ბრძანება N 9156

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 9156
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9156

19 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 14 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 14 სექტემბრის №83608/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №232-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენიტს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული არაპირდაპირო მეთოდი, ვინაიდან აღნიშნული მეთოდის გამოყენება გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულებების დადგენას, შემმოწმებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის იყენებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პროცესში, არის მართებული და სწორი, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების განსაზღვრის თაობაზე უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლზე და განმარტავს, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ ვერ წარადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ვინაიდან ეს ფაქტები თითოეული პროექტის ჭრილში დასტურდება სახელშეკრულებო პირობებითა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით. სალაროს ჭარბი ნაშთის არსებობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება ანაზღაურდა ნაღდი ანგარიშსწორების წესით. თუმცა, 2020 წლის 14 იანვრის შემოსავლების სამსახურის უფროსის მეთოდური მითითების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ ბრძანების“ დანართი №6-ის შესაბამისად, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად უნდა დაკვალიფიცირდეს გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ მოცემულ ნაწილში დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

3. გადამხდელი ითხოვს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1542 და 2 მარტის №4024 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 20 ივლისის №17706 ბრძანება და ამავე თარიღის №232-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 394 171 ლარი, მათ შორის, გადასახადი 197 588 ლარი, ჯარიმა 149 790 ლარი და საურავი 46 793 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26700 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი აპრილის №21347/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26700 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აპრილის №21347/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში, დამკვეთის მიწის ნაკვეთზე --------- (----------) აშენება დამკვეთისათვის სასურველი დიზაინითა და მოცულობით. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის, ახსნაგანმარტებების, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის. კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებითა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს დეკლარირებულზე მეტი ღირებულებების სამუშაოები დამკვეთებისათვის, რომლის რეალური მოცულობა ვერ დგინდება. გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს და არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის და 136-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები, გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების დანართში არსებული ხარჯთაღრიცხვის მარჟა, რომელიც შემოწმებამ გაავრცელა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ გაწეულ ხარჯებზე და დადგინდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში შესაწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემას, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს და ახსნაგანმარტებებს, რის საფუძველზეც გადამხდელს დებიტორული დავალიანება ერიცხება მხოლოდ ერთ საწარმოსთან. აღნიშნულ საწარმოსთან მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე რაიმე დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც მოახდენდა გავლენას ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრაზე. ხარჯად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რაც შემოწმებისათვის იყო ხელმისაწვდომი შემოწმების მიმდინარეობისას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებითა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამხდელს შესრულებული აქვს დეკლარირებულზე მეტი ღირებულებების სამუშაოები დამკვეთებისათვის, რომლის რეალური მოცულობა ვერ დგინდება. გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს და არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების დანართში არსებული ხარჯთაღრიცხვის მინიმალური მარჟა, რომელიც შემოწმებამ გაავრცელა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ გაწეულ ხარჯებზე და დადგინდა გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ მიუხედავად იმისა კომპანიას არ ჰქონდა მოწესრიგებული აღრიცხვიანობა, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირება სრულად შესაძლებელია არსებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, ბანკის ამონაწერების და გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან დამკვეთებთან ანგარიშსწორება წარმოებდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. აქედან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. ამასთან, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს გარკვეულ გაანგარიშებებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების და ახსნა-განმარტებების მიხედვით, გადამხდელს დებიტორული დავალიანება ერიცხება მხოლოდ ერთ საწარმოსთან, რომელთანაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ წარადგინა კრედიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე რაიმე დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც მოახდენდა ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრაზე გავლენას. ხარჯად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რაც შემოწმებისათვის იყო ხელმისაწვდომი შემოწმების მიმდინარეობისას და დადგინდა ფულის ნაშთის ოდენობა, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების შესაბამისად, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:

ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);

ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქმიანობის ფარგლებში საწარმო იძენს საქონელს/მომსახურებას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისაგან. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმო არ სარგებლობდა კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურებით, შესაბამისად, არ ჰქონდა მოწესრიგებული აღრიცხვიანობა, უფრო მეტიც, შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა, მათ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით საერთო თანხით 82 057 ლარი (485 საგადასახადო ანგარიშფაქტურა), დაუდასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 13 422,64 ლარი (100 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) და სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 1297,16 ლარი (18 სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იყო დადასტურებული და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული. ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებული და ჩათვლილი იქნა ყველა დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც წარმოადგენდა ჩათვლის მიღების საფუძველს.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამასთან, საჩივარზე არ არის თანდართული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.--------) ან სასამართლოში (მის.:----------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

3. გადამხდელი ითხოვს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში, დამკვეთის მიწის ნაკვეთზე ხის სახლების (კოტეჯების) აშენება დამკვეთისათვის სასურველი დიზაინითა და მოცულობით.მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში შესაწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. რის საფუძველზეც გადამხდელს დებიტორული დავალიანება ერიცხება მხოლოდ ერთ საწარმოსთან. აღნიშნულ საწარმოსთან მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

3.შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იყო დადასტურებული და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9);160(ა);161(1):159(1);163(1):101(1);154(1):173(1):174(1):175(1);174(1):176(1);178(დ)