გადაწყვეტილება №27084/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2026
№ დოკუმენტი 27084/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27084/2/2026

16 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:----------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 4.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27084/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;

2. დღგ-ის ჩათვლაში მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2026 წლის №002-193 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3787 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 123 458,19 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 77 269,92

ჯარიმა - 24 499,75

საურავი - 21 688,52

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პოლიგრაფიული მომსახურება, ბრენდირებით ტანსაცმლის, ჩანთების და ჩასადებების დამზადება.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2026 წლის №002-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში, შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3787 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა საგადასახადო შემოწმებასთან, კერძოდ, წარმოდგენილია საბანკო ცნობები და ამონაწერები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2.12.2022 წელს, საგადასახადო კოდექსის 165-ე და 92-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თარიღი დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ თარიღს და შესაბამისად შესრულებულ გაანგარიშებას. მიაჩნია, რომ გაანგარიშებაში დაშვებულია გარკვეული შეცდომები, რომელიც გავლენას ახდენს დასაბეგრი ბრუნვის დადგენისას. იკვეთება, რომ ერთი და იგივე თანხა დაბეგრილია და ბრუნვაშია ჩართული როგორც გაწერილი ზედნადების კუთხით, ასევე დავალიანების დაფარვის დროს მიღებული შემოსავალი, მაგალითად, 26.12.2024 წელს ჩარიცხულია 1 400 ლარი შპს „---“-სგან (ს/ნ -------), რომელზეც გაწერილია ზედნადები 21.03.2025 წელს იგივე თანხაზე. აუდიტის გაანგარიშებაში ორივე თანხა დაბეგრილია და დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი.

27.08.2024 წელს ავანსად მიღებულია თანხა 7 000 ლარი 2025 წლის --------გან, რომელიც დაბეგრილია გაანგარიშებაში 2024 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო ამავე ორგანიზაციაზე გაწერილია ზედნადები 2024 წლის დეკემბრის თვეში 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოწმების მიერ დაშვებულია ტექნიკური უზუსტობები, რომელიც საჭიროებს ხელახალ შესწავლას. მომჩივანი ითხოვს უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება შემცირების გზით.

 

2. დღგ-ის ჩათვლაში მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები. ადგილობრივ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ის თანხა 10 929 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, დღგის თანხის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ის თანხა 10 929 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის მეწარმის მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებზე განხორციელებულია ჩათვლა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შემოწმების შემდგომ შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ გამოწერილია ფაქტურები, რომელიც უნდა დაექვემდებაროს ასევე ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კეთილსინდისიერების ფარგლებში ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი აპელირებს ტექნიკურ უზუსტობებზე თუმცა, არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;

2. დღგ-ის ჩათვლაში მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში, შემოსავლების სამსახურის №3787 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 92(1); 158(1); 159(1 „ა“); 164(1); 165(პირველი და მე-2); 174(პირველი და მე-2); 176(1 ,,ა“ და „ბ“);