმებულია 2026 წელს, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 23.07.2026 წელს შედგენილია N EL321895 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.09.2026 წლის N 20205 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად იგი ვალდებული იყო გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ----- იგივე ქმედების ჩადენისთვის 12 თვის განმავლობაში არაერთგზის არის დაჯარიმებული, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო - საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას. ამასთან, ამავე შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადამზიდავს უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. მე-20 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით კი, დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია, თუ პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში - თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევით არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ვაგონი N -----, გზავნილი N ----- , რომელშიც განთავსებული იყო ტვირთი „შაქარი ლერწამის“ დაიპლომბა და გაფორმდა სადგურ ----- 21.07.2026 წელს ტვირთგამგზავნ „-----“ მიერ. ვაგონი გამოიგზავნა სადგურ ----- 22 ივლისს 19:18 სთ-ზე, N ----- მატარებლით. სადგურ ----- 22 ივლისის N ----- საერთო ფორმის აქტის თანახმად, ვაგონის კომერციული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ქვედა ლუქზე შეწყვეტილი ჰქონდა გამომგზავნის დამღა, აიხსნა მატარებლის შემადგენლობიდან. საბაჟოს წარმომადგენელთან ერთად კომისიურად დათვალიერებისას ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა. ვაგონს დაედო ----- დამღა ს/ნ ----- და საბაჟოს -----. აღნიშნული ვაგონი ----- რკინიგზას ჩაბარდა 27 ივლისს.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მოყვანილ მსჯელობას და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კანონმდებლობით, საბაჟო სამართალდარღვევა წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას (კოდექსის 163-ე მუხლი). „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ მიხედვით, ვაგონის დატვირთვა და საკეტ - საპლომბი მოწყობილობის დაყენება ტვირთგამგზავნის ვალდებულებაა. მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება მიზეზ - შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის. რკინიგზამ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიიღო ყველა ზომა, რათა აღმოეფხვრა ხარვეზი - მოხსნა ვაგონი შემადგენლობიდან და აცნობა საბაჟოს, რითაც ტვირთი დანაკლისის გარეშე შენარჩუნდა. ტრანსპორტირებისას ვიბრაციული რხევების პირობებში ყველა პლომბის გადამოწმება ფიზიკურად შეუძლებელია.
შემოსავლების სამსახური თავის უარყოფით გადაწყვეტილებაში სადავო აქტის კანონიერებას ამართლებს იმით, რომ სს „-----“ 12 თვის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული ანალოგიური ქმედებისთვის და როგორც გადამზიდავი, ვალდებული იყო გამოერიცხა პლომბის მოხსნა. შემოსავლების სამსახურის ეს მსჯელობა არის სრულად დაუსაბუთებელი და ეყრდნობა ე.წ. ობიექტური შერაცხვის, ანუ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპს. ის ფაქტი, რომ უზარმაზარი ტვირთბრუნვის მქონე კომპანიას წარსულში ჰქონია პლომბის დაზიანების შემთხვევა, ავტომატურად არ ნიშნავს მის ბრალეულობას მოცემულ კონკრეტულ საქმეში. კანონი პასუხისმგებლობას ადგენს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისთვის. შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ გამოუკვლევია კონკრეტული ლუქის დაზიანების ფიზიკური მიზეზი. ის გაწყდა ტვირთგამგზავნის მიერ უხარისხო პლომბის გამოყენების, თუ ტრანსპორტირებისას ბუნებრივი ვიბრაციის გამო.
გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური ეყრდნობა (CMГC) შეთანხმების 23-ე და მე-20 მუხლებს და მიუთითებს, რომ დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც დაზიანების გარეშე შეუძლებელია. ეს არგუმენტი სწორედ კომპანიის სასარგებლოდ მეტყველებს და არა საწინააღმდეგოდ. პლომბი დაადო არა რკინიგზამ, არამედ ტვირთგამგზავნმა -----. თუ გამგზავნმა გამოიყენა ისეთი პლომბი, რომელმაც ვერ გაუძლო სტანდარტულ სარკინიგზო გადაზიდვას, ამაზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება გადამზიდავს. მართალია, (CMГC) შეთანხმება გადამზიდავს ანიჭებს უფლებას შეამოწმოს პლომბები, მაგრამ ეს არის უფლება და არა აბსოლუტური გარანტიის გაცემის ვალდებულება, მით უმეტეს გზის მსვლელობისას წარმოშობილ ობიექტურ გარემოებებზე.
შემოსავლების სამსახურმა უკანონოდ თქვა უარი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებაზე (კეთილსინდისიერი პირის სანქციისგან გათავისუფლება). ბრძანებაში მითითებულია, რომ თითქოს ეს ნორმა იცავს მხოლოდ ისეთ პირებს, ვინც „სამართლებრივი შეცდომის არეალში“ მოქმედებს და ვერ აცნობიერებს საკუთარი ქმედების არსს. აღნიშნული განმარტება არის კანონის ვიწრო, ტენდენციური და მცდარი ინტერპრეტაცია. კომპანიას არავითარი შეცდომა არ დაუშვია - პირიქით, კომპანიის თანამშრომლებმა ----- გამოიჩინეს მაქსიმალური ყურადღება, თავად აღმოაჩინეს პლომბის დაზიანება, დაუყოვნებლივ გააჩერეს ვაგონი და თავად გამოიძახეს საბაჟოს წარმომადგენელი, რითაც უზრუნველყვეს ტვირთის სრული ხელშეუხებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა, რომლითაც სჯის გადამზიდავს, რომელიც მაღალი კეთილსინდისიერებით მოქმედებს და თავად იცავს სახელმწიფო საზღვარზე გადასაადგილებელ ტვირთს რისკებისგან, კლავს კანონის პრევენციულ მიზანს და უსამართლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27.02.2026 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N ----- განმარტა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის შესახებ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება თავად საბაჟო სამართალდარღვევის არსს, რომელსაც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, პლომბის დაზიანება გამოწვეულია შემთხვევითი ზემოქმედებით, რადგან საბაჟო დეპარტამენტს საპირისპირო ვარაუდის და მით უმეტეს მტკიცების საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომისიური დათვალიერებისას აღნიშნულ ვაგონში ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის N 26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ პირველი მუხლის თანახმად, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები“ (შემდგომ – წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება - მოვალეობებს და პასუხისმგებლობას. ამავე წესების 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაგონებს ტვირთავს: ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. წინამდებარე წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, „ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა“.
„რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“, 22-ე თავი ეთმობა საქართველოს რკინიგზაზე „ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ - საპლომბი მოწყობილობა. საკეტ - საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. 328-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საკეტ - საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე.
ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ - საპლომბი მოწყობილობის დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში. საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამისი აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამზიდავისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი. ამდენად, გაუგებარია, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა კომპანიამ რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.
ამასთანავე, განსაკუთრებული შემთხვევებისა და გარემოებების გარდა, კომპანიაზე ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რაზედაც რკინიგზას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის კომპანიის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ, კომპანიის მიმართ, სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.
„საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზოსაბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს მართლაც აქვს უფლება გადაამოწმოს გამგზავნის მიერ დადებული პლომბების მთლიანობა და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს უფლებას და არა ვალდებულებას. ისეთი მოცულობის ტვირთბრუნვის პირობებში, როგორიც გააჩნია კომპანიას თითოეულ ვაგონზე თითოეული პლომბის გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელიც კია. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიამ პირველივე რეალური შესაძლებლობისას, ანუ იმ მომენტიდანვე როდესაც გადამზიდავისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული პრობლემის შესახებ, მიიღო ყველა ზომა, რათა აღმოეფხვრა ხარვეზი. კომპანიის მიერ მოხდა პლომბებდაზიანებული ვაგონის შემადგენლობიდან ახსნა და მისი შემდგომი გადაადგილების შეჩერება, ასევე საბაჟო სამსახურის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ვაგონში არსებული ტვირთი შენარჩუნდა ყოველგვარი დანაკლისის გარეშე და თავად რკინიგზის თანამშრომელთა შესაბამისი რეაგირების შედეგად თავიდან აცილებულ იქნა ტვირთის სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა განკარგვის რისკი. უდავოა, რომ კომპანიამ თავად გამოიჩინა ინიციატივა, იმოქმედა მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტით და ვაგონის შემადგენლობიდან ახსნის შემდგომ უზრუნველყო ყველა კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შესაბამისი სამსახურების ინფორმირება, რათა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა შეემოწმებინა ტვირთი.
გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე გადამზიდავი პასუხს ვერ აგებს ტვირთგამგზავნის მიერ უხარისხოდ დადებული პლომბების მთლიანობაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხარვეზის აღმოჩენის პირველივე ობიექტური შესაძლებლობისას კომპანიამ მოახდინა კეთილსინდისიერი რეაგირება, გასათვალისწინებელია, რომ სარკინიგზო გადაზიდვისას ვაგონმა შესაძლოა განიცადოს მრავალგვარი ზემოქმედება, მათ შორის საკმაოდ მძლავრი ვიბრაციული რხევები.
აღნიშნულიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თითოეული პლომბის მთლიანობის უზრუნველყოფა ობიექტურად შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში პლომბის დაზიანებას არ მოჰყოლია იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლის დაცვასაც პლომბების დადება ემსახურება, არ მომხდარა ტვირთის უკანონო განკარგვა და შესაბამისად, არ აღმოჩენილა ტვირთის დანაკლისი. მიაჩნია, რომ საჩივრის განხილვისას, შემოსავლების სამსახურმა უნდა შეაფასოს ის ობიექტური მოცემულობა და შესაძლებლობები, რომელიც გადამზიდავს გააჩნია, ყურადსაღებია, რომ ტვირთის განკარგვას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანიას წინასწარ არ შეიძლებოდა სცოდნოდა პლომბის დაზიანების შესახებ, ხოლო როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მყისიერადვე თავად მიიღო ყველა საჭირო ზომა ტვირთის მთლიანობის დასაცავად.
სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ - ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული, რასაკვირველია, არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად, სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, ხოლო, ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი, ცალსახად საგადასახადო სამართალდარღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლზე, პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ ცალსახად უთითებს პირის, სამართალდამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე ან უმოქმედობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ აკისრებს პირს პასუხისმგებლობას. კომპანიის მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხილულ იქნას, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო, საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციასა და წარდგენილ დოკუმენტაციას, გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, კომპანია, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის სახით, შეფარდებული ჯარიმის თანხის გადახდისაგან.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის მფლობელი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა - ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ გამოუკვლევია კონკრეტული ლუქის დაზიანების ფიზიკური მიზეზი. ის გაწყდა ტვირთგამგზავნის მიერ უხარისხო პლომბის გამოყენების, თუ ტრანსპორტირებისას ბუნებრივი ვიბრაციის გამო. პლომბი დაადო არა რკინიგზამ, არამედ ტვირთგამგზავნმა ----- -----. თუ გამგზავნმა გამოიყენა ისეთი პლომბი, რომელმაც ვერ გაუძლო სტანდარტულ სარკინიგზო გადაზიდვას, ამაზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება გადამზიდავს. მართალია, (CMГC) შეთანხმება გადამზიდავს ანიჭებს უფლებას შეამოწმოს პლომბები, მაგრამ ეს არის უფლება და არა აბსოლუტური გარანტიის გაცემის ვალდებულება, მით უმეტეს გზის მსვლელობისას წარმოშობილ ობიექტურ გარემოებებზე. კომპანიას არავითარი შეცდომა არ დაუშვია - პირიქით, კომპანიის თანამშრომლებმა ----- გამოიჩინეს მაქსიმალური ყურადღება, თავად აღმოაჩინეს პლომბის დაზიანება, დაუყოვნებლივ გააჩერეს ვაგონი და თავად გამოიძახეს საბაჟოს წარმომადგენელი, რითაც უზრუნველყვეს ტვირთის სრული ხელშეუხებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა, რომლითაც სჯის გადამზიდავს, რომელიც მაღალი კეთილსინდისიერებით მოქმედებს და თავად იცავს სახელმწიფო საზღვარზე გადასაადგილებელ ტვირთს რისკებისგან, კლავს კანონის პრევენციულ მიზანს და უსამართლოა. განსაკუთრებული შემთხვევებისა და გარემოებების გარდა, კომპანიაზე ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რაზედაც რკინიგზას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის კომპანიის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ, კომპანიის მიმართ, სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა და ასევე, მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტი 05.10.2026 წლის N ----- წერილში მიუთითებს, რომ სს „-----“, როგორც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა საბაჟო ორგანოსთვის და გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო - საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას.
საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ტრანზიტული საქონლით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონზე, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იყო მოხსნილი. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის რაოდენობა თანმხლებ დოკუმენტებს შეესაბამებოდა, მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. ოქმი გასაჩივრდა, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმე გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100 (7); 166 (1 და 2); 163 (11)'.